Facebook Twitter

¹ბ-2415-28(ბ-07) 21 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი _ შპს “ტ-ა”

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინება

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინებით განუხილველი დარჩა კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივარი.

როგორც საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინებაში მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილს _ ხსენებულ საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორ შპს “ტ-ას” დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის (დავის საგნის 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა) გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ ზემოხსენებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი იყვნენ, ეცნობებინათ სასამართლოსთვის საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნებოდა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, იმის მიუხედავად ადრესატი ამ მისამართზე ცხოვრობდა თუ არა. იმავე განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-თვის” ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურზე მითითებული იყო, რომ კასატორი გადასული იყო საკასაციო საჩივარში მითითებული მისამართიდან. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვალდებული იყო, სასამართლოსათვის ეცნობებინა თავისი მისამართის შეცვლის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, ზემოხსენებული განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2007 წლის 9 ოქტომბერს და შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 23 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ყოფილ კონცერნ “ა-ის” წარმომადგენელ ი. კ-თვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვეოდა, მას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 3 ოქტომბერს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ას” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და აღნიშნული გარემოება კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

2007 წლის 30 ნოემბერს შპს “ტ-ის” დირექტორმა ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდა სახელმწიფო საწარმო “ა-ის” რეორგანიზაცია და იგი მიუერთდა შპს “ტ-ას”, რომელიც გახდა სახელმწიფო საწარმო “ა-ის” სამართალმემკვიდრე და პროცესუალურადაც _ მოსარჩელე სახელმწიფო საწარმო “ა-ის” უფლებამონაცვლე. შესაბამისად, შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივარი, საქმეში უფლებამონაცვლედ მისი ჩართვის თაობაზე შუამდგომლობასთან ერთად, წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. ვინაიდან, შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივარს თან არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით იგი მიიჩნია ხარვეზიანად და შპს “ტ-ას” ხარვეზის გამოსასწორებლად დაუწესა 14-დღიანი ვადა იმავე განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

განმცხადებლის მტკიცებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია შპს “ტ-ას”, იგი არ ჩაჰბარებია არც სახელმწიფო კონცერნ “ა-ის” იმდროინდელ წარმომადგენელ ი. კ-ეს. შესაბამისად, კასატორისთვის არ იყო ცნობილი ხარვეზის არსებობისა და მისი შევსების ვადის შესახებ. მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 1 ნოემბერს მიიღო განჩინება შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე: ხარვეზის შესახებ 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სახალხო ფოსტის მეშვეობით და საფოსტო გზავნილიდან ირკვეოდა, რომ კურიერი ქ. ბათუმში, ...... ქუჩა ¹4-ში იმყოფებოდა 2007 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა მან უწყება მხარეს ვერ ჩააბარა იმ მოტივით, რომ ამ მისამართზე მხარე აღარ იმყოფებოდა.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ მის განცხადებას თან ერთვის სახალხო ფოსტის საფოსტო სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 ნოემბრის ¹90/07 და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის 2007 წლის 20 ნოემბრის ¹01-22/3807 კორესპონდენციები, რომლებიც ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ შპს “ტ-ას" არ შეუცვლია ადგილსამყოფელი, იგი კვლავ ქ. ბათუმში, ..... ქუჩა ¹4-ში მდებარეობს და შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა. ის ფაქტი, რომ შპს “ტ-ა" ქ. ბათუმში, ..... ქუჩა ¹4-ში ამჟამადაც იმყოფება, დასტურდება იმითაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინება მას ჩაჰბარდა ქ. ბათუმში, ..... ქუჩის ¹4-ში.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ, რაც შეეხება ი. კ-თვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების 2007 წლის 3 ოქტომბერს ჩაბარების ფაქტს, ი. კ-ე შპს “ტ-ის” წარმომადგენელი არ არის. განმცხადებლის განმარტებით, ამდენად, ცხადია ის გარემოება, რომ მას, როგორც მხარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით არ ჩაჰბარებია და რომ ჩაჰბარებოდა, აუცილებლად შეავსებდა ხარვეზს, რაც გამორიცხავდა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 19 ნოემბერს და ამდენად, მის მიერ დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ამ განცხადების წარდგენისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე შპს “ტ-ის” განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 21 თებერვალს, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და შპს “ტ-ის” განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი სასამართლო შეტყობინებასა და დაბარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უწყების ჩაბარებასთან მიმართებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით (სასამართლო შეტყობინება და დაბარება) გათვალისწინებული წესები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე (2007 წლის 28 დეკემბრამდე არსებული რედაქცია), რომლის შესაბამისად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარებოდა მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. იმავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებელ შპს “ტ-ის” მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას, როგორც მხარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით არ ჩაჰბარებია, იგი არ ჩაჰბარებია არც სახელმწიფო კონცერნ “ა-ის" იმდროინდელ წარმომადგენელ ი. კ-ეს, რომელიც შპს “ტ-ის" წარმომადგენელი არ არის.

საკასაციო სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება კონცერნ “ა-ის” უფლებამონაცვლე შპს “ტ-ას” ჩაბარებულად ეთვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რადგან საქმის მასალებში მოიპოვება საფოსტო შეტყობინების ბარათი, რომელზეც კურიერის მიერ გაკეთებულია მინაწერი, რომ საფოსტო გზავნილის ადრესატი _ შპს “ტ-ა” გადასულია აღნიშნული მისამართიდან _ ქ. ბათუმი, ..... ქ. ¹4-დან (ს.ფ. 186).

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინებაში მართებულად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვალდებული იყო, სასამართლოსათვის ეცნობებინა თავისი მისამართის შეცვლის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, ზემოხსენებული განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2007 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ყოფილ კონცერნ “ა-ის” წარმომადგენელ ირაკლი კვერღილაძისათვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვეოდა, მას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 3 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელი შპს “ტ-ა” ვერ ასაბუთებს თავის განცხადებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. განმცხადებელი ვერ ამტკიცებს, რომ მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, ასევე, რომ იგი არ ჩაჰბარებია არც სახელმწიფო კონცერნ “ა-ის" იმდროინდელ წარმომადგენელ ი. კ-ეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელ შპს “ტ-ის” მიერ თავისი განცხადების დასასაბუთებლად წარმოდგენილი მტკიცებულებით _ სახალხო ფოსტის საფოსტო სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 ნოემბრის ¹90/07 წერილით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹4-ში 2007 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოდან იმავე წლის 26 სექტემბერს გაგზავნილი შეკვეთილი წერილის ჩასაბარებლად მიტანისას კურიერს განუმარტეს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია გადასული იყო სხვა მისამართზე. ამდენად, აღნიშნული წერილითაც დასტურდება, რომ 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინების მიღებისას საკასაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლოს ასევე უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობის (ს.ფ. 70) მიხედვით, რომელიც გაცემულ იქნა 2007 წლის 19 თებერვალს სახელმწიფო კონცერნ “ა-ის” პრეზიდენტის მიერ ი. კ-ის სახელზე სამი წლის ვადით, ი. კ-ეს ნამდვილად გააჩნდა სახელმწიფო კონცერნ “ა-ის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება, ხოლო ამავე საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შპს “ტ-ამ”, როგორც რეორგანიზებული სახელმწიფო საწარმო “ა-ის” უფლებამონაცვლემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის (წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა მარწმუნებლის მიერ) შესაბამისად, გააუქმა ი. კ-ეზე გაცემული მინდობილობა და შეუწყვიტა მას, როგორც წარმომადგენელს, უფლებამოსილება. ამავე საქმის მასალებში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათის (ს.ფ. 182) თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება ი. კ-ეს ჩაჰბარდა 2007 წლის 3 ოქტომბერს. თუმცა, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საკასაციო სასამართლო 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინების მიღებისას კანონით დადგენილი წესით დაეყრდნო ფოსტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შპს “ტ-ა” გადასული იყო შემდეგი მისამართიდან _ ქ. ბათუმი, ..... ქ. ¹4-დან სხვა მისამართზე და შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, ხსენებული განჩინება კასატორ შპს “ტ-თვის” ჩაბარებულად მიიჩნია 2007 წლის 9 ოქტომბერს (შესაბამისი კონვერტის _ ს.ფ. 185, ასევე საფოსტო შეტყობინების ბარათის _ ს.ფ. 186, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნების თარიღი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობით და 2007 წლის 1 ნოემბერს მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მართებულად დატოვა განუხილველად შპს “ტ-ის” საკასაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე შპს “ტ-ის” განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის ¹ბს-905-867(კ-07) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე შპს “ტ-ის” განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.