¹ბს-142-138(გ-08) 2 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სსიპ “გორის უნივერსიტეტის” (სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
a. ტ-მა და დ. ლ-მა 11.01.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომლებმაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.12.06წ. ¹2-58 და 28.12.06წ. ¹2-73 ბრძანებების გაუქმება, უნივერსიტეტის ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კომისიის დასკვნის ბათილად ცნობა, დისციპლინარული სასჯელის გაუქმება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1991 წლიდან იყვენენ ცხინვალიდან დევნილები და ამავე წლიდან ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამფუძნებლებიც, ამდენად ამ ინსტიტუტის უნივერსიტეტად გარდაქმნის მომენტში და მის შემდეგ მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზ. ც-მა სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე დაყრდნობით, ყოვლად უსაფუძვლოდ და კანონის უხეში დარღვევით გაათავისუფლა სამსახურიდან მთელი ოჯახი, დ. ლ-ი პედაგოგიური ფაკულტეტის ..... თანამდებობიდან, ხოლო ა. ტ-ი .... თანამდებობიდან. ა. ტ-ის გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ. ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 7.1. პუნქტის “გ” ქვეპუნქტი და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კომისიის დასკვნა. დ. ლ-ის გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ. ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი. მოსარჩელეების მოსაზრებით ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15.12.06წ. ¹2-58 და 28.12.06წ. ¹2-73 ბრძანებები არ არის კანონიერი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ. ¹473 ბრძანებულებით განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება და არა პროფესორ-მასწავლებლების, რექტორის მოადგილეების უსაფუძვლო გათავისუფლება. მართალია, უნივერსიტეტში მოსალოდნელი სტრუქტურული რეორგანიზაიის შესახებ მართლაც გაფრთხილდნენ თანამშრომლები, მაგრამ აღნიშნული გაფრთხილება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სამუშაოდან მათი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებად, რადგან იმ დროისათვის არ მომხდარა უნივერსიტეტის არც ლიკვიდაცია და არც თანამდებობების შემცირება, გაფრთხილება ეხებოდა მხოლოდ მოსალოდნელ რეორგანიზაციას. მოსარჩელეთა განცხადებით, უნივერსიტეტში არ მომხდარა შტატებით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირება, მოხდა მხოლოდ რეორგანიზაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ამასთან, თუ მოხდებოდა სტრუქტურული ცვლილება და თან მოჰყვებოდა შტატების შემცირებაც, ამავდროულად ყველა თანამდებობა უნდა გამხდარიყო ვაკანტური და გამოთავისუფლებული ადგილების დაკავება უნდა განხორციელებულიყო კონკურსის წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.12.06წ. ¹2-58 და 28.12.06წ. ¹2-73 ბრძანებები ეწინააღმდეგება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, არასწორად არის გამოყენებული “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის და შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნებიც.
გორის რაიონული სასამართლოს 20.06.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტები – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15.12.06წ. ¹2-58 და 28.12.06წ. ¹2-73 ბრძანებები და ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგბლობის კომისიის 28.12.06წ. დასკვნა, ცხინვალის სახელმწფო უნივერსიტეტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
გორის რაიონული სასამართლოს 20.06.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.07წ. საოქმო განჩინებით, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 22.08.07წ. ¹176 დადგენილების შესაბამისად, სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდა, სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, აპელანტი – სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – სსიპ “გორის სახელმწიფო უნივერსტეტით”. ამასთან, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით გადასცა უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნეს განხილული, სამართალურთიერთობა უნდა წესრიგედბოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება. პალატამ მიუთითა, რომ სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში” მოსარჩელეების სამსახურში აღდგენისა და მათთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას (რაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს) ვერ იქნებოდა გამოყენებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რადგან აღნიშნულ კანონში მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კი მასში მოხსენიებული არ არის. გარდა აღნიშნულისა, “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ¹286 ბრძანებულებაში ამომწურავად ჩამოთვლილ საჯარო მოსამსახურეთა შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების უფროსი ბიბლიოთკარის ან რექტორის მოადგილის თანამდებობები მოხსენებულნი არ არიან, რის გამოც, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებით უდავოა, რომ ისინი საჯარო მოსამსახურეებად არ ითვლებიან. სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი” საჯარო სამართლის იურიდიული პირია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის, განსჯადობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებით უნდა მოწესრიგდეს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. სადავო სამართალურთიერთობა უმთავრესად საქართველოს შრომის კოდექსით უნდა მოწესრიგდეს, რომელიც კერძო სამართლის კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, შრომის ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.01.08წ. საოქმო განჩინებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქმე განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა. ტ-ის და დ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა: ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.12.06წ. ¹2-58 და 28.12.06წ. ¹2-73 ბრძანებების, ასევე ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის კომისიის 28.12.06წ. დასკვნის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება. გასაჩივრებული ¹2-73 ბრძანებით ა. ტ-ი გათავისუფლდა სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობიდან, ხოლო ¹2-58 ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა ასევე რექტორის მოადგილის თანამდებობიდან. 2-58 ბრძანება საფუძვლად დაედო აგრეთვე დ. ლ-ის უფროსი ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან გათავისუფლებას. პალატამ აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ბრძანებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, საკითხი მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს არ გადაუწყვეტია და მისი კვლავ განხილვა ახალი აქტების გამოცემით დაავალა ცხინვალის უნივერსიტეტს. სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს 22.07.07წ. განჩინებით ა. ტ-სა და დ. ლ-ის განცხადების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ უნივერსიტეტის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გაირკვევა, ითვლებიან თუ არა ა. ტ-ი და დ. ლ-ი უნივერსიტეტის თანამშრომლებად. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და მისი განმარტების შესახებ განჩინებით, მოსარჩელეები სამსახურში აღდგენილები არ ყოფილან, ამასთან გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული არ არის და იგი აღნიშნულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს. გორის რაიონული სასამართლოს 20.06.07წ. გადაწყვეტილება მხოლოდ ¹2-58 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში იქნა გასაჩივრებული მოპასუხე უნივერსიტეტის მიერ. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს აქტის გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სამართალურთიერთობა ემყარებოდა საჯარო კანონმდებლობას, რაც ადასტურებდა საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ სსიპ “გორის უნივერსიტეტის” (სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს შეადგენდა სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.12.06წ. ¹2-58 და 28.12.06წ. ¹2-73 ბრძანებები, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის კომისიის 28.12.06წ. დასკვნა, სამსახურში აღდგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება. გორის რაიონული სასამართლოს 20.06.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” 15.12.06წ. ¹2-58 და 28.12.06წ. ¹2-73 ბრძანებები, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის კომისიის 28.12.06წ. დასკვნა და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტმა”, კერძოდ, სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” 15.12.06წ. ¹2-58 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, რომლითაც დ. ლ-ი გათავისუფლდა პედაგოგიური ფაკულტეტის უფროსი ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან, ხოლო ა. ტ-ი რექტორის მოადგილის თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც მოცემული დავა არ არის თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის.
განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, აპელანტი სსიპ “გორის უნივერსიტეტი” წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში სსიპ “გორის უნივერსიტეტის” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.12.06წ. ¹2-58 ბრძანებით ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო პედაგოგიური ფაკულტეტის უფროსი ბიბლიოთეკარი დ. ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ა. ტ-ი რექტორის მოადგილის თანამდებობიდან. ის გარემოება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოდ უნდა იქნეს მიჩნეული, არ ადასტურებს სსიპ თანამშრომლის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმების გამოყენების საჭიროებას. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი(საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობები არ არის მითითებული აგრეთვე არც საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთანავე, ა. ტ-ისა და დ. ლ-ის სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურეებს და არ წესრიგდება “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონით. ამდენად, ა. ტ-ი და დ. ლ-ი ვერ ჩაითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად და, შესაბამისად, მათი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება არ უნდა იქნეს მიჩნეული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.
საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ა. ტ-სა და დ. ლ-ის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. სადავო ბრძანებაში “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ. ¹473 ბრძანებულების მითითება არ ცვლის განსახილველი დავის ხასიათს. მითითებული აქტი არ აწესრიგებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების წესს ან პროცედურას. აღნიშნული აქტის სადავო ბრძანებაში მითითებული ნორმა, კერძოდ მე-2 მუხლის “თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს. ამდენად, ხსენებული ნორმა ვერ ზემოქმედებს განსახილველი დავის დარგობრივი განსჯადობის საკითხზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია.
ის გარემოება, რომ აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 12.12.06წ. ¹2-58 ბრძანების ნაწილში, რომლითაც ა. ტ-ი გათავისუფლდა პრორექტორის თანამდებობიდან, ხოლო დ. ლ-ი მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან, არ ადასტურებს გადაწყვეტილების იმ ნაწილში ძალაში შესვლას, რომლითაც ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საქართველოს მთავრობის 22.08.07წ. ¹176 დადგენილების თანახმად, ამჟამად მის უფლებამონაცვლეს სსიპ “გორის უნივერსიტეტს”) დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ტ-ის უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობიდან, ხოლო დ. ლ-ის მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 15.12.06წ. ¹2-58 ბრძანების საფუძველზე ა. ტ-ი გათავისუფლდა პრორექტორის თანამდებობიდან, ხოლო დ. ლ-ი უფროსი ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან, ბრძანება სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი, აღნიშნული გულისხმობს ადმინისტრაციის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემას, სადავო აქტის ბათილად ცნობა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ლოგიკურად უწყვეტ კავშირში იმყოფება, ამდენად გადაწყვეტილების სხენებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრება თავისთავად გულისხმობს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებასაც, რომლითაც უნივერსიტეტს დაევალა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა პრორექტორის და მთავარი ბიბლიოთეკარის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული 15.12.06წ. ¹2-73 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, რომლითაც ა. ტ-ი გათავისუფლდა უნივესიტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობიდან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო წყვეტს განსჯადობის შესახებ სასამართლოებს შორის დავას, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ისეთი საქმის განსჯადობაზე დავას, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 15.12.06წ. ¹2-73 ბრძანების ნაწილში უკვე შესულია კანონიერ ძალაში, არ განაპირობებს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის საგნობრივ განსჯადობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “გორის უნივერსიტეტის” (სსიპ “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.