Facebook Twitter

ბს-1079-1031(გ-07) 2 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. კ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.06.06წ. ზ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელის განმარტებით, 1986 წლის 1 აგვისტოდან მსახურობდა შეიარაღებული ძალების რიგებში, მიღებული ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება, უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდება _ პოლკოვნიკი და შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის 19 წლიანი სტაჟი გააჩნდა. იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, დაჯილდოებული იყო მედლით “მხედრული მამაცობისათვის”. 05.05.04წ., შეიარაღებულ ძალების სწრაფი რეაგირების ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მსახურობის დროს, მის მიმართ უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა და როგორც გენერალ რ. დ-ის თანამონაწილეს, წაეყენა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 307-ე და 320-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 12.11.04წ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო. მოსარჩელის განმარტებით, უკანონოდ აღძრულმა სისხლის სამართლებრივმა დევნამ მიაყენა მორალური და მატერიალური ზიანი, ვინაიდან შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა ცნობები მასზე, როგორც სამშობლოს მოღალატის შესახებ. ამავე პერიოდში უსაფუძვლოდ სამსახურიდან დაითხოვეს მისი ძმა და მეუღლე, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. სისხლის სამართლებრივი დევნის განმავლობაში თანამდებობრივად დააქვეითეს, შემდეგ უკანონოდ გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში და ბოლოს დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, მოუსპეს პენსიაზე გასვლის უფლება, რის გამოც დარჩა საარსებო საშუალების გარეშე. მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის _ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის 400 000 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დავალებოდა მისი უდანაშაულობისა და გამართლების შესახებ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით საპასუხო ცნობების გამოქვეყნება და მისთვის უკანონოდ წაყენებული ბრალდების გამო, საჯაროდ ბოდიშის მოხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.07წ. განჩინებით ზ. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.11.97წ. ¹649 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 12.04.05წ. ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებით ლიკვიდირებულ იქნა ქ. თბილისის რაიონული სასამართლო და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიებით – ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიები. სასამართლომ მიუთითა ასკ-ის მეორე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოებისაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას, გავრცელებული ცნობების უარყოფას და სახალხოდ ბოდიშის მოხდას ითხოვდა წარმოდგენილი სარჩელი განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ზ. კ-ის სასარჩელო განცხადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.07წ. განჩინებით ზ. კ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მთავარი სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლის 05.05.04წ. დადგენილებით აღიძრა საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ზ. კ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-305-ე მუხლით და 320-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 12.11.04წ. დადგენილებით ბრალდებულ ზ. კ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-307-ე და 320-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობების გამო და გაუქმდა ზ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 12.11.04წ. დადგენილება ზ. კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირის რეაბილიტაციის საფუძველს. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165-ე, 221-ე, 222-ე, 225-ე და 227-ე მუხლებთან ერთად. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის, ან გაუსვლელობის ხელწერილის უაკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება და უფლების აღდგენა უნდა განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და პროცედურით და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და ზ. კ-ის საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის სარჩელი უნდა დაუბრუნდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა, რომელმაც, იმ მოტივით, რომ კონკრეტული დავის საგანი ასკ-ის მეორე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დავის საგანს შეესაბამებოდა, საქმე განსახილველად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადასცა. ამ უკანასკნელმა მიიჩნია, რომ ზ. კ-ის სასარჩელო განცხადება უნდა განხილულიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადასცა საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად.

ასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო. განსჯადობის თაობაზე დავა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო, რომელსაც განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა კონკრეტული საქმე, არ გაიზიარებს საქმის გადმომგზავნი სასამართლოს მოსაზრებას საქმის განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ კონკრეტული საქმე არის არა მისი, არამედ საქმის გადმომცემი სასამართლოს განსჯადი.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ზ. კ-ის სასარჩელო განცხადება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენდა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოუთითა, რომ საქმე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განსჯადი იყო, რითიც ფაქტობრივად დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომლითაც ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ საქმე მისი განსჯადი არ იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.07წ. განჩინების ის ნაწილი, რომლითაც ზ. კ-ის სასარჩელო განცხადება სისხლის სამართლის საქმეთა განსჯადად იქნა მიჩნეული, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს.

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქმეზე არ არის სასკ-ის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე, საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.