ბ-805-14(ა-07) 18 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ დ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საგარეჯოს რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირი _ თ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მაისის ახალი გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2000 წლის 7 მარტის ¹16 დადგენილება თ. შ-ისთვის 390 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინებით თ. შ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2005 წლის 24 მარტს დ. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინებით დ. გ-ის განცხადება 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და განმცხადებელს მის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა.
2005 წლის 4 მაისს დ. გ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას კვლავ წარუდგინა განცხადება საკასაციო პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიუთითა, რომ სასამართლოს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე უნდა ემსჯელა. განმცხადებლის თქმით, მოწინააღმდეგე მხარეს მისი საკასაციო საჩივრის საწინააღმდეგო არგუმენტები არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში არ წამოუყენებია, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უსაფუძვლობის მტკიცება თავად სასამართლოს მიერ იყო უკანონო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით დ. გ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, ხოლო იმავე თარიღის განჩინებით წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2005 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად საქმეზე გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებდა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც, როგორც თავად განცხადებაშივე განმარტავდა, საკასაციო საჩივარში უკვე აღნიშნული ჰქონდა და, შესაბამისად, ხსენებული საქმის წარმოების განახლების წანამძღვრად ვერ იქნებოდა მიჩნეული.
დ. გ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე იმავე სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა და მიუთითა, რომ სასამართლოებს მის კანონიერ მოთხოვნაზე არც ერთ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელიათ. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა მოტივირებული არგუმენტებით არ უარუყვიათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებით წარმოდგენილი კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადი იყო, დ. გ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა საკასაციო საჩივრად და არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინება.
2007 წლის 15 მარტს დ. გ-მა ფოსტით გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ აღნიშნული პალატის მოსამართლეებს _ მ. ვ-სა და ნ. ქ-ს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, არ ჰქონდათ უფლება, მიეღოთ დასახელებული განჩინება, რადგან ისინი მონაწილეობდნენ იმავე პალატის 2005 წლის 9 მარტისა და 1 ივნისის სხვა განჩინებების მიღებაში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, მათი თვითაცილების საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად, არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების ბათილად ცნობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული საფუძვლის არსებობა, ანუ ის გარემოება, რომ მოსამართლეები _ მ. ვ-ე და ნ. ქ-ე მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების მიღებაში, მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 12 თებერვალს, ხოლო ხსენებული განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანა იმავე წლის 13 მარტს, რის გამოც არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით დ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა დ. გ-ის მოსაზრება, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა, ანუ ის გარემოება, რომ მოსამართლეები _ მ. ვ-ე და ნ. ქ-ე მონაწილეობდნენ ხსენებული განჩინების მიღებაში, მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 12 თებერვალს, ხოლო ხსენებული განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანა იმავე წლის 13 მარტს (29 დღეში), ამიტომ არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც დ. გ-ის განცხადებაზე დართული საფოსტო კონვერტიდან ირკვეოდა, მან აღნიშნული განცხადება უზენაეს სასამართლოში ფოსტით გაგზავნა 2007 წლის 15 მარტს, კერძოდ, დასახელებულ კონვერტზე ხსენებული განცხადების გურჯაანის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღად მითითებული იყო სწორედ 2007 წლის 15 მარტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-მა დაარღვია გადაწყვეტილების (განჩინება) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან, როგორც თვითონვე მიუთითებდა აღნიშნულ განცხადებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა, ანუ ის გარემოება, რომ მოსამართლეები _ მ. ვ-ე და ნ. ქ-ე მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების მიღებაში, მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 12 თებერვალს, ხოლო დასახელებული განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება დ. გ-მა გურჯაანის ფოსტას ჩააბარა იმავე წლის 15 მარტს, მაშინ, როდესაც აღნიშნული განცხადების შეტანის ვადა მისთვის ამოიწურა 2007 წლის 13 მარტს.
2007 წლის 25 აპრილს დ. გ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამასთან, დ. გ-მა ხსენებულ განცხადებას დაურთო შპს “საქართველოს ფოსტის” ქვითრების ქსეროასლი.
განმცხადებელი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა საკასაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ დ. გ-მა დაარღვია გადაწყვეტილების (განჩინება) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
განმცხადებლის განმარტებით, მან ზემოხსენებული განცხადება 2007 წლის 13 მარტს ჩააბარა გურჯაანის რაიონის სოფელ ...ის ფოსტას და არა გურჯაანის რაიონის ფოსტას 2007 წლის 15 მარტს. 2007 წლის 12 თებერვლიდან 13 მარტამდე არ იყო გასული 30 კალენდარული დღე, რის გამოც დ. გ-ს გადაწყვეტილების (განჩინება) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია. აღნიშნულის დასტურად ზემოხსენებულ განცხადებას დ. გ-მა ¹433 გზავნილზე გაცემული შპს “საქართველოს ფოსტის” ქვითრის ქსეროასლი დაურთო ...ის ფოსტის შტამპით, ხსენებული გზავნილის აღნიშნულ ფოსტაში 2007 წლის 13 მარტს ჩაბარების შესახებ.
განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ ...ის ფოსტაში ჩაბარებული გზავნილი გაიგზავნა გურჯაანის ფოსტაში. ხსენებული ფოსტის თანამშრომელმა კი დაარღვია კორესპონდენციის გაგზავნის წესი, კერძოდ, უკანონოდ გახსნა მისი კონვერტი, რომელსაც ერტყა ...ის ფოსტის შტამპი და კონვერტზე მითითებული მისამართი შევსებული იყო პირადად განმცხადებლის მიერ, ხსენებული კონვერტიდან ამოიღო შესაბამისი კორესპონდენცია, თვითონ შეავსო ახალი კონვერტი, რომელსაც დაარტყა გურჯაანის ფოსტის 2007 წლის 15 მარტის შტამპი და გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. გ-მა მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია გადაწყვეტილების (განჩინება) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რის გამოც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის ¹ბ-552-10(ბ-07) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით დ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდა წარმოება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დ. გ-ის განცხადების განხილვა დაინიშნა 2007 წლის 18 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დ. გ-ის განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დ. გ-ის მოსაზრებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლეებს _ მ. ვ-სა და ნ. ქ-ს უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საკასაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ანუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაცული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით და არა _ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რასაც არეგულირებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. გ-მა თავის განცხადებაში ვერ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ ვერც ერთ გარემოებაზე, რაც, სამართლებრივად, მოსამართლეების _ მ. ვ-სა და ნ. ქ-ის საქმის განხილვიდან აცილების ან თვითაცილების საფუძველი გახდებოდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინების მიღებაში მონაწილე მოსამართლეებს _ მ. ვ-სა და ნ. ქ-ს, კანონის თანახმად, უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმის განხილვაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის ¹ბს-692-659(გ-06) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.