Facebook Twitter

¹ბს-1173-20(ა-06) 11 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თ-ი (მოსარჩელე პ. თ-ის უფლებამონაცვლე)

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 13 აგვისტოს პ. თ-მა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების, მორალური ზიანის სახით _ 5000 ლარის დაკისრების თაობაზე და მიუთითა შემდეგზე:

მოსარჩელე 1980 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2001 წლის 9 ოქტომბრიდან იგი აღნიშნული სამინისტროს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დეპარტამენტის კვების მრეწველობის განვითარების სამმართველოში ..... მოვალეობას ასრულებდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის ¹53-კ ბრძანების საფუძველზე პ. თ-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მისი გათავისუფლების პირობად ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 108-ე და შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლები იყო მითითებული, რომელთა თანახმადაც მუშაკის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო მისი წინასწარი გაფრთხილებით და პროფესიულ კავშირებთან შეთანხმების საფუძველზე.

მოსარჩელე აქვე აღნიშნავდა, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის მე-14, 35-ე და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების მე-14 მუხლების თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამონაცვლე იყო, ამასთან, აღნიშნული სამინისტროს ცენტრალური აპარატის 189 საშტატო ერთეული უცვლელად დარჩა.

მოსარჩელემ საბოლოოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2004 წლის 14 ივლისის ¹53 ბრძანების ბათილად ცნობა, ამავე სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის სასურსათო პროდუქციის სამმართველოს ..... თანამდებობაზე აღდგენა და 2004 წლის 1 იანვრიდან მიუღებელი პრემიის _ 246 ლარის, მორალური ზიანისათვის კომპენსაციის _ 5000 ლარის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

პ. თ-მა მოგვიანებით სარჩელი დააზუსტა მორალური ზიანის ნაწილში და 5000 ლარის ნაცვლად 500 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით პ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იყო სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მან გაფრთხილების ფურცელზე ხელმოწერის თაობაზე უარი განაცხადა. პ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა. მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ორგანიზაციის ლიკვიდაცია, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96.1 მუხლის თანახმად, მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენდა.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა მიღებული კუთვნილი სახელფასო თანხა. სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული პრემიის ნაცვლად, 2004 წლის 17 სექტემბრის ¹2-183 ბრძანებით, წინა ბრძანებაში ცვლილებები შევიდა და სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზე გაიცა დახმარება თანამდებობრივი სარგოს ექვსმაგი ოდენობით, რაც მხოლოდ მოქმედმა თანამშრომლებმა მიიღეს.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზეც.

პ. თ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა დამატებით აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იგი წინასწარი გაფრთხილებიდან სამთვენახევრის გასვლის შემდეგ გაათავისუფლა, რითაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე, 97-ე და 108-ე მუხლები დაარღვია. პ. თ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის ახალი გადაწყვეტილებით პ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის ¹53-კ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის სასურსათო პროდუქციის სამმართველოს ..... თანამდებობაზე, ამასთან, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა პ. თ-ვის 2004 წლის 1 იანვრიდან ექვსი თვის გაუცემელი პრემიის _ 246 ლარის ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით პ. თ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სადავო 2004 წლის ¹53 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის, 6 თვის გაუცემელი პრემიისა და სახელმწიფო ბაჟის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და მიუთითა შემდეგზე:

სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული პრაქტიკისაგან. განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომლებმაც საქმის შედეგზე იმოქმედა.

აგრეთვე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ კასატორის მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნა საჩივრის 1 თვის ვადაში წარდგენის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ კასატორს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2006 წლის 2 მაისს ჩაჰბარდა, ხოლო საჩივარი 5 ივნისს იქნა წარდგენილი, მაშინ, როცა 2 ივნისი, საპროცესო ვადის ბოლო დღე, სამუშაო დღეს წარმოადგენდა. საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შემდგომ, სააღსრულებო ფურცელი იქნა გამოწერილი.

2006 წლის 26 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მას გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2006 წლის 3 მაისს ჩაჰბარდა, რაც დაფიქსირდა შესაბამისი სამსახურის მიერ, დადასტურდა კანცელარიის ბეჭდით და შემსრულებლის მითითებით, იმავე დღეს გატარდა სარეგისტრაციო ბარათსა და ჟურნალში, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 3 ივნისს დასრულდა, მაგრამ, ვინაიდან 3 ივნისი იყო შაბათი, ანუ არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, დასახელებული ვადის დამთავრების დღე იყო 2006 წლის 5 ივნისი და მანაც საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა ორშაბათს, 5 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, არსებობს საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივარზე წარმოების განახლების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

2006 წლის 11 სექტემბერს, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოსარჩელე პ. თ-ის გარდაცვალების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, პ. თ-ის გარდაცვალების გამო, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში, პ. თ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, იმავე განცხადებაზე საქმის წარმოება შეჩერდა; მხარეებს განემარტათ, რომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ შეიძლებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებაში მიეთითა, რომ 2006 წლის 13 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პ. თ-ის შვილმა _ ქ. თ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა და წარადგინა 2006 წლის 12 ივლისის სამკვიდრო მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, პ. თ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი _ ქ. თ-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დადგენილ იქნა, რომ პ. თ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ ქონებაზე, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხაზე, მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი _ ქ. თ-ი. ამასთან, დაკმაყოფილდა ქ. თ-ის შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოსთვის სააღსრულებო ფურცლის გასაცემად გადაგზავნილი საქმე დაუბრუნდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით პ. თ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თ-ი; განახლდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და პრემიის თანხის ანაზღაურების ნაწილში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების საქმის წარმოება; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების განხილვა დაინიშნა 2007 წლის 11 აპრილს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

მოცემული საქმის მასალებიდან, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გზავნილზე დასმული იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შტამპიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოსტის მეშვეობით 2006 წლის 26 აპრილს გაეგზავნა (ს.ფ. 286). აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის შემცველი საფოსტო გზავნილის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ჩაბარების შესახებ საქართველოს ფოსტის შეტყობინებით (ს.ფ. 287) დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაჰბარდა 2006 წლის 2 მაისს. ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს აღნიშნულ შეტყობინებაზე, როგორც წარწერა, ისე მასზე დასმული ფოსტის მრგვალ ბეჭედზე მითითებული თარიღი _ 2005 წლის 2 მაისი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მტკიცებას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2006 წლის 3 მაისს ჩაჰბარდა, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 3 ივნისს დასრულდა, მაგრამ, ვინაიდან 3 ივნისი იყო შაბათი, ანუ არასამუშაო დღე, დასახელებული ვადის დამთავრების დღეს _ 2006 წლის 5 ივნისს წარადგინა საკასაციო საჩივარი სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განცხადებას დანართის სახით დაურთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გზავნილი, მასზე დასმული აღნიშნული სამინისტროს შტამპით, რომელზეც მითითებულია თარიღი _ 2006 წლის 3 მაისი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზემოთ დასახელებულ შტამპზე მითითებული თარიღი _ 2006 წლის 3 მაისი ვერ ჩაითვლება აღნიშნული სამინისტროსათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღად, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების ასლის შემცველი გზავნილი მას ფოსტით გაეგზავნა და იგი მისთვის ხელზე არ ჩაუბარებიათ, რადგან ასეთ შემთხვევაში, იგი მას ჩაჰბარდებოდა იმავე დღეს _ 2006 წლის 26 აპრილს და დასახელებულ გზავნილზე დასმულ შტამპზე მითითებული თარიღიც ჩაითვლებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჩაბარების თარიღად. ამდენად, განმცხადებლის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტამპზე დასმულ თარიღზე მითითება კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დაადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.