Facebook Twitter

ბს-1078-1030(გ-07) 24 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოპასუხე _ შპს “....”

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 16 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “....” მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 26 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (იმჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) და შპს “...” შორის გაფორმდა ხელშეკრულება დაცვის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიცია იღებდა ვალდებულებას, დაეცვა შპს “....” გენერალური დირექტორი გ. ფ-ია, ხოლო მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, ყოველთვიურად აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების ღირებულება _ 200 (ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზემოხსნებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულეს, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ამ ხელშეკრულების მე-6 პუნქტი, რის გამოც, მოპასუხეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ გააჩნდა დავალიანება _ 8083,32 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 8083,32 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე შპს “....” მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები – ადმინისტრაციულ საქმეთა, სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავდა საპროცესო კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული იყო ის სადავო სამართლებრივი ურთიერთობანი, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული დავის საგანი სასამართლოში.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდებოდა სამოქალაქო სამართლის ნორმებით, კერძოდ, დავა გამომდინარეობდა ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სადავო ურთიერთობაში არ ახორციელებდა კანონით მინიჭებულ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნული ურთიერთობა წარმოადგენდა კერძოსამართლებრივ ურთიერთობას და მოცემული დავაც შესაბამისად უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი შპს “....” მიმართ, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სარჩელის განხილვის წესი სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი ნორმებით და იგი განხილული უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, საქმე უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის განსახილველად უმთავრესი იყო სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითი იყო დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული დავის საგანი სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამისი იყო, გამოეყენებინა როგორც საჯაროსამართლებრივი, ისე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის დაედო როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელი იყო ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე იყო ადმინისტრაციული ორგანო, არ იყო ამოსავალი ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლებელი იყო ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებულიყო სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლო იყო დადებულიყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული იყო სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, დაეცვა შპს “....” გენერალური დირექტორი გ. ფ-ია, ხოლო შპს “....” შემხვედრი ვალდებულება იყო, გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება _ 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტი იყო გარკვეულიყო, ხსენებული ხელშეკრულება დადებული იყო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განსახორციელებლად, თუ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის დასახმარებლად. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, დადებული იყო 2001 წლის 26 თებერვალს.

სასამართლო კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ მიზნით აღნიშნული უწყება ახორციელებდა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება, რომლითაც მისი ძირითადი ამოცანები არ შეცვლილა.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულების საფუძველზე დაცვა ერთნაირად წარმოადგენდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო პირდაპირ ფუნქციას. ამ შემთხვევაში კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით იყო დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნებოდა.

ზემომოყვანილი დასკვნების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა მთლიანად გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განესაჯა იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარებოდა მისი საქმე. მართალია, მოცემული დავა უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარე იყო, მაგრამ იგი განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აქედან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისთვის უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტდა საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის ამოსავალი ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლოა, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას შპს “....” გენერალური დირექტორი _ გ. ფ-ა, ხოლო მოპასუხე შპს “....” ვალდებულებას წარმოადგენს, გადაიხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება _ თვეში 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია იმის გარკვევა, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით, თუ _ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას, დადებულია 2001 წლის 26 თებერვალს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის პოლიციის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. იმავე მუხლის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიცია ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ¹90 ბრძანებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დაცვის პოლიციის წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ამ დეპარტამენტის დებულების დამტკიცება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ¹266 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.

ამდენად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულებების საფუძველზე, დაცვა ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებული დავებიც განიხილებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სადავო ურთიერთობაში არ ახორციელებდა კანონით მინიჭებულ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელის გამო შპს “....” მიმართ, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე შპს “.....” მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.