¹ბს-109-109(გ-08) 19 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ასოცირებული პროფესორების - ბ. ლ.-ს, ე. ხ.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივრების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 აგვისტოს ნ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/410 ბრძანების ბათილად ცნობას ,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...-ის ფაკულტეტზე, აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე” ...-ის მიმართულებით, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირთა დანიშვნის ნაწილში.
მოპასუხე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლება სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ...-ის ფაკულტეტზე ...-ის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სადავო ბრძანებით დანიშნული პირები: ე. ბ.-ე, მ. წ.-ე, ვ. ს.-ე, მ. კ.-ა, ი. ხ.-ა, მ. ვ.-ი, ლ. კ.-ი, ე. უ.-ე, ფ. წ.-ი, ჩ. ჯ.-ი, მ. ს.-ე, ა. გ.-ე, კ. ჩ.-ი, ბ. ლ.-ა, ე. ხ.-ი, Eე. მ.-ე, ა. ქ.-ე და თ. დ.-ე.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...-ის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე” სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/410 ბრძანება ...-ის ფაკულტეტზე ...-ის მიმართულებით ასოცირიებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის ნაწილში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მესამე პირებმა: ე. ბ.-მ, მ. წ.-მ, ვ. ს.-მ, მ. კ.-მ, ი. ხ.-მ, მ. ვ.-მ, ლ. კ.-მ, ე. უ.-მ, ფ. წ.-მ, ჩ. ჯ.-მ, მ. ს.-მ, ა. გ.-მ, კ. ჩ.-მ, ბ. ლ.-მ, ე. ხ.-მ, Eე. მ.-მ, ა. ქ.-მ და თ. დ.-მ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნეს განხილული, საჭიროა სამართალურთიერთობა წესრიგდებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კი მასში მოხსენებული არ არის. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებაში ამომწურავად ჩამოთვლილ საჯარო მოსამსახურეთა შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები (ასისტენტ-პროფესორები) მოხსენებულნი არ არიან, რის გამოც უდავოა, რომ ისინი საჯარო მოსამსახურეებად არ ითვლებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, მოცემული სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად (თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გარკვეულ პირთა პროფესორ-მასწავლებლის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გაუქმება) ვერ იქნება გამოყენებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, აღნიშნული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს შრომის კოდექსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/410 ბრძანება ...-ის ფაკულტეტზე, ...-ის მიმართულებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე გარკვეულ პირთა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.
ამასთან, მართალია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის, ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმით უნდა მოწესრიგდეს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. განსახილველი სამართალურთიერთობა კი წესრიგდება დავის წარმოშობის დროს მოქმედი – შრომის კანონთა კოდექსით, რომელიც კერძო სამართლის კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს.
სამოქალაქო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობას მოცემული დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე და მიუთითა, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელძღვანელის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამდენად, სამართალსუბიექტურობის მიხედვით სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის ადმინისტრაციული ორგანო. სამართალურთიერთობა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, რაც ადასტურებს საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის საოქმო განჩინებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მესამე პირების: ე. ბ.-ის, მ. წ.-ის, ვ. ს.-ის, მ. კ.-ს, ი. ხ.-ს, მ. ვ.-ის, ლ. კ.-ის, ე. უ.-ის, ფ. წ.-ის, ჩ. ჯ.-ის, მ. ს.-ის, ა. გ.-ის, კ. ჩ.-ის, ბ. ლ.-ს, ე. ხ.-ის, Eე. მ.-ის, ა. ქ.-ის და თ. დ.-ის სააპელაციო საჩივრები განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ასოცირებული პრიფესორების - ბ. ლ.-ს, ე. ხ.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოსარჩელე _ ნ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/410 ბრძანების ბათილად ცნობა ...-ის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის ნაწილში.
წინამდებარე სარჩელის საფუძველზე მოსარჩელე სადავოდ ხდის უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ კონკურსს, რომლის შედეგებიც დამტკიცდა ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს.
როგორც გასაჩივრებული ბრძანების შინაარსი ცხადყოფს, მითითებული ბრძანების საფუძველზე საშტატო ერთეულებზე დაინიშნენ ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებულ ღია კონკურსში.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას.
ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში, სამართლსუბიექტურობის თვალსაზრისით, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეა ადმინისტრაციული ორგანო _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამართალურთიერთობა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განაპირობებს მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებით განხილვის საჭიროებას.
ზემოაღნიშნული მოსაზრებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობის მართებულობას და მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ასოცირებული პროფესორების - ბ. ლ.-ს, ე. ხ.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივრები განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.