Facebook Twitter

ბს-471-7(ა-07) 20 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

განმცხადებელი – შპს ,,ს.-ის” დირექტორი გ. ნ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 7 მარტს შპს ,,ს.-ის” დირექტორმა გ. ნ.-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინება და თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.

განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული განჩინება უნდა გაუქმედეს, ვინაიდან, როგორც მისთვის გახდა ცნობილი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2004 წლის 2 სექტემბერს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ აღდგენილ იქნა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერია აა-04 ¹003733 და სერია აა-04 ¹001173, რაც ადასტურებს გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის მიერ რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული გარემოება, დასტურდება ასევე, თბილისის საგადასახადო ინსპექციის გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 01.03.2007 წლის ¹693 და 07.03.2007 წლის ¹816 წერილებით.

განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებების თაობაზე საკასაციო სასამართლოსთვის ცნობილი რომ ყოფილიყო თბილისის საგადასახადი ინსპექციის კერძო საჩივრის განხლვისას, საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება და თბილისის საგადასახადო ინსპქეციის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ,,ვ” პუქნტის შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კეტეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და შპს ,,ს.-ის” განცხადების განხილვის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის ¹3ბ/258-05 განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, აპელანტის მიერ გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გაშვების მოტივით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის ჩაბარების ფაქტი, ამ უკანასკნელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.

მიმდინარე წლის 7 მარტს შპს ,,ს.-ის” წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინებაზე საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი შპს ,,ს.-ის” წარმომადგენელი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის ,,ვ” პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საგულისხმოა, რომ ასეთი სახის გარემოებად განმცხადებელი მიუთითებს თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურეობის სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ¹816 და ¹693 წერილებზე, რომელთა საფუძველზეც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სერია აა-04 ¹003733 და სერია აა-04 ¹001173 აღდგენილია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, აღდგენა მოხდა 2002 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით 2004 წლის 2 სექტემბერს. რაც, განმცხადებლის მითითებით, უდავო დასტურია იმისა, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მხრიდან გაშვებულია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული ვადა.

საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლზე და თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურეობის სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების წერილებს მიიჩნევს იმ სახის მტკიცებულებად, რომელთა წარმოდგენაც საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა კერძო საჩივარზე განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ს.-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს.-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 მაისის ¹ბს-155-146(კ-06) განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი განხილულ იქნას მხარეთა დასწრების გარეშე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.