¹ბს-1035-989(გ-07) 25 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 21 თებერვალს მ. ა.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ნ. ც.-ისა და ქ. პ.-ის მიმართ და მოითხოვა 1952 წლის 12 მარტის ანდერძის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 1940 წლიდან ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი ნ. ი.-ს სახელზე. ნ. ი.-ს შვილი არ ჰყავდა და ზრდიდა დისშვილს _ მოსარჩელის ბებიას მ. ჩ.-ს, რომელსაც ჰყავდა ორი ქალიშვილი, მათ შორის მოსარჩელის დედა _ რ. ვ.-ი და ორი ვაჟიშვილი _ ა. და ს. ვ.-ები. მოსარჩელის დედა და მისი ძმები ცხოვრობდნენ აღნიშნულ სახლში ცალ-ცალკე იზოლირებულად მდებარე ოთახებში, მათი და კი გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის ბინაში.
ნ. ი.-ს გარდაცვალების შემდეგ განაგრძობდნენ ზემოთ მითითებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას, მაგრამ მოსარჩელის დედის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხეებმა – მოსარჩელის ბიცოლებმა დაიწყეს მოსარჩელის შევიწროვება და მოსთხოვეს ბინის დაცლა იმ მოტივით, რომ 1952 წლის მარტში ნ. ი.-ს მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად, რომელიც დაამოწმა ქ. თბილისის ¹... სანოტარო კანტორის ნოტარიუსმა ნ. ა.-მ, ბინის მესაკუთრეები იყვნენ მოპასუხეები.
მოსარჩელის მითითებით, თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის 2005 წლის 21 ნოემბრის ¹01-18/45 წერილის თანახმად, ქ. თბილისის ¹... სანოტარო კანტორის 1952 წლის არქივის სანოტარო საქმეებში ნ. ი.-ს მიერ შედგენილი ანდერძი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ნოტარიუსი ნ. ა.-ე მუშაობდა ¹... სანოტარო კანტორაში. აღნიშნული ასევე დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2005 წლის 29 ნოემბრის ¹01/27/08-2151 წერილით.
მოსარჩელის მითითებით, ანდერძის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის დედის გარდაცვალებამდე – 2000 წლამდე ანდერძის არსებობის შესახებ საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ მოსარჩელის დედისა და ბიძების გარდაცვალების შემდეგ, ნ. ი.-ს გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ აღმოჩნდა ანდერძი. ამასთან, ანდერძის თანახმად, მისი ერთი პირი ინახებოდა ნოტარიუსთან, ხოლო მეორე ნ. ი.-სთან, მაგრამ სახელმწიფო არქივში ანდერძი არ აღმოჩნდა. ასევე ანდერძში რეესტრის ნომერი არ იკითხება (იხ. ს.ფ. 3-6).
თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და ანდერძის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ნოტარიუსის მიერ ანდერძის დამოწმებისას საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ¹412 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ სახელმწიფო ნოტარიატის დებულების მოთხოვნების დარღვევაზე (იხ. ს.ფ. 130-132).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-11, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით და განმარტა, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრავს დავის საგანს, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად ადმინისტრაციული კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს რა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ¹412 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ სახელმწიფო ნოტარიატის დებულება, რომელიც განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული (იხ. ს.ფ. 132-133).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლო კოლეგიის მითითებით, სსსკ-ის 178-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმ სუბიექტს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მის მოთხოვნაზე. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი წარდგენილია მითითებული მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო ვალდებულია მოსარჩელეს მისცეს საპროცესო ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამასთან, სსსკ-ის 85-ე მუხლით განსაზღვრულია არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის წესი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე, იგი უფლებამოსილია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაუშვებელია მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ მისი თანხმობის გარეშე სასამართლოს მიერ მოპასუხეთა წრის დადგენა.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადობით არასწორად გადაეგზავნა საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რადგან სსსკ-ის 22-ე მუხლის პირდაპირ განსაზღვრავს, რომ სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მისაღები საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არასწორად განისაზღვრა დავის განსკადი სასამართლო (იხ. ს.ფ. 163-164).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ა.-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიაკუთვნა მოცემული დავა სამოქალაქო დავათა კატეგორიას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სასარჩელო მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მხარე ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს ანდერძის დამოწმებისას ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელების პროცედურის მომწესრიგებელი დებულების მოთხოვნათა დარღვევაზე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რამდენადაც «ნოტარიატის შესახებ» კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. ნოტარიუსი წარმოადგენს საჯარო ნდობის პროფესიას, მის მიერ კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება არ განეკუთვნება მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას, არ გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოსთვის დამახასიათებელი ელემენტები, რაც მას, როგორც ინსტიტუტს, მოაქცევდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით განსაზღვრულ დეფინიციაში.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია ანდერძის ნამდვილობა. სამემკვიდრეო ურთიერთობები რეგულირებულია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით, შესაბამისად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია ანდერძის ნამდვილობა, რეალურად ანდერძი შედგენილი იქნა თუ არა მოსარჩელის ბებიის მიერ 1952 წელს, რადგან მისი არსებობის შესახემ მოსარჩელისათვის ცნბოილი გახდა მხოლოდ 2000 წელს მისი დედის გარდაცვალების შემდეგ და ასევე მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა ანდერძის დამოწმებისას დაარღვია დებულების მოთხოვნები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული დავის საგანი, რაც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში გარდა სსსკ-ის 79-ე მუხლით განსაზღვრული მხარეებისა, მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, მ. ა.-მ სარჩელი აღძრა ფიზიკური პირების _ ნ. ც.-ისა და ქ. პ.-ის მიმართ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულად მიუთითა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სსსკ-ის 85-ე მუხლის გამოუყენლობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, ხოლო თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს იტყვის მოსარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 85-ე მუხლით, რადგან მიიჩნია რა, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა და შესაბამისად, სარჩელი არ იყო აღძრული იმ პირის მიმართ, ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, არ შესთავაზა მოსარჩელეს თანახმა იყო თუ არა მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას, მართებულად იმსჯელა, რომ მოცემული დავა არ არის დაკავშირებული იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლით გათვალისწინებული დავა, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იგი მართებულად მიაკუთვნა სამოქალაქო კატეგორიას, რამდენადაც განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა.-ის სარჩელი მოპასუხის – ნ. ც.-ისა და ქ. პ.-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.