¹ბ-58-02(ბ-08) 30 იანვარი, 2008წ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდგომ ნ. გ-ემ ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით არაერთხელ მომართა საკასაციო სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ნ. გ-ემ არ შეავსო აღნიშნულ განცხადებაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი.
2007 წლის 29 ოქტომბერს ნ. გ-ემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით ხელმეორედ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
2008 წლის 23 იანვარს ნ. გ-ემ კვლავ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. აღნიშნული განცხადებით ნ. გ-ე ითხოვს საქმის გადასინჯვას და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი მოტივებით:
წინა განცხადებით იგი ითხოვდა როგორც მასწავლებლობიდან, ასევე დირექტორობიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, რის საფუძვლადაც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 28 ივნისის ¹გ-1716/66-61 წერილზე განათლების სამინისტროსადმი, თუმცა საკასაციო სასამართლომ მითითებული წერილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებად არ მიიჩნია, რამდენადაც დასახელებული დოკუმენტის თაობაზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა ახალციხის რაიონულ სასამართლოს თავის 2005 წლის 15 ივლისის განჩინებაში. განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას არასწორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 28 ივნისის ¹გ-1716/66-61 წერილი შეეხებოდა დირექტორობიდან მისი უკანონოდ დათხოვნის ფაქტს, რაიონულმა სასამართლომ კი იგი მხოლოდ მასწავლებლობიდან დათხოვნის ნაწილში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად გამოიყენა, რაც საკასაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია მითითებული დოკუმენტის შეფასების დროს.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ნ. გ-ე წინა განცხადებაში მიუთითებდა განათლების სამინისტროს ¹134 და ¹139/კ ბრძანებების სიყალბესა და რაიონული სასამართლოს მოსამართლის დანაშაულებრივ ქმედებაზე, თუმცა უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მისი ეს მოთხოვნები საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლად არ მიიჩნია. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნაც არასწორია, რამდენადაც განათლების სამინისტროს ¹134 ბრძანება რეალურად არ არსებობს, ხოლო ¹139/კ ბრძანების სიყალბის დასადგენად განმცხადებელმა მიმართა რაიონის პროკურორს, რომელმაც განცხადების მიღებაზე უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ დასახელებული ბრძანების კანონიერების დადგენა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა. რაც შეეხება მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენას, ამის თაობაზე ნ. გ-ეს შეტანილი აქვს საჩივარი საქართველოს იუსტიციის საბჭოში, რაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაამოწმოს.
განმცხადებელი არ ეთანხმება საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების მსჯელობას 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის თაობაზე, რამდენადაც განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მან წარადგინა უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
საკასაციო სასამართლომ განიხილა ნ. გ-ის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად დატოვებას ექვემდებარება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ის მიერ წარმოდგენილია მესამე განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ნ. გ-ის აღნიშნული განცხადება, არსებითად, აგებულია იმავე წანამღვრებზე, რაც მას წინა განცხადებებში ჰქონდა დაყენებული და რაზედაც 2007 წლის 8 ოქტომბრისა და 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებებით უკვე იმსჯელა საკასაციო სასამართლომ.
აქედან გამომდინარე, ნ. გ-ის განცხადება დაუშვებელია და განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.