ბს-1498-1073(ა-05) 7 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ო-ისა და ზ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 მარტის ¹ბს-499-428-კ-04 განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 13 ნოემბერს ლ. ო-მა და ზ. კ-ემ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 მარტის ¹ბს-499-428-კ-04 განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
განმცხადებლები განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ 2006 წლის 18 ოქტომბერს მათ მიერ მოძიებულ იქნა დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ე-ის" ¹45 ცნობით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარის გ. მ-ის კომლი მიეკუთვნება II კატეგორიას. მართალია, იგი სოფლად ცხოვრობდა, მაგრამ დასაქმებული არ ყოფილა სოფლის მეურნეობაში. აღნიშნულს ადასტურებს სოფელ ......... თემის საკრებულოს 2006 წლის 18 ოქტომბრის ცნობაც, ხოლო მისი მეუღლე მოქალაქე ლ. მ-ი, იგივე ი. ხ-ი სოფლის საკრებულოს დამატებით სიებში აღრიცხულია ერთ სულად, როგორც ლტოლვილი ქ. ცხინვალიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 1 მარტის განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ გ. მ-ი და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე ლ. მ-ი) დასაქმებულნი იყვნენ სოფლის მეურნეობაში. სწორედ აღნიშნულ გარემოებას დაეყრდნო სასამართლოც განჩინების გამოტანისას.
მათ მიერ აღმოჩენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გ. მ-ი და მისი მეუღლე ლ. მ-ი, მართალია, ცხოვრობდნენ სოფელ ........-ში, მაგრამ მეურნეობაში დასაქმებულები არ იყვნენ. განმცხადებლების განმარტებით, სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე მიღებული იქნებოდა არსებითად სხვა გადაწყვეტილება, რის გამოც განმცხადებლები ითხოვდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 მარტის ¹ბს-499-428-კ-04 განჩინების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ო-ისა და ზ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.
ამდენად, აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომლებზეც წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით.
როგორც წინამდებარე საქმეში დაცული მასალებიდან იკვეთება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება. ამდენად, ზემოაღნიშნულ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო.
იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, ხოლო უზენაესმა სასამართლომ განჩინება დატოვა უცვლელად, რაც საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებზე დაყრდნობით, აძლევს საფუძველს, განცხადება განსჯადობით დაუქვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ო-ისა და ზ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.