Facebook Twitter

¹ბს-109-103(გ-07) 4 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 ივლისს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. ხ-ის მიმართ, საიჯარო ქირის გადახდის ვადის დარღვევისათვის ჯარიმის გადახდის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1998 წლის 30 იანვარს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და მოპასუხე ი. ხ-ეს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, საცხოვრებელ სააგარაკო კოტეჯის ¹... ბინაზე, მდებარე დაბა .... ¹46, საერთო ფართით 40 კვ.მ, საპრივატიზებო ღირებულებით 850 აშშ დოლარი.

საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 11 მარტის აქტის შესაბამისად, ი. ხ-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო ღირებულებისა და საიჯარო ქირის გადახდის ვადების დარღვევისათვის ევალებოდა ჯარიმის - 170 ლარის გადახდა. აღნიშნულზე სამმართველომ 16.06.05 წ. გაუგზავნა გაფრთხილება ¹...., რომელიც მოპასუხის მიერ რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის - 170 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადება თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი აღძრული აქვს ფიზიკური პირის – ი. ხ-ის მიმართ, საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის გადახდის ვადის დარღვევისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, ანუ დავა წარმოშობილია მხარეთა შორის არსებული კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციული კოლეგიის მოსაზრებას საქმის სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული დავა გამომდინარეობს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაყიდვის მიზანია გამოსყიდვამდე მატერიალური ფასეულობის ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობა და სარგებლობა სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვისთვის. იმავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას იდება საიჯარო ხელშეკრულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება, რისი გათვალისწინებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, განსხვავებული დავა ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით საქმე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადების შესახებ განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც დავაა აღმოცენებული, დავის არსს, საგანს და სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.

საკასაციო სასამართლო განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობის დადგენას, რაც ცალსახად განსაზღვრავს აღნიშნულ დავასთან მიმართებაში სასამართლოთა კომპეტენციის საკითხს. როგორც საქმეში დაცული მასალებიდან იკვეთება, წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო ღირებულებისა და საიჯარო ქირის გადახდის ვადების დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრება. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა გამომდინარეობს ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონისა და სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მოთხოვნებიდან. ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დავა, კერძოდ, ადმინისტრაციული სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპების დაცვით და განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.