Facebook Twitter

¹ბს-1330-1289(გ-06) 25 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. რ-ის სარჩელის, მოპასუხის _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიმართ, განსჯადობის საკითხი.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი. რ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ /იხ.ს.ფ. 2-4/.

საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. რ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას /იხ.ს.ფ. 40-42/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 184-197/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 233-238/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ი. რ-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. და 2.2. მუხლები და განმარტა, რომ სადავო აქტი _ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს და შესაბამისად, მისი კანონიერების შემოწმება უნდა განხორციელებულიყო შრომის კანონთა კოდექსის და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე არ იყო საჯარო მოხელე, ხოლო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უნდა შემოწმებულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით /იხ.ს.ფ. 293- 296/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მიაჩნია რომ ი. რ-ის სარჩელი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად ი. რ-ს თავდაპირველად სარჩელი აღძრული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. რ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას /იხ.ს.ფ. 40-42/. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კი 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არსებითად იმსჯელა ი. რ-ის სარჩელზე და არ დააკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 184-197/.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, თუ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თეორიულად დავა წამოიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასთან, რომელმაც 2007 წელს ი. რ-ის სარჩელი მიიჩნია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავად, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველზე უნდა გაეუქმებინა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შემაჯამებელი, საბოლოო გადაწყვეტილება ი. რ-ის სარჩელის არდაკმაყოფილების შესახებ და წამოეწყო დავა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასთან, რა შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე ექნებოდა პროცესუალური შესაძლებლობა ემსჯელა სასამართლოთა შორის დავის გადაწყვეტის საკითხზე, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა სააპელაციო სასამართლოს არ გაუუქმებია საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. რ-ის სარჩელი განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ, ამ სტადიაზე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის პროცესუალური თვალსაზრისით არასწორად წარმართვის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დავის საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებითაც იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ არის საქმე განსახილველი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა უზრუნველყოფილია და ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში პროცესუალური თვალსაზრისით შეუძლებელია, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში თეორიულადაც არა აქვს შესაძლებლობა საქმე, მისი სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის პირობებში, განსახილველად დაუქვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაკი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გაუქმებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსჯადობის შესახებ დავის არასწორი პროცესუალური ფორმულირების გამო, საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. 1. ი. რ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიმართ, დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.