ბ-155-07(ბ-08) 23 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებაზე ი. ღ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით ი. ღ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), რაც შეიძლებოდა საკასაციო წესით გასაჩივრებას დაქვემდებარებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საკასაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით არ პასუხობდა არც კერძო საჩივრის მოთხოვნებს, გასაჩივრებულ განჩინებაზე კი არც კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა.
2008 წლის 14 თებერვალს ი. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით ი. ღ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განუხილველი დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამავე პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2008 წლის 8 მაისს ი. ღ-მა ფოსტის მეშვეობით კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მისი განცხადების განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ხსენებული მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, ხოლო თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ი. ღ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ და თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, მაგრამ აღნიშნული საპროცესო ნორმა ვრცელდება მხოლოდ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების და არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მიღებულ განჩინებებზე, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის, როგორც საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინებები და გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება, რაც მითითებულია კიდეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ისევე, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს განჩინებებსა და გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენას და შესაბამისად, ასეთი კერძო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად დარჩეს ი. ღ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.