¹ბს-130-129(გ-08) 13 მარტი, 2008 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხი საქმეზე ე. ე.-ის სარჩელი მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/411 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის მისი კანდიდატურის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობასთან შესაბამისობის ხელმეორედ განხილვის დავალების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ე.-მ 2006 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...-ის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/411 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისი კანდიდატურის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობასთან შესაბამისობის ხელმეორედ განხილვის დავალება.
მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ იგი ...-ის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ...-ის მეცნიერებათა კანდიდატი. მონაწილეობა მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წლის ივნისში გამართულ კონკურსში, თუმცა აღმოჩნდა კონკურსში გამარჯვებულთა სიის მიღმა. საკონკურსო კომისიის დასკვნა არ შეესაბამება თავდაპირველად გამოცხადებულ საკონკურსო პირობებს, გამარჯვებულად გამოცხადებული პირების (მ. ს.-ა, თ. ც.-ე) მონაცემები არ აღემატებოდა მის სამეცნიერო-რეიტინგულ მონაცემებს, საკონკურსო კომისიის ...-ის მიმართულების ქვეკომისიის წევრების სამეცნიერო-რეიტინგული მონაცემები ძალზედ დაბალი იყო იმისათვის, რომ მათ ...-ის სპეციალისტების რეალური შეფასება შეძლებოდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. ე.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
კონკურსის ჩატარებისას სრულად იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესები. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ. ფ.-ს, ს. რ.-ის და მ. გ.-ის (საკონკურსო კომისიის წევრები) ჩვენებებით დადასტურდა, რომ კონკურსის ჩატარებისას ყურადღება ექცეოდა კონკურსანტის პედაგოგიურ გამოცდილებას, რაშიც კონკურსში გამარჯვებულ პირებს, მოსარჩელე ე. ე.-თან შედარებით, უდავო უპირატესობა გააჩნდათ. ამასთან, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ საანკეტო მონაცემებში მოსარჩელეს არ მიუთითებია ... ენის ცოდნის შესახებ, ნაშრომები კი შესრულებული ჰქონდა ...-ზე. საკონკურსო კომისიამ სწორად ჩათვალა, რომ კონკურსანტს, თუ მას პრეტენზია ჰქონდა ...-ის ნაშრომების კვლევაზე, აუცილებლად უნდა სცოდნოდა ... ენა, რათა ნაშრომები დაემუშავებინა დედანში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ე.-მ. მისი სააპელაციო საჩივარი 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით განსახილველად მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ. ამავე პალატამ, 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადასცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/411 ბრძანების ბათილად ცნობა ... ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ...-ის მიმართულებით დანიშვნის ნაწილში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ე. ე.-ის კანდიდატურის ხელახლა განხილვის დავალება ... ფაკულტეტის ...-ის მიმართულებით ასისტანტ-პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, აგრეთვე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის ¹97/01-01-07-04 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სასამართლომ მიუთითა, რომ ე. ე.-ი მუშაობდა რა სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და შესაბამისად მასზე ვრცელდება არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, არამედ იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოსაც წარმოადგენს, მაგრამ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც მისი გამოცემა მოხდება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე; “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელი სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. შრომითი ურთიერთობებები, თუ ისინი ვერ ექცეოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში, წესრიგდებოდა იმჟამად მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით, რომელიც წარმოადგენს კერძოსამართლებრივ საკანონმდებლო აქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს დადგენის მიზნით გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განისაზღვრება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები, რომელთაც არ განეკუთვნება ე. ე.-ის სარჩელი, ვინაიდან დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/411 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის აზრით შეიზღუდა მისი კანონიერი უფლებები). აღნიშნული ბრძანებით დანიშნული იქნენ ... ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე, ასევე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობებზე, სხვადასხვა პირები, მათ შორის - ...-ის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობებზე მ. ს.-ა და თ. ც.-ე. სარჩელის მიხედვით ე. ე.-ის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მისი კანდიდატურის, როგორც კონკურსში მონაწილე პირის ხელახლა განხილვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება საკონკურსო კომისიის დასკვნას, რომელმაც არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია მისი სამეცნიერო-რეიტინგული მონაცემები შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა. ამდენად, სამართალსუბიექტურობის მიხედვით, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის ადმინისტრაციული ორგანო.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს.
სადავო სამართლებრივი აქტი გამოცემულია საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის – “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებათა განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების საფუძველზე.
სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებული კონკურსის შედეგს, რომლითაც შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ მხოლოდ კონკურსში გამარჯვებული პირები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი, რომელიც აწესრიგებს საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას. ამავე საფუძვლიდან გამომდინარეობს ე. ე.-ის სასარჩელო მოთხოვნა მისი კანდიდატურის ხელახლა განხილვის მოპასუხისათვის დავალების თაობაზე.
ამდენად, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ჩათვალა, რომ სადავო სამართალურთიერთობა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, რაც ადასტურებს საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსაზღვრის საჭიროებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ე.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განისაზღვრება იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული კოდექსით დადგენილი საპროცესო წესებით. ამასთან, არსებითი ელემენტი, რომლის შედეგადაც დავა მიჩნეული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმედ, არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/411 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც თანამდებობებზე დაინიშნენ ... ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორებად ...-ის მიმართულებით მ. ს.-ა და თ. ც.-ე, აგრეთვე - მოპასუხისათვის ე. ე.-ის კანდიდატურის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობასთან შესაბამისობის ხელმეორედ განხილვის დავალება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და იმავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დეფინიციის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. იმავე კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალათ – უზრუნველეყოთ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანა.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ღ” ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით ამტკიცებდა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესს.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე გამოიცა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 19 მაისის ¹87 ბრძანება “... ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესის დამტკიცების თაობაზე”, რომლის შესაბამისად 2006 წლის ივლისში ჩატარდა კონკურსი და მისი შედეგების გათვალისწინებით გამოიცა სადავო 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/411 ბრძანება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მიღებისას “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი ურთიერთობები ატარებს საჯარო სამართლებრივ შინაარსს, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო აქტი იმპერატიულად მიუთითებს აკადემიურ თანამდებობაზე პირის დანიშვნის შესახებ მხოლოდ ღია კონკურსის შედეგების საფუძველზე. კონკურსი უნდა ჩატარდეს საჯაროდ, მასში მონაწილეობის მიმღები ყველა პირისათვის თანასწორი უფლებების მინიჭებით. კონკურსანტების რეიტინგული მონაცემები, მათი ნაშრომები საკონკურსო კომისიის მიერ უნდა შეფასდეს ობიექტურად და მიღებულ უნდა იქნეს სამართლიანი გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებული კონკურსის შედეგს, რომლითაც შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ მხოლოდ ამ კონკურსში გამარჯვებული პირები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 19 მაისის ¹87 ბრძანება, რომლებიც ერთობლიობაში წარმოადგენენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას და აწესრიგებენ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/411 ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ ელემენტებს, რის გამოც მის კანონიერების თაობაზე წარმოშობილი დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ზემოთაღნიშნული კანონმდებლობის საფუძველზე ე. ე.-ის სასარჩელო მოთხოვნა – მისი კანდიდატურის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობასთან შესაბამისობის ხელმეორედ განხილვის დავალების თაობაზე საჯარო სამართლებრივი შინაარსისაა და ეფუძნება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას, რის გამოც მისი საფუძვლიანობა ასევე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ე.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.