ბს-1163-1114(გ-07) 23 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ბ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ბ-მა 06.11.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქარელის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოპასუხის 02.10.06წ. ¹711 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში აწ გარდაცვლილ ვ. ბ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 25.02.01წ. გარდაიცვალა მისი მეუღლე ვ. ბ-ი, რომლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში, 3000 კვ.მ მიწის ფართობზე განლაგებული 154,2 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რაც დასტურდებოდა სახლის ტექნიკური პასპორტითა და სოფ. ბერეთის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით. 22.09.06წ. მ. ბ-მა გააკეთა საკადასტრო აზომვები და თანდართულ საბუთებთან ერთად ვ. ბ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს, შემდგომში სამკვიდრო ქონების გადაფორმებისათვის, საიდანაც 02.10.06წ. ¹711 წერილით რეგისტრაციის განხორციელებაზე მიიღო უარი, რომლის საფუძველი იყო ვარაუდი, ვითომდა აწ გარდაცვლილ ვ. ბ-სა და ყ. ს-ს შორის მოხდა ქონების ყიდვა-გაყიდვა, თუმცა აღნიშნული საბუთი მათთან არ იყო და არც მისი გაფორმების წელი იყო ცნობილი. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული უარი იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
ქარელის რაიონული სასამართლოს 02.02.07წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ყ. ს-ი.
ქარელის რაიონული სასამართლოს 30.03.07წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 02.10.06წ. ¹711 წერილი მოქ. მ. ბ-მი და დაევალა მას მ. ბ-ის უძრავი ქონების რეგისტრაცია სათანადო დოკუმენტების შესაბამისად.
ქარელის რაიონული სასამართლოს 30.03.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ყ. ს-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.07წ. განჩინებით ყ. ს-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ადმინისტრაციულმა პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნეს განხილული, სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით უნდა წესრიგდებოდეს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში 3000 კვ.მ მიწის ფართზე განლაგებული 154.2 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეობა. რეალურად, ერთმანეთს ედავებიან ფიზიკური პირები: მ. ბ-ი, რომელიც აცხადებს, რომ მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს – ვ. ბ-ს ხსენებული უძრავი ქონება არ გაუსხვისებია და შესაბამისად, დანაშთი ქონება მას ეკუთვნის და ყ. ს-ი, რომლის განცხადებითაც ვ. ბ-მა თავის დროზე მას მიჰყიდა ხსენებული უძრავი ქონება. ამრიგად, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებით მოცემული სამართალურთიერთობა არ განეკუთვნება იმ დავათა კატეგორიას, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. შესაბამისად, აღნიშნული დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11.1 მუხლის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნულს არ ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხედ დასახელებული ჰყავდა არა ყ. ს-ი, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახური, რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერებში რა სახის ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი ან საერთოდ იქნეს თუ არა შეტანილი, დამოკიდებულია ხსენებულ ფიზიკურ პირთა შორის არსებულ დავის გადაწყვეტაზე. მას შემდეგ, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საბოლოოდ დადგინდება თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საჯარო რეესტრის სააგენტო ვალდებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, შესაბამისობაში მოიყვანოს საჯარო რეესტრის ჩანაწერები აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.07წ. განჩინებით ყ. ს-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს და იურიდიულ პირებს შორის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, “საჯარო სამართლის იურიდიული პირი” (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოსარჩელე ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების უკანონოდ აღიარებას, კერძოდ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული წერილის ბათილად ცნობას. სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგანი ამ შემთხვევაში გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, მოცემული სამართალურთიერთობა განეკუთვნება იმ დავათა კატეგორიას, რომელთა განხილვაც უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო ნორმებით დადგენილი წესების მიხედვით. მართალია, ის იურიდიული ინტერესი, რაც ამ შემთხვევაში მხარეს გააჩნია (უძრავი ქონების მის სახელზე აღრიცხვა საკუთრების უფლებით) მიღწეულ უნდა იქნეს იმ სარჩელის შეტანის გზით, რასაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა უთითებს, მაგრამ აღნიშნული სარჩელი აღძრული არაა და შესაბამისად, ვერც მის საფუძვლიანობაზე იმსჯელებდა სამოქალაქო პალატა. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულებული მოქმედების არაკანონიერად აღიარება, სამოქალაქო სარჩელის არარსებობის პირობებში სამოქალაქო პალატა მასზე ვერ იმსჯელებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის სარჩელი და შესაბამისად ყ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. დავა ეხება არა საკუთრების უფლების დადასტურებას, არამედ მის რეგისტრაციაში გატარებას. მ. ბ-ის მოთხოვნა უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის განხორციელების მოთხოვნას, კერძოდ, უძრავ ნივთებზე დაქვემდებარებულ უფლებათა რეგისტრაციას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დავის საგანს შეადგენს. მოსარჩელე მოთხოვნას ადმინისტრაციულ კანონმდებლობაზე ამყარებს და ითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 02.10.06წ. ¹711 წერილის ბათილად ცნობას და უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარებას. განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და სარჩელი აღძრულია ასკ-ის 2.1 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. ამასთან, მართალია, ყ. ს-სა და მ. ბ-ს შორის სადავოა ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში, 3000 კვ.მ მიწის ფართობზე განლაგებული 154,2 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრების საკითხი, მაგრამ მოცემულ საქმეზე აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს და დავა არსებობს კერძო პირს _ მ. ბ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს შორის, რომელიც წარმოიშვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაზე (უძრავი ქონების რეგისტრაციაზე) უარის თქმის გამო, რაც გამორიცხავს დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად საქმეს წარმოადგენს. ამდენად, მესამე პირის _ ყ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა გადაეცეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ყ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.