Facebook Twitter

ბ-502-8(ა-07) 27 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

განმცხადებელი – ნ. მ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2007 წლის 13 მარტს ნ. მ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა მათ ოჯახს ჰპირდებოდა ოროთახიანი ფიცრული სახლის აშენებას, რასაც იმ დროისათვის, ე.ი. 2003 წლისათვის, მათი გაანგარიშებით სჭირდებოდა 2500 აშშ დოლარი, მაგრამ 2005 წელს, როცა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოში შეიტანეს განცხადება, იმავე ფართის სახლის სამშენებლო მასალებზე ფასების გაზრდის გამო უკვე ესაჭიროებოდა მეტი თანხა, რაზედაც აჭარის ა/რ მთავრობის აპარატმა აცნობა კიდეც ხელვაჩაურის გამგეობას, შესაბამისი მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დართვით, თანხით 8022 ლარი (აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის 2005 წლის 24 ოქტომბრის მიწერილობა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისადმი). აღნიშნული მიწერილობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მ/წლის 20 თებერვალს. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო იგი წარადგენდა მას სასამართლოში და საკასაციო სასამართლო არ შეამცირებდა მის მოთხოვნილ თანხას - 5000 აშშ დოლარს 2500 აშშ დოლარამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და ნ. მ.-ის განცხადების განხილვის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებელი ნ. მ.-ე საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის ,,ვ” პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საგულისხმოა, რომ ასეთი სახის გარემოებად განმცხადებელი მიიჩნევს აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის მიერ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის გადაგზავნილ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვას.

საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმავე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე”-,,ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე”-,,ვ” ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლების არსებობისას საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. მითითებული გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ აღნიშნულის შესახებ არ იცოდა და 2. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

აღნიშნული მუხლის დათქმის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, წარმოდგენილი ხარჯთააღრიცხვა მიიჩნიოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვინაიდან განმცხადებელი ვერ ასაბუთებს რა მიზეზით ვერ შესძლო მან ზემოაღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენა და ვერ უთითებს მისი ბრალეულობის გამომრიცხავ გარემოებაზე.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა საქმის წარმოების განახლების გამომრიცხავ ზემოაღნიშნულ საფუძველს, მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური წანამძღვრები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე, 430.2 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.