ბს-1016-969(გ-06) 12 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 აპრილს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გ. და დ. კ.-ებმა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისში, ...-ის ქ.¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ფლობის ფაქტის დადგენა და საჯარო რეესტრის სამსახურისათვის სააღრიცხვო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის დავალება, რაც მათ სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძველი გახდებოდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. და დ. კ.-ების სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქ.¹9-ში მოსარჩელეები გ. და დ. კ.-ები 1921 წლიდან ფლობენ და სარგებლობენ საინვენტარიზაციო გეგმაზე წითელ ხაზებში მითითებულ 348კვ.მ მიწის ნაკვეთს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, მოეხდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეგისტრაცია “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ.15-16).
2005 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიამ. განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმეზე წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
2005 წლის 27 აპრილს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გ. და დ. კ.-ების სასარჩელო განცხადება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე. სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელეთა ბაბუამ ა. კ.-მა 1921 წელს ქ. თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ამჟამინდელი ...-ისა და ...-ის ქუჩებს შორის. 1922 წელს ა. კ.-ის საკუთრებაში არსებულ 5104კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენდა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსოები. 1931 წელს კ.-ების ოჯახს ჩამოერთვა აღნიშნული ტერიტორია და საიჯარო ხელშეკრულებით დაუმაგრდა მხოლოდ 1090კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით, მოსარჩელემ მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 566კვ.მ საცხოვრებელი სახლი გაყიდა და დაიტოვა მხოლოდ 476კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ააშენა საცხოვრებელი სახლი, რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...-ის ქ.¹9-ში. ა. კ.-სათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის ადგილზე აშენდა ბაგა-ბაღი და ¹... საშუალო სკოლა, რომლის დანგრევის შემდეგაც აშენდა ¹... გიმნაზია. 348კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა 7 მეტრის ხეივნის ზოლს, გიმნაზიის შენობიდან გამოყოფილი იყო სახანძრო თხრილით, მასზე მოხვედრა შესაძლებელი იყო ...-ის ქ. ¹9-ში მდებარე ჭიშკრიდან და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. სასამართლომ ისე განკარგა სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, რომ სათანადო მხარედ არ მიიწვია ქ. თბილისის მერია, როგორც დედაქალაქის საზღვრებში მიწის ერთადერთი განმკარგველი. სარჩელზე მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის დადგენისა და სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ პასუხი უნდა გაეცა ქ. თბილისის მერიას და არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა პირველი მოთხოვნის ნაწილში არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, ხოლო თუ მოსარჩელე თანახმა არ იქნებოდა, უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი (ტ.2, ს.ფ.1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მთავრობის განცხადება ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობდა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან, რის გამოც იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო (ტ.2, ს.ფ.11).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. თბილისის მერიით (ტ.2, ს.ფ.74).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის” შესახებ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებენ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება: სახელმწიფო მიწის განკარგვის ორგანიზება და სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მიწის განკარგვის შესახებ მოლაპარაკების წარმოება. “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის” დებულების მე-2 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერია არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. შესაბამისად, ქალაქ თბილისის ფარგლებში სახელმწიფო მიწის განკარგვის კომპეტენცია გააჩნია ქ. თბილისის მერიას. საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო წითელ ხაზებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ იგი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში (ტ.2, ს.ფ.75-76).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ საქმეთა კატეგორიას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მიწათსარგებლობის ურთიერთობა რეგულირდება “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონით და ქ. თბილისის მერიის შესახებ დებულებით და აღნიშნული ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყვეტილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (ტ.2, ს.ფ.102-104).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას და გ. და დ. კ.-ების სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საქალაქო სასამართლოს განსჯადობით მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, რაც გამომდინარეობს საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. გ. და დ. კ.-ების სასარჩელო მოთხოვნა _ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენა და მესაკუთრედ აღიარება, არის სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში, გ. და დ. კ.-ების სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში გადმოგზავნა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული სასარჩელო განცხადება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო, რადგან მიწათსარგებლობის ურთიერთობა რეგულირდება “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონით და თბილისის მერიის დებულებით, რომელიც განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სრულიად დაუსაბუთებელია. დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის ხასიათს, რომელი სასამართლოს განსჯადია დავა, გამომდინარეობს დავის ხასიათიდან, თუ რომელი კანონმდებლობით რეგულირდება დავა, რა არის დავის არსი და საგანი. ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენა და მესაკუთრედ აღიარება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, რადგან სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება ფლობის, სარგებლობისა და საკუთრების უფლების საკითხები (ტ.2, ს.ფ.106-107).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და დ. კ.-ების სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი და შესაბამისად, ამ სამართალურთიერთობის სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა.
მოცემულ საქმეზე გ. და დ. კ.-ების სარჩელის საგანია მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენა, მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძველია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები 1921 წლიდან ფლობენ და სარგებლობენ საინვენტარიზაციო გეგმაზე წითელ ხაზებში მითითებული 348კვ.მ მიწის ნაკვეთით, რის გამოც მიაჩნიათ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ სადავო მიწა, რომლის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენას მოსარჩელეები ითხოვენ, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო მიწის განკარგვის ორგანიზება, სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მიწის განკარგვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება. “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებში განეკუთვნება მიწის ნაკვეთების მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსახილველი ურთიერთობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის მოსარჩელეთა ფლობისა და სარგებლობის აღიარებასა და მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონით, ასევე “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” კანონით. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურისათვის სააღრიცხვო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე, როგორც მოსარჩელეთა ზემოაღნიშნული მოთხოვნის შედეგობრივად თანმდევი მოთხოვნა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. და დ. კ.-ების სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. და დ. კ.-ების სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.