Facebook Twitter

ბ-517-9(ა-07) 19 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. კ-ის განცხადების დასაშვებობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-801-767(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი/მ ,,ნ. კ-ისა" და მესამე პირის _ ნ. კ-ის მიმართ და მოპასუხის არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ი/მ ,,ნ. კ-ე" გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, .... ¹1-ში მდებარე 20,03 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან, გამოსახლების მომენტისთვის იქ მყოფ ყველა პირთან ერთად.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება; ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: მუნიციპალური დაქვემდებარების სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემა) მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის 2003 წლის 3 ივნისის ¹17.6 ოქმი; საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ნ. კ-ს შორის 2003 წლის 10 ივნისს დადებული ¹1391 საიჯარო ხელშეკრულება და 2003 წლის 10 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება ნ. კ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება.

2007 წლის 15 მარტს ნ. კ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-801-767(კ-06) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დოკუმენტების უმეტესობა გაყალბებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო ნ. კ-ის განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსახილველად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, რომლის 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით კი, თავის მხრივ, ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება, ნ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-801-767(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ ეხება საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-801-767(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, რომელსაც უნდა გადაეგზავნოს განსახილველად აღნიშნული განცხადება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-801-767(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.