¹ბს-133-132(გ-08) 27 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მოპასუხე _ სს “...”
მესამე პირი _ სს “...-ის” დირექტორი მ. დ.-ე
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 2 ოქტომბერს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოპასუხის _ სს “...-ის” მიმართ, მესამე პირი _ სს “...-ის” დირექტორი მ. დ.-ე.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს ,,...-ს” შორის 1999 წლის 15 ივნისის ¹10 განვადება-ნასყიდობის ხელშეკრულებით სს ,,...-ს” გადაეცა სამინისტროს მიერ პროგრამის ფარგლებში შემოყვანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2002 წლის 17 ივნისს გაგრძელდა 2004 წლის 1 იანვრამდე. სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა სს ,,...-ის” ადმინისტრაციამ ასახა საწარმოს ბალანსში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა სს ,,...-ის” გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების კრებაზე სამინისტრომ, როგორც ერთ-ერთმა კრედიტორმა, მოითხოვა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკის უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება, რაც არ გაითვალისწინა გაკოტრების მმართველმა და სალიკვიდაციო ბალანსზე არასწორი ჩანაწერით ტექნიკა კვლავ აღრიცხა სს ,,...-ის” ერთიან ქონებად.
მოსარჩელის განმარტებით, გაკოტრების კრებაზე სს ,,...-ის” დირექტორმა მ. დ.-მ აღიარა ის ფაქტი, რომ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ვერ გადაიხადა ტექნიკის ღირებულების საფასური. სადავო ტექნიკის მესაკუთრედ მ. დ.-ე მიიჩნევდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,გაკოტრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკის სს ,,...-ის” ბალანსიდან გამოყოფა და მოსარჩელისათვის დაბრუნება; აგრეთვე ზიანის ანაზღაურების სახით სს ,,...-ის” გაკოტრების მმართველისათვის 150 680 ლარის დაკისრება.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სს ,,...-ის” გაკოტრების მასიდან დაუბრუნდა სარჩელში მითითებული ტექნიკის ნაწილი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმეები განსაზღვრული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების შესაბამისად. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება, შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის განვადება-ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოპასუხეს – იურიდიულ პირს შორის. მოსარჩელე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ამოცანა – სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, წარმოადგენდა მის საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იურიდიულ პირთან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და დავაც, შესაბამისად, გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3ბ/78-08 წელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის გამო, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადასცემოდა საკასაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, გაკოტრების საქმეს, მიუხედავად მოვალის ქონების ღირებულებისა და კრედიტორების მოთხოვნების ოდენობისა, განიხილავდა რაიონული (საქალაქო) სასამართლო (გაკოტრების სასამართლო) მოვალის საცხოვრებელი ადგილის ან მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნოდა, არა მხოლოდ უზრუნველყოფის მიზნით, გაკოტრების მმართველს უნდა დაებრუნებინა უფლებამოსილი პირისათვის. თუ გაკოტრების მმართველი უარს იტყოდა დაბრუნებაზე, უფლებამოსილ პირს შეეძლო აღეძრა სარჩელი და მოეთხოვა ნივთის დაბრუნება ან თავის უფლების დადასტურება.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს ,,...-ს” შორის დადებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, არ განაპირობებდა მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევას. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, დავის საგანი იყო გაკოტრების მასიდან საკუთრების ამორიცხვა და ზიანის ანაზღაურება, რაც განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის დებულებათა საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი მოპასუხის _ სს “...-ის” მიმართ, მესამე პირი _ სს “...-ის” დირექტორი მ. დ.-ე, ნივთების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა არა მარტო საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები), არამედ დავის საგანი.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ სს “...-ის” მიმართ, მესამე პირი _ სს “...-ის” დირექტორი მ. დ.-ე, ნივთების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სამოქალაქო საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სარჩელი აღძრულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მხარეები ერთმანეთთან კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში არიან და მათი ურთიერთობაც პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ურთიერთობაა. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი აღძრულია ნივთების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. მოსარჩელე სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს “გაკოტრების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 402-404-ე და 414-ე მუხლებზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. სასარჩელო მოთხოვნები მთლიანად დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მატერიალურ ნორმებზე და დავის საგანს წარმოადგენს ნივთების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე _ სს “...-ის” მიმართ, მესამე პირი _ სს “...-ის” დირექტორი მ. დ.-ე, ნივთების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე _ სს “...-ის” მიმართ, მესამე პირი _ სს “...-ის” დირექტორი მ. დ.-ე, ნივთების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.