¹ბს-1098-1047(გ-06) 14 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ც. პ-ი
მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 8 დეკემბერს ც. პ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 13 ნოემბერს მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ყადაღის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის განყოფილებას და მოითხოვა ქ. თბილისში, ......... ქ. ¹17-ში მის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის შესახებ ცნობის გაცემა. მოპასუხის მიერ გაცემულ ყადაღის შესახებ ცნობაში შენიშვნის სახით იყო მითითებული, რომ ქ. თბილისში, ........... ქ. ¹17-ში ყადაღა ჰქონდა დადებული ლ. ა-ის, ზ. ს-ისა და თ. ყ-ას სახელზე რიცხულ ქონებას.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სარჩელის აღძვრის დროს ქ. თბილისში, ......... ქ. ¹17-ში ცხოვრობდა ოთხი თანამესაკუთრე: ც. პ-ი, ლ. ა-ე, ვ. ა-ი და ნ. ა-ი, რომელთაც ერთობლიობაში გააჩნდათ მთლიანი ქონების ერთი მთელი წილი (1/3+1/3+1/6+1/6). რაც შეეხებოდათ თ. ყ-ასა და ზ. ს-ეს, ისინი უკვე აღარ იყვნენ ქ. თბილისში, ........ ქ. ¹17-ში არსებული ქონების მესაკუთრეები და არ გააჩნდათ არანაირი საკუთრება აღნიშნულ მისამართზე, რასაც ადასტურებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი და საკადასტრო გეგმა, რის გამოც გამოდიოდა, რომ ყადაღა ჰქონდა დადებული არარსებული მესაკუთრეების არარსებულ ქონებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თ. ყ-ასა და ზ. ს-ის ქონებაზე, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ყადაღის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მდებარეობდა ქ. თბილისში, ........ ქ. ¹17-ში, დადებული ყადაღის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ, როგორც მოსარჩელეს მიაჩნდა, არ არსებობდა საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერის არსებობის კანონიერი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებული დავების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე მითითებას ცალსახად ითვალისწინებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი, რომლითაც დადგინდა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დავების ერთპიროვნულად განხილვის წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ც. პ-ის სარჩელი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემული საქმის განხილვა არ ექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი იყო ქონებაზე ყადაღის გაუქმება და არა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, როგორც ეს მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის განჩინებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ც. პ-ის სარჩელის განხილვა დაკავშირებული არ იყო საჯარო ინტერესებთან, “სააღსრულებო წამოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე წარედგინებოდა მოვალესა და კრედიტორს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური არც მოვალე იყო და არც კრედიტორი, ხოლო ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება არ განეკუთვნებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას და ადმინისტრაციული ორგანოს მხარედ ჩაბმა არ განაპირობებდა სარჩელის განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მცხეთის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, ც. პ-ის სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, მაგრამ წარმოდგენილი საქმის მასალები არ არის იმდენად სრულყოფილი, რომ საკასაციო სასამართლომ ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს უფლებამოსილი სასამართლო და მოცემული საქმე განსახილველად დაუქვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით რეგლამენტირებულია სარჩელის შინაარსი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ხოლო “ე” ქვეპუნქტის მიხედვით _ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სარჩელი, ანუ მასში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ ნაწილში ქვეპუნქტებად ჩამოყალიბებული სარჩელის სავალდებულო რეკვიზიტებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა, იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებზე დაფუძნებითაც მოსარჩელე აყენებს შესაბამის მოთხოვნებს, აგრეთვე _ სათანადო მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელში ნათლად, გარკვევით და არაორაზროვნად უნდა ჩამოაყალიბოს ხსენებული გარემოებები, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არა გვაქვს, რის გამოც სარჩელი ხარვეზიანია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არასასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ (ს.ფ. 3), რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისში, ......... ქ. ¹17-ში არსებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან ლ. ა-ე, ნ. ა-ი, ც. პ-ი და ვ. ა-ი. ამდენად, ხსენებული ამონაწერი ეხება მხოლოდ დასახელებულ მისამართზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და წარმოდგენილი საკადასტრო გეგმაც (ს.ფ. 5) გაცემულია ქ. თბილისში, ....... ქ. ¹17-ში მდებარე 682 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს მიმართვები ქ. თბილისში, .......... ქ. ¹17-ში განთავსებულ, ზ. ს-ისა და თ. ყ-ას კუთვნილ შენობა-ნაგებობებზე ყადაღის დადების მიზნით, რაც კანონით დადგენილი წესით არ არის მოხსნილი. ასევე საქმეში არ მოიპოვება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ამ მისამართზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკუთრების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გარკვევას კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის თავის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დადებულ ყადაღას და, შესაბამისად, მოითხოვს ყადაღის მოხსნას ამ ქონებაზე, წარმოდგენილი სარჩელი იქნება სამოქალაქო სარჩელი, ვინაიდან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ყადაღის მოხსნას მოითხოვს სხვის ქონებაზე, მაშინ სასამართლო იმსჯელებს, თუ რამდენად არის სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელისათვის უფლებადამცავი ხასიათის და მოსარჩელის რომელი უფლება უნდა იქნეს დაცული სასარჩელო წარმოების წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ც. პ-ის სარჩელის გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ც. პ-ის სარჩელის გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.