Facebook Twitter
¹ბ-2255-26(ბ-07) 26 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი



საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი _ ა. ხ.-ა

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინება

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 31 მაისს ა. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის თებერვლიდან მისთვის პენსიის 3000 ლარის ოდენობით ყოველთვიურად გაცემის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის დავალება, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის მისი კუთვნილი 3000 ლარის ოდენობით პენსიასა და ფაქტობრივად გაცემულ თანხებს შორის, მათ შორის, უკანონოდ დაქვითულ თანხებს შორის განსხვავების გაანგარიშება და მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, აგრეთვე, მომავალში სამისდღეშიოდ, მისი საპენსიო უზრუნველყოფის განხორციელების მოპასუხისთვის დავალება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელფასის მატების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ხ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ა. ხ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც ა. ხ.-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ხ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 ოქტომბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინებით ა. ხ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
2007 წლის 9 ნოემბერს ა. ხ.-მ ფოსტის მეშვეობით შეიტანა განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში და განმარტა, რომ 2007 წლის 17 ოქტომბერს ფოსტით მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ასლი, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამდენად, 2007 წლის 17 ოქტომბერს განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებაში მონაწილეობდა მოსამართლე ნ. ს.-ე, რომელსაც, განმცხადებლის მოსაზრებით, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ზემოაღნიშნული განჩინების მიღებაში. ამასთან, ა. ხ.-სათვის ცნობილი არ იყო მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებაში მონაწილე მოსამართლეების ვინაობა, ხოლო სასამართლოს შემადგენლობა რომ სცოდნოდა, აცილებას მისცემდა მოსამართლე ნ. ს.-ს. განმცხადებლის განმარტებით, დაირღვა მისი უფლება, აცილება განეცხადებინა იმ მოსამართლისთვის, რომელსაც უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მის საკასაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის განხილვაში.
განმცხადებლის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე ნ. ს.-ე ვალდებული იყო განეცხადებინა თვითაცილება, რადგან იგი პირდაპირ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით, რაც იმავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი აცილების (თვითაცილების) უდავო საფუძველი იყო. 2006 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე და მომხსენებელი _ ნ. წ.-ე, მოსამართლეები: ლ. ლ.-ი, ნ. ს.-ე) მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ხ.-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, დადგინდა, რომ «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ» საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონის 24-ე მუხლის ,,ლ» ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად, 2000 წლის 4 მაისს მისთვის სამისდღეშიოდ დანიშნული პენსია ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, უნდა მისცემოდა მიუხედავად იმისა, თუ რა ცვლილებები იქნებოდა შეტანილი აღნიშნული კანონის 36-ე მუხლში და ხსენებულ ფონდს დაევალა გადაეანგარიშებინა მისი პენსია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების შესაბამისად (აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულდა). მისი სარჩელის ის ნაწილი, რომლითაც იგი ითხოვდა 2006 წლის 1 იანვრიდან პენსიის გაცემას, აღნიშნული დროიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის დანიშნული პენსიის _ 3000 ლარის ოდენობით, საკასაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა იმის გამო, რომ ზემოაღნიშნულმა ფონდმა 2006 წლის იანვრის პენსია უკვე გასცა 3000 ლარის ოდენობით და ა. ხ.-ას საკასაციო საჩივრის განხილვის დროს მისი პენსიის ოდენობა იმ პერიოდისათვის (2006 წლის 1 იანვრიდან) დავის საგანს აღარ წარმოადგენდა.
განმცხადებლის განმარტებით, მოსამართლე ნ. ს.-ე არ დაეთანხმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებას მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში, დარჩა განსხვავებულ აზრზე და მიუთითა, რომ საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით «საქართევლოს უზენაესი სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას, ენიშნებოდა კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლი, იმავე კანონის მე-71 მუხლის შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება პენსიის მიმღებ ყველა მოსამართლეზე პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად. ამდენად, მოსამართლე ნ. ს.-მ წინასწარ გამოთქვა თავისი აზრი იმ საკითხზე, რომელიც საკასაციო პალატამ არ განიხილა დავის საგნის არარსებობის გამო. აღნიშნული საკითხი სადავო გახდა 2006 წლის თებერვლის ბოლოდან, როცა აღმოჩნდა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა პენსია გასცა სწორედ იმ კანონის შესაბამისად, რომელსაც ა. ხ.-ა სადავოდ ხდიდა მის საკასაციო საჩივარში და რომელზეც საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ მიიღო იმ დროისათვის დავის საგნის არარსებობის გამო. 2006 წლის თებერვლის თვიდან მისი პენსიის სამისდღეშიოდ, ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად გაცემის თაობაზე მან სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2006 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ნ. ს.-ის ზემოხსენებული განსხვავებული აზრის საფუძველზე, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომაც. ასეთ პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნ. ს.-ს არ გააჩნდა უფლება, მონაწილეობა მიეღო მისი საქმის განხილვაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება და მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება ზეპირი განხილვით _ მხარეთა მონაწილეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ა. ხ.-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 26 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ხ.-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს _ ნ. ს.-ს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის მტკიცებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნ. ს.-ე პირდაპირ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მისი აცილების (თვითაცილების) უდავო საფუძველს. განმცხადებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2006 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე და მომხსენებელი _ ნ. წ.-ე, მოსამართლეები: ლ. ლ.-ი, ნ. ს.-ე) მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ხ.-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, ხოლო მოსამართლე ნ. ს.-ე არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დარჩა განსხვავებულ აზრზე, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნ. ს.-ს არ გააჩნდა უფლება, მონაწილეობა მიეღო ¹ბს-683-651(კ-07) საქმის განხილვაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნას განმცხადებელი მთლიანად აფუძნებს საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლის _ ნ. ს.-ის საქმის შედეგით დაინტერესებაზე, თუმცა იგი ვერ მიუთითებს საქმის შედეგით ნ. ს.-ის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესების დამადასტურებელ რაიმე რეალურ გარემოებაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეიძლებოდა გამხდარიყო მოსამართლე ნ. ს.-ის აცილების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ მოსამართლე ნ. ს.-მ ჩამოაყალიბა განსხვავებული აზრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე, არ წარმოადგენდა მისი აცილების საფუძველს ¹ბს-683-651(კ-07) საქმეზე 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინების მიღებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობას, რის გამოც ა. ხ.-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ხ.-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹ბს-683-651(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.