Facebook Twitter

¹ბს-1078-1027(გ-06) 21 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით ზესტაფონის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 25 მარტს სს “ი-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ დღგ-ს _ 30863 ლარის ჩათვლის აღდგენის თაობაზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ი-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ზესტაფონის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს “ი-ის” მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის 30863 ლარის ოდენობით ჩათვლის აღდგენა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაცო პალატის 2004 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ზესტაფონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სს “ი-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზესტაფონის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს “ი-ის” მიერ შპს “ა-თან” და შპს “გ-თან” განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლის აღდგენა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ი-ის” მიერ შპს “ა-სა” და შპს “გ-თან” განხორციელებულ ოპერაციაზე გადახდილი დღგ-ს თანხის ჩათვლის აღდგენის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საქმეთა პალატის 2005 წლის 26 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს “ა-ი” და შპს “გ-ა”. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 4 თებერვლის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციების მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს “ი-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინება.

2006 წლის 15 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. მოცემულ საქმეზე კი გადაწყვეტილება მიღებული იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინებებით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ თავდაპირველი მოპასუხე ზესტაფონის ზონალური საგადასახადო ინსპექცია სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა და მის უფლებამონაცველს წარმოადგენდა ქუთაისის საგადასახადო ინპექცია, რომლის ადგილსამყოფელსაც წარმოადგენდა ქალაქი ქუთაისი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებას და, თავის მხრივ, წამოიწყო დავა განსჯადობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენება, ვინაიდან, აღნიშნული მუხლი ეხება სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საერთო განსჯადობას და არ უკავშირდება ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის საკითხს, შესაბამისად, თავისი 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქმე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადების გამო, განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსჯადობის თაობაზე წამოწყებული წინამდებარე დავა ეხება არა სარჩელს, არამედ განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რის გამოც დავის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე _ 431-ე მუხლების მოთხოვნები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.

ამავე კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცლველად დატოვების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ სასამართლოს განსჯადია, რომელმაც საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის შედეგად საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ არსებითი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო ვალდებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე_430-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვროს განცხადების დასაშვებობისა და საფუძვლიანობის საკითხი და მხოლოდ საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში არის უფლებამოსილი, იმსჯელოს განსჯადობის საკითხზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებობს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელზეც საქმის წარმოება ჯერ არ განახლებულა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.