¹ ბს-1017-970 (გ-06) 25 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. თ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
26.04.06წ. მ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ,,25.04.02წ. ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის" გამგეობის 20.02.06წ. სხდომის ¹70 ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც უარი ეთქვა ფონდის დესტინატურად ცნობაზე. ამასთანავე, მოითხოვა ფონდის გამგეობისთვის დროებითი თავშესაფრის სახით გადმოცემულ ბინაზე სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და მასთან სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დადება (ქმედების განხორციელება).
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 16.03.06წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისში 25.04.02წ. მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის გამგეობას და მოითხოვა ¹70 ოქმის ბათილად ცნობა, დროებითი თავშესაფრის სახით გადმოცემული ბინის სარგებლობის უფლებით გადმოცემის დამადასტურებელი ხელშეკრულების დადება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმება. მოსარჩელის განცხადებით, ფონდში წარდგენილი ჰქონდა ,,2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების მიწისძვრის შედეგად დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-3 მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და ფაქტიურად შეიძინა დესტინატერის სტატუსი. მოსარჩელის აზრით, ფონდმა ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უკანონოდ უთხრა უარი. მოსარჩელე თვლის, რომ ფონდის გამგეობამ არასწორად განმარტა ქ. თბილისის მთავრობის 05.06.03წ. 0828/76 დადგენილება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ფონდის გამგეობის ¹70 ოქმი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას, ასევე ფონდის უარი მისი ადმინიტსრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ინდივიდიალურ ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს.
მოსარჩელის განცხადებით, ქ. თბილისის მთავრობის 05.06.03წ. დადგენილების საფუძველზე კანონის მოთხოვნის სრული დაცვით გადაეცა ბინა და შეიძინა ფონდის დესტინატერის სტატუსი, რის გამოც ფონდი ვალდებული იყო ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ბოლომდე განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა (ქმედება). მოსარჩელის აზრით, ¹70 ოქმი გამოცემულია ზაკ-ის მე-60 მუხლის დარღვევით, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ფონდის გამგეობამ დაარღვია ზაკ-ის 43-ე მუხლით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი. ამ მუხლის ყველა მოთხოვნის დარღვევით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული იქნა სადავო საოქმო გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.06წ. განჩინებით მ. თ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა სამოქალაქო სარჩელად და გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მოპასუხე აღარ იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობის თანახმად, ფონდი იყო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.06წ. განჩინებით საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მ. თ-ს უარი ეთქვა დესტინატერობაზე ქ. თბილისის მთავრობის 05.06.03წ. ¹08.28.176 დადგენილების საფუძველზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობა გამოთქვამდა თანხმობას, რათა მინიჭებოდა უფლება ფონდს, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ შეძენილი ბინები შემდომში საკუთრების უფლებით გადაეცათ იმ ოჯახებისათვის, რომელთაც მიწისძვრის შედეგად გააჩნდათ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლები (ბინები). კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ორგანოდ, ვინაიდან ზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოდ ჩაითვლება ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
კოლეგიის განცხადებით, ფონდის საქმიანობა მთლიანად რეგულირდება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებებით ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელი აქტით. სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამოც, სამოქალაქო კოლეგია თვლის, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანს “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” გამგეობის 20.02.06წ. ¹70 ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობა შეადგენს, რომლითაც მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქეს უარი ეთქვა ფონდის დესტინატერად ცნობაზე. მ. თ-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვს აგრეთვე მასთან, როგორც ფონდის დესტინატორთან, ფონდის მიერ შეძენილი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულების, მიღება-გადაცემის აქტის გაფორმების და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორემების დავალდებულებას, რომლის თანახმადაც ფონდის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ დესტინატერი შეიძენს საკუთრების უფლებას ფონდის მიერ შეძენილ ქონებაზე.
2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი დაფუძნებულია ქ. თბილისის მთავრობის მიერ 04.05.02წ. ¹08.01.143 დადგენილებით სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ფინანსური რესურსების თავმოყრის მიზნით.
“2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” დესტინატერად ცნობა და აღნიშნულის საფუძველზე ფონდის მიერ შეძენილი ბინის ჯერ სარგებლობაში, შემდეგ საკუთრებაში გადაცემის წესი განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კერძოდ, ქ. თბილისის მთავრობის 05.06.03წ. ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესით”. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ფონდის საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ ხსენებული წესების შესაბამისად უნდა წარმართულიყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისში 25.04.02წ. მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამო 26.04.02წ. გაიმართა ქ. თბილისის საკრებულოს საგანგებო სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება “ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავრობას ნება დაერთო გადაემუშავებინა ქ. თბილისის 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი იმ მიზნით, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი სახსრები მიმართულიყო მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად. დადგინდა, რომ ამისათვის შექმნილიყო სპეციალური ფონდი, სადაც პრიორიტეტულად იქნებოდა მიმართული საბიუჯეტო შემოსავლები. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში(სკოლები, ბაგა-ბაღები) შენობის სეისმომედეგობისა და შენობის მდგომარეობის შესწავლა და ამ მიზნით სასწავლო პროცესის შეწყვეტა. ქ. თბილისის მერიის საფინანსო სამმართველოს მიერ 25.04.02წ. მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის საჭირო სახსრების აკუმულირების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიხსნა სპეციალური ანგარიშები და საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ გატარდა ორგანიზაციული ღონისძიებები შემოსული თანხის შეუფერხებელი გადარიცხვისათვის. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 03.05.02წ. მიღებული იქნა ¹554 განკარგულება “ქ.თბილისში მიწისძვრით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის აღწერა და წინადადებების საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ერთობლივად დაევალათ ქ. თბილისის მერიას, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. ამავე განკარგულებით დაევალათ სახელმწიფო ქონების მფლობელებს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დროებითი განთავსება მათ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართში საქართველოს სახელმწოფო ქონების მართვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილების შესაბამისად. ქ. თბილისის მერის 06.06.02წ. ¹24 ბრძანებით “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის” მუშაობაზე მონიტორინგის განხორციელების, ფონდის ანგარიშზე შესული თანხის ხარჯვის კონკრეტული მიმართულებებისა და ობიექტების განსაზღვრის საქმეში საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით შეიქმნა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო საზოგადოებრივი კომისია. 07.06.02წ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება “ქ. თბილისის 25.04.02წ. მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ”. საქართველოს პრეზიდენტის 16.12.02წ. ¹1550 განკარგულებით “ქ.თბილისში 25.04.02წ. მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის ფინანსური სახრების გამოყოფის შესახებ”, რომლითაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის შევსების მიზნით ქ. თბილისის მერიას გამოეყო ტრანსფერი. ამდენად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საბინაო საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო ხელისუფლების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სხვა ღონიეძიებებთან ერთად ფონდის დაარსება მიზნად ისახავდა მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფუნქცია დელეგირებული აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს _ 2002 წლის 25 აპრილის ქ. თბილისის მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალურ ფონდს. ზაკ-ის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოდ მიიჩნევა აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუ ის ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ოქმი ¹70 წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
დავის საგანს შეადგენს აგრეთვე ფონდისათვის მიღება-გადაცემის აქტის გაფორმების და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორემების დავალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის კანონიერება უნდა დადგინდეს აგრეთვე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ქ. თბილისის მთავრობის 05.06.03წ. ¹08.28.176 დადგენილებით დამტკიცებული “2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი აღძრულია აგრეთვე ასკ-ის მე-2 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მისი განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. თ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.