¹ბს-1-1(ბ-07) 17 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ დ. გ-ი
განცხადების საგანი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად /იხ.ს.ფ. 359-365/.
2007 წლის 3 იანვარს დ. გ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებლის მოსაზრებით, სასამართლო შემადგენლობის მოსამართლე ნ. წ-ეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლების საფუძველზე მონაწილეობა არ უნდა მიეღო 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების გამოტანაში და განეცხადებინა აცილება, რამდენადაც 2005 წლის 2 ივნისს იმავე მოსამართლემ განიხილა მისი კერძო საჩივარი. შესაბამისად, განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება გამოტანილია არაკანონიერი შემადგენლობის მიერ. ამასთან, დ. გ-ი მიწვეული არ იყო საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა, განცხადებინა აცილება მოსამართლისათვის, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე დაინტერესებული იყო საქმის განხილვის შედეგით.
განმცხადებელს მიაჩნია, რომ ასევე არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებას საფუძვლად დაედო მოსამართლე ნ. ქ-ის მიერ საქმის წარმოების აცილების საკითხი, კერძოდ, დ. გ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. ქ-ის აცილება საქმის წარმოებისგან, რაც დაკმაყოფილდა, მაგრამ ამავე განცხადებაში მის მიერ მითითებულ იქნა სხვა მოტივებზე, რაზეც საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, დ. გ-ის განცხადების _ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში დ. გ-ი საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე _ ნ. წ-ეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მონაწილეობა არ უნდა მიეღო 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების გამოტანაში და განეცხადებინა აცილება, რამდენადაც 2005 წლის 2 ივნისს განიხილა მისი კერძო საჩივარი. შესაბამისად, განმცხადებლის მითითებით საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება გამოტანილია არაკანონიერი შემადგენლობის მიერ.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა, რაც გულისხმობს, რომ ერთი და იგივე მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთი და იმავე საქმის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, რაც თავისთავად გამომდინარეობს მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლოს პრინციპიდან. შესაბამისად, ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინების გამოტანისას მონაწილეობდა მოსამართლე (ნ. წ-ე), რომელმაც განიხილა საკასაციო სასამართლოში დ. გ-ის კერძო საჩივარი 2005 წლის 2 ივნისს, არ წარმოადგენს საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების საფუძველს, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში არ მოქმედებს სსსკ-ის 29-ე მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოს (მოსამართლის) განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის პრინციპი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 32-ე მუხლის საფუძველზე მოსამართლეს უნდა განეცხადებინა თვითაცილება, რამდენადაც აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ თვითაცილების საფუძვლების არსებობისას სასამართლო (მოსამართლე) განაცხადებს თვითაცილებას, რაზეც გამოაქვს მოტივირებული განჩინება თვითაცილების საფუძვლის მითითებით, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა რა საქმის წარმოებისაგან მოსამართლის აცილების საფუძველი, შესაბამისად სახეზე არ იყო მოსამართლის მიერ სსსკ-ის 32-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლოს სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია განმცხადებლის მითითება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლის აცილების საფუძვლის არსებობის თაობაზე, რამდენადაც მითითებული ნორმით დადგენილია მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობა იმ საქმის განხილვისას, რომელ საქმესთანაც დაკავშირებით ის ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულ შეუსაბამობაშია განცხადების მოტივებთან.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მითითებით, ის მიწვეული არ იყო საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა, განეცხადებინა აცილება მოსამართლისათვის, რაც გამცხადებლის მოსაზრებით, მიუთითებს, რომ მოსამართლე დაინტერესებულია საქმის განხილვის შედეგით.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 422.1. მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობა სახეზეა, როცა მოსამართლე ამ საქმის განხილვაში (ამ შემთხვევაში იგულისხმება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები) ან, რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილების საფუძველი მიიღო სასამართლომ, ან რომელიც დროებით ჩამოცილებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, ან არ არის ამ კოლეგიურ შემადგენლობაში და ის არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექის 31-ე მუხლი შეიცავს იმ ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაში მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. მითითებული მუხლის დ) პუნქტის თანახმად, /რომელზედაც აპელირებს მხარე/ მოსამართლემ არ შეძილება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში თუ იგი პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის განხილვის შედეგით, ან თუ არის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით /რომლის ბათილად ცნობასაც მოითხოვს განმცხადებელი/ განხილულ იქნა დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, კერძოდ, მისი შესაბამისობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვეობის წინაპირობებთან და საკასაციო სასამართლომ მიიჩნია რა, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის მოთხოვნებს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.3. მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით, სასამართლო კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას მხარის ინფორმირება სასამართლო სხდომის თაობაზე ან მისი მოწვევა საქმის განხილვაში საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასამართლოს ვალდებულებას არ წარმოადგენს და აღნიშნული სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს განეკუთვნება, ანუ სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. იმ პირობებშიც, კი თუ მხარე არ არის მოწვეული სასამართლო სხდომაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, მხარე არ არის შეზღუდული მოსამართლის აცილების საკითხი აღძრას წერილობითი შუამდგომლობის სახით, ნაცვლად სხდომაზე ზეპირი სახით მისი გაცხადებისა, ხოლო ამგვარი აცილების განცხადება დ. გ-ის მიერ სასამართლოში წერილობითი ფორმით აღძრული არ ყოფილა, აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ ასევე არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებას საფუძვლად დაედო მოსამართლე ნ. ქ-ის მიერ საქმის წარმოების აცილების საკითხი, კერძოდ, დ. გ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. ქ-ის აცილება საქმის წარმოებისგან, რაც დაკმაყოფილდა, მაგრამ ამავე განცხადებაში მის მიერ მითითებულ იქნა სხვა მოტივებზე, რაზეც საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1. მუხლით რეგლამენტირებულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მითითებული ნორმის “ვ” პუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს: თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ არ არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. გ-ის განცხადება უსაფუძვლობის გამო არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც განცხადებაში მითითებული გარემოება არ პასუხობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების და განჩინების ბათილად ცნობის პროცესუალურ საფუძვლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 39.1.”ვ”, 390-ე, 399-ე, 408.3, 421-430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. დ. გ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.