¹ბს-1067-1018(გ-06) 14 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
Q 2005 წლის 5 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მიუთითებდა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 12 ივლისს გაცემული ¹2/62 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, დ. ბ-ს დაევალა ქ. თბილისში .......... გამზ. ¹23-ში მდებარე ნ. შ-ისა და ვ. ა-ის საცხოვრებელი ბინების შეკეთება-აღდგენა, დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანით, სათანადო წესით შედგენილი და დამტკიცებული პროექტის საფუძველზე. აღნიშნული მოქმედების ხარჯები ეკისრებოდა მოვალეს.
მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოვალე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და თავს არიდებდა სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 87-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შესაბამისი ზომების მიღებასა და მოვალეზე ფულადი ჯარიმის დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 87-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები, რათა აიძულოს მოვალე შეასრულოს მოქმედება, კერძოდ, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფულადი ჯარიმის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგენას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი განკარგულება, თუ ამ განკარგულებას არ შეიცავს ის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს მოვალეს, მაშინ მას კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს სასამართლო, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფულადი ჯარიმა გადაიხდევინება იმ წესების მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია ფულადი მოთხოვნების აღსრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ დავა, რომელზეც გამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, გამომდინარეობს ფიზიკურ პირებს შორის არსებული ურთიერთობებიდან და განხილულია სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის მოვალეზე ფულადი ჯარიმის გადახდევინების შესახებ საკითხი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს ფიზიკურ პირებს შორის ფულადი მოთხოვნების აღსრულებისათვის დადგენილი წესების მიხედვით, ანუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას საქმის სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების წესებით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს სსკ-ის მე-11 და საქართველოს ასკ-ის მე-2 მუხლები, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლით დავა, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს ან თუ მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მხრივ რაიმე ვალდებულების შესრულებას ან ქმედების განხორცილებას და სხვას შეეხება, ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურის მიერ აღძრული სარჩელით განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, ,,სააღსრულები წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონიდან, შესაბამისად სარჩელიც ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ სპეციალიზებული კოლეგიის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადების გამო განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წამოჭრილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი განცხადებიდან იკვეთება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნა ემყარება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებებს. მითითებული მუხლის შესაბამისად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მე-3 პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები, რათა აიძულოს მოვალე შეასრულოს მოქმედება, კერძოდ, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ მას აღსასრულებლად გადაეცა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 12 ივლისს გაცემული ¹2/62 სააღსრულებო ფურცელი, რომლიც მოვალეს ავალდებულებდა ნივთის დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანას და რასაც მოვალე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ ასრულებს, რის გამოც განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მოვალის მიმართ გატარებული უნდა იყოს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 87-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საკასაციო სასამართლო სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის დისპოზიციას, რომელიც შეიცავს უშუალო მითითებას მოვალის იძულებაზე, შეასრულოს მოქმედება, ე.ი. ნორმის მიზანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რის შედეგადაც ფაქტობრივად სახეზეა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. საგულისხმოა, რომ ანალოგიურ შესაძლებლობას კანონმდებელი ითვალისწინებს გადაწყვეტილების გამოტანის მომენტშიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხის გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.
ამდენად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 87-ე მუხლის დანიშნულებას წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რისი რეალიზაციის შედეგადაც ფაქტობრივად სახეზეა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების შეცვლა.
გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების შეცვლის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც შეიცავს პირდაპირ მითითებას იმ სასამართლოსადმი მიმართვის სავალდებულობაზე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.
როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების საკითხსაც ეხება წინამდებარე განცხადება, მიღებულია Qთბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე.
საკასაციო სასამართლო ,,რაიონული სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულებაში 2005 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის @¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებითა და ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმების მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.