Facebook Twitter

¹ ბ-773-13(ა-07) 20 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “პ-ას” დირექტორ დ. ნ-ის განცხადების დასაშვებობა საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ნ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და ზ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა კომერციული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა.

სასამართლოს დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა ზ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა კონკურსის შედეგების კანონიერად აღიარება, რათა საშუალება მისცემოდა გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოეხდინა ქონების რეგისტრაცია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,პ-ას" დირექტორ დ. ნ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ 2003 წლის 23 სექტემბერს ჩატარებული კონკურსის შედეგები ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹23-ში მდებარე ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებით; არ დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა შპს ,,პ-ას" დირექტორის სარჩელი და დაკმაყოფილდებოდა მისი დამოუკიდებელი სარჩელი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,პ-ას" დირექტორ დ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკონკურსო კომისიის 2003 წლის 23 სექტემბრის ოქმის მოქმედების შეჩერებისა და სადავო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების აკრძალვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,პ-ას" დირექტორმა დ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს “პ-ას” დირექტორ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.

2007 წლის 19 აპრილს შპს “პ-ას” დირექტორმა დ. ნ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს “პ-ას” დირექტორ დ. ნ-ის განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება განსახილველად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომლის 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,პ-ას" დირექტორ დ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკონკურსო კომისიის 2003 წლის 23 სექტემბრის ოქმის მოქმედების შეჩერებისა და სადავო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების აკრძალვის შესახებ, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, შპს “პ-ას” დირექტორ დ. ნ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ არის საკასაციო სასამართლოს _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განსჯადი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “პ-ას” დირექტორ დ. ნ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რომელსაც უნდა გადაეგზავნოს განსახილველად აღნიშნული განცხადება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “პ-ას” დირექტორ დ. ნ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.