ბს-1064-1017(გ-07) 2 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
11.12.06წ. შპს ,,ლ-ის” გენერალურმა დირექტორმა მ. კ-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” 25.06.96წ. კანონის მე-5 და მე-20 მუხლების შესაბამისად, სასამართლოსათვის დაბრუნებული სააღსრულებო ფურცლების სააღსრულებო ბიუროსათვის უკანვე დაბრუნება. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქვემო ქართლის საასღრულებო ბიუროში მოსარჩელის სასარგებლოდ წარმოებაში იყო შემდეგი ექვსი სააღსრულებო ფურცელი: 1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 15.03.99წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი ¹3/92; 2) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 21.02.06წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი ¹3/93; 3) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 13.03.03წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი ¹1/15-00. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი გაიცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.02.00წ. განჩინების საფუძველზე, რომლითაც დამტკიცდა სს ,,ა-სა” და შპს ,,ლ-ას” შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ლ-ამ” შეიძინა სს ,,ა-ის” ქონება, რომელიც 20.06.2000წ. სს ,,ა-მა” ბალანსიდან მოხსნა და გადასცა შპს ,,ლ-ას”; 4) შპს ,,ლ-ამ” ვინდიკაციური სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი სს ,,ა-ის” უკანონო ფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ სსკ-ის 172-ე და ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 20.1 მუხლების საფუძველზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 05.05.04წ. გადაწყვეტილებით ვინდიკაციური სარჩელი დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლომ 10.05.04წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი ¹2ა-153-04; 5) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 21.07.04წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი ¹2ა-154-04 და 6) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 02.09.05წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი ¹45-04. შპს ,,ლ-ის” გენერალური დირექტორის განმარტებით, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ სააღსრულებო ფურცლების სასამართლოსათვის დაბრუნებით დაარღვია ,,გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნები. ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება მოიცავს მოვალის ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება (გაკოტრების მასა). ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ სააღსრულებო ფურცლები კანონის დარღვევით გადასცა სასამართლოს, ვინაიდან ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მოთხოვნა ეხება ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ქონებას. მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ა-ის” გაკოტრების მასაში არ შედიოდა ის ქონება, რომელზეც რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული იყო სააღსრულებო ფურცლები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.01.07წ. საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო(ს.ფ. 36).
მოსარჩელემ 01.02.07წ. სასამართლო სხდომაზე უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე, კერძოდ სააღსრულებო ფურცლის ¹2ა-154-04 სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნებზე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.03.99წ. და 21.02.06წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის ¹3/93 სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნების ნაწილში მოთხოვნა გამოიხმო სარჩელზე უარის თქმის გარეშე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 05.02.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 15.03.99წ. და 21.02.06წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელის ¹3/93 ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მიერ მოთხოვნის გამოხმობის გამო დარჩა განუხილველი; განმცხადებლის მოთხოვნა ¹2-154 სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნების თაობაზე შეწყდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო; ¹1/15, ¹2-153, ¹45 სააღსრულებო ფურცლების ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /ს.ფ. 47-49/.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 27.09.06წ. მიმართვით ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 13.3. მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო ფურცლები ¹3/93, ¹1/15, ¹2-153 და ¹45. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების თანახმად მოვალეს წარმოადგენდა სს ,,ა-ი”. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სს ,,ა-ის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.06.05წ. განჩინებით, სააღსრულებო ფურცლები კი გაცემული იყო გაკოტრების საქმის გახსნამდე. ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 7.4 მუხლის შესაბამისად, გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება. ამავე კიანონის 13.3 მუხლის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეული კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები და იძულებითი სააღსრულებო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 13.3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაუბრუნა სადავო სააღსრულებო ფურცლები გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ქონება არ შედიოდა გაკოტრების მასაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ლ-ის” გენერალურმა დირექტორმა. აპელანტმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და ¹1/15, ¹2ა-153 და ¹45 სააღსრულებო ფურცლების ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნება /ს.ფ. 54-59/. აპელანტის განმარტებით, სს ,,ა-ში” 24.05.01წ. გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 18.03.03წ. განჩინებით დამტკიცდა სს ,,ა-ის” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება _ სს ,,ა-ის” რეაბილიტაციის მმართველის განთავისუფლებისა და ახალი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ. საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება, რომ სს ,,ა-ში” გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა 06.06.05წ., აპელნტის განმარტებით, სს ,,ა-ში’’ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე შპს ,,ლ-ას” იურიდიულად ქონება საკუთრებაში ქონდა მიღებული, ანუ სადავო ქონება სს ,,ა-ის” საკუთრებიდან გამოსული იყო და იგი ამიტომაც არ შედიოდა გაკოტრების მასაში. აპელანტმა ასევე არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის სესახებ, რომ სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა, სადავო ქონება შედიოდა თუ არა სს ,,ა-ის” გაკოტრების მასაში. აპელანტმა აღნიშნა, რომ ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება მოიცავს ვალაუვალი მოვალის ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ხოლო სადავო ქონება მას არ ეკუთვნის, რასაც ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები, რუსთავის საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ამონაწერი და თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ამონაწერი. ამდენად, ქონება სს ,,ა-ის” გაკოტრების მასაში არ იყო შესული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.09.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობები. დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უმთავრესია, თუ რომელი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს დავა, რა არის დავის არსი და საგანი, ვინ არიან მოდავე მხარეები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.01.07წ. საოქმო განჩინებით მოპასუხედ ჩაბმულ იქნა ადმინისტრაციულ ორგანო _ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი ¹1/15, ¹2ა-153 და ¹45 სააღსრულებო ფურცლების ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნების მოთხოვნით ასაჩივრებდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მოქმედებას, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, წარმოადგენს ადმინისტრაციული დავისთვის დამახასიათებელ მეორე ნიშანს _ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე(იხ.ს.ფ. 112-116). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 22.11.07წ. განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას აღნიშნული საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე და წამოიწყო რა დავა განსჯადობის შესახებ, სააპელაციო საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც სარჩელის, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები მთლიანად გამომდინარეობდა ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონიდან (მე-5, 7.4, 13.3, მე-20 მუხლები), რომელიც კერძო სამართლის კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სამართალურთიერთობა სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავაა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის თანახმად, იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებით უნდა მოწესრიგდეს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. სადავო სამართალურთიერთობა წესრიგდება სამოქალაქო კანონმდებლობით _ ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილ (განსჯად) სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა /იხ.ს.ფ. 120-124/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ლ-ას” გენერალური დირექტორის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანია ¹1/15, ¹2-153 და ¹45 სააღსრულებო ფურცლების ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის დაბრუნება. სასარჩელო განცხადების, ასევე სააპელაციო წესით გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები ემყარება “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის ნორმებს. აპელანტი თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება წარმოადგენს აპელანტის საკუთრებას და სს “ა-ის” გაკოტრების მასაში არ შედის. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 13.3 მუხლით დადგენილია, რომ ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეული კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი სააღსრულებო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს. ამავე კანონით არის განსაზღვრული გაკოტრების მასის მოცულობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონიდან, რომელიც კერძო სამართლის კანონმდებლობის სფეროს განეკუთვნება. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვას ადასტურებს აგრეთვე “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონიდან წამოშობილ საქმეთა განხილვის კანონმდებლობით დადგენილი პროცესუალური წესი, რომლის თანახმად, სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ამავე კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე. კერძოდ, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-4 მუხლი ადგენს, რომ სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, სამოქალაქო საპროცესო ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონით შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა დადგენილი არ არის. სსკ-ის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოები ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით განიხილავენ სამოქალაქო საქმეებს. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის იდენტურ ნორმას შეიცავს აგრეთვე “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მე-5 მუხლი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველი საქმე ასკ-ის 2.1 “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები. სადავო სამართალურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ ქმნის საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვის საფუძველს. საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს ის, რომ სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს. განსახილველ შემთხვევაში დავა კერძო სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, შესაბამისად მოქმედების შესრულების მოთხოვნას საფუძვლად უდევს კერძო და არა საჯარო სამართლის კანონმდებლობა, რის გამოც იგი განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწამოების წესით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ლ-ის” გენერალური დირექტორის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ლ-ის” გენერალური დირექტორის მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.