Facebook Twitter

ბ-506-10(ა-08) 24 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ხ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე სარჩელში _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 აპრილს ბ. ხ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა საქმე ¹2/2718-02 ბ. ხ-ე _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე 2002 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 15000 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე 2005 წლის 15 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც პირებად, რომელთა საწინააღმდეგოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება, მითითებულ იქნა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური. მათ სოლიდარულად უნდა აენაზღაურებინათ 15000 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ზემოხსენებული სამსახურები აღარ არსებობდა. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹416 ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური. შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულიKპირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აღნიშნულმა გარემოებამ შეუძლებელი გახადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულება შეიძლებოდა დაწყებულიყო მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მომხდარიყო აღსრულება, კონკრეტულად იყვნენ დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში. ამის გამო, თბილისის სააღსრულებო ბიურომ უარი განუცხადა სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე და დაუბრუნა მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლებოდა გაცემულიყო გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა იყო ნათელი, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდებოდა სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორს, ან მის უფლებამონაცვლე პირს სარჩელი უნდა შეეტანა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მან ხსენებული აქტების საფუძველზე ჩათვალა, რომ უფლებამონაცვლეობა იყო ნათელი, ცალსახა და მიმართა განცხადებით სასამართლოს, რომ განესაზღვრა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალეების უფლებამონაცვლე, რომლის საწინააღმდეგოდაც უნდა მომხდარიყო აღსრულება. აღნიშნულ განცხადებაზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება ხარვეზის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უფლებამონაცვლეების განსაზღვრის შედეგად მოვალეთა უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით, ბ. ხ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმეში ჩაბმულ იქნა მოპასუხედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და გადაწყდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალეების უფლებამონაცვლე პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საწინააღმდეგოდ შემდეგი რეკვიზიტებით: მოვალე _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 14 თებერვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება.

2008 წლის 11 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის ¹ბს-1088-1040(კ-07) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 28 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინება ბ. ხ-ის საქმესთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ამ განცხადების სასამართლოში შემოტანის ვადა დაცულია. ხსენებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ იყო დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგებოდა ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან (24 დეკემბერი, 2007 წელი), რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მხარეებს მიეცათ 14 დღე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად, 14 დღის გასვლის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომლებიც იმავე განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, გამოიწვევდა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის ¹ბს-66-66(კ-08) განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹3ბ/1374-07 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიჩნეულ იქნა ამავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს დავას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსარჩელე ვ. ხ-ისათვის გადასახდელი სახელფასო დავალიანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრების შესახებ და აღნიშნულ საქმეზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიჩნეულ იქნა ამავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, როგორც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, აგრეთვე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ამგვარი კატეგორიის საქმეები. აღნიშნულ საქმეებში მოსარჩელეთა მიერ ხშირ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. არის შემთხვევებიც, როდესაც საქმის განმხილველი მოსამართლენი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, საქმეში მოპასუხე მხარედ რთავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ეს ყველაფერი კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბ. ხ-ის საქმე მეტად მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტები).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის ¹ბს-1088-1040(კ-07) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტსი განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის ¹ბს-1088-1040(კ-07) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის ¹ბს-1088-1040(კ-07) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 14 თებერვლამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან (24 დეკემბერი, 2007 წელი), რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მხარეებს მიეცათ 14 დღე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად, 14 დღის გასვლის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომლებიც იმავე განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, გამოიწვევდა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის ¹ბს-66-66(კ-08) განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹3ბ/1374-07 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიჩნეულ იქნა ამავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ამავე სააგენტოს ჩაჰბარდა 2007 წლის 24 დეკემბერს (ს.ფ. 191).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ჯერ ერთი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის ¹ბს-66-66(კ-08) განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს განჩინებას ან ამ განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიღებას, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რის გამოც დასახელებული განჩინების არსებობა გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინების მიღებაზე და ვერ შეცვლიდა ამ განჩინებას და მეორეც, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრების წარმოდგენა მხარის უფლებაა და არა მისი ვალდებულება, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მისი მოსაზრების გათვალისწინება საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება, ანუ მხარის მოსაზრებას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე საკასაციო სასამართლოსთვის გააჩნია არა ძირითადი და განმსაზღვრელი, არამედ დამხმარე, ფაკულტატური მნიშვნელობა.

გარდა ამისა, განმცხადებელი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს დავას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსარჩელე ვ. ხ-ისათვის გადასახდელი სახელფასო დავალიანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრების შესახებ და აღნიშნულ საქმეზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიჩნეულ იქნა ამავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ამგვარი კატეგორიის საქმეებში მოსარჩელეთა მიერ ხშირ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე არის შემთხვევებიც, როდესაც საქმის განმხილველი მოსამართლენი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, საქმეში მოპასუხე მხარედ რთავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საქმისაგან დამოუკიდებელ, სხვა საქმეებზე პროცესის მონაწილე კონკრეტული სუბიექტის სათანადო მოპასუხედ მიჩნევა გავლენას ვერ მოახდენდა მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების (გადაწყვეტილების) გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერვე სხვა საქმეზე მიღებული განჩინება (გადაწყვეტილება), ასევე ვერ გამოიწვევს საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებას ერთგვაროვან საქმეებზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლა და საკასაციო სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან (განჩინებებისაგან) განსხვავებული გადაწყვეტილების (განჩინების) მიღება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით რეგლამენტირებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები, შესაბამისად _ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, უშუალოდ არის დაკავშირებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასთან, ხოლო ერთგვაროვანი პრაქტიკის ფორმირება მოიცავს მსგავსი დავების განხილვის ერთგვაროვნებას, ანუ მათი არსებითი განხილვის შედეგად ერთგვაროვანი შედეგის მიღებას სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) სახით, ანუ ხსენებული პრაქტიკა საქმის განხილვის შედეგთან ასოცირდება მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის კუთხით, ანუ სასამართლო პრაქტიკას, პირველ რიგში, გააჩნია მატერიალური მნიშვნელობა, ამასთან, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა არ გულისხმობს უშუალოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების, მისი დასაშვებად ან დაუშვებლად მიჩნევის პრაქტიკას, არამედ აღნიშნული პრაქტიკისათვის მთავარია ამა თუ იმ სარჩელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების (განჩინების) მიღების რეალური, მატერიალური შედეგი, რაც წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) რეზულტატს და საბოლოოდ ადგენს მხარეთა უფლება-მოვალეობების მოცულობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეამოწმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგებოდა ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის ¹ბს-1088-1040(კ-07) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის ¹ბს-1088-1040(კ-07) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.