Facebook Twitter

¹ბს-1082-1034(გ-07) 25 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 21 ივნისს ნ. მ.-მ და ნ. ბ.-მ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, ნოტარიუს ი. ფ.-სა და გ. კ.-ის მიმართ და მოითხოვეს 2000 წლის 3 თებერვალს განხორციელებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში. 2000 წლის 4 ივლისს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისში, ...-ის ... მრ/რ, კორპ ...-ში მდებარე ბინა ¹... გადაეცა საქართველოს სახელმიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს. აღნიშნული დეპარტამენტის საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურში მოსარჩელე იყო აღრიცხვაზე აყვანილი, როგორც უბინაო თანამშრომელი. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისში, ...-ის ... მრ/რ, კორპ ...-ში მდებარე ბინა ¹... გადაეცა მოსარჩელეს და გამოიწერა შესახლების ორდერი.

მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, ზემოთ მითითებული ბინა რეგისტრირებულია 2000 წლის 3 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გ. კ.-ზე.

მოსარჩელის მითითებით, პრივატიზაციის ხელშეკრულება უკანონოა, რადგან ბინა ირიცხებოდა საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის დაჯგუფების ბალანსზე, ხოლო ამჟამად წარმოადგენს საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საბინაო ფონდის საკუთრებას. გლდანის გამგეობის საქალაქო მეურნეობის სახაზინო საწარმოს ¹161 ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისში, ...-ის ... მრ/რ, კორპ ...-ში მდებარე ბინა ¹31 წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ბინას (იხ. ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას და განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სასამართლო კოლეგიის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251.2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულება, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული (იხ. ს.ფ. 15-16).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს, რაც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებიდან, რომლითაც დადგენილია მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საკუთრებაში გადაცემის წესი.

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლით, 2.2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულება დადებულია ფიზიკურ პირსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების წარმომადგენელს შორის ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერება, რაც განეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიას და აღნიშნული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (იხ. ს.ფ. 28-29).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ისა და ნ. ბ.-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიაკუთვნა მოცემული დავა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და გაზიარებულ უნდა იქნეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

ამავე კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს მითითებულს და განსაზღვრავს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65I.1. მუხლის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პირობებში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2. მუხლით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რადგან გამგეობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «ა» მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ფიზიკურ პირთან პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების ობიექტი _ ბინა განეკუთვნება სახელმწიფო საბინაო ფონდის კატეგორიას, რაც ნიშნავს, რომ ბინა იყო სახელმწიფო საკუთრება და იგი სახელმწიფოს სახელით განკარგა გამგეობამ, ამდენად სახეზეა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის კლასიკური შემთხვევა, რაც განაპირობებს სადავო ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად კვალიფიკაციას, რამდენადაც სახეზეა ამგვარი ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ელემენტი _ საჯარო უფლებამოსილების მიზნის განხორციელება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას, მართებულად იმსჯელა, რომ მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავა _ ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიაკუთვნა ადმინისტრაციულ კატეგორიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ.-ისა და ნ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხეების – თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, ნოტარიუს ი. ფ.-სა და გ. კ.-ის

2. მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

3. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

4. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.