ბს-151-141(გ-07) 14 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ჯ. ჯ-ა (იმავდროულად მეორე მოსარჩელე ნაირა ჯ-ის უფლებამონაცვლე)
მოპასუხეები _ 1. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო (ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლე); 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური (ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლე); 3. ბ. ქ-ი; 4. თ. ა-ი; 5. ნოტარიუსი ი. ქ-ე; 6. ნოტარიუსი ნ. ლ-ე
მესამე პირები: 1. სს “... ბანკის” ქუთაისის ფილიალი; 2. ც. ზ-ი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 5 თებერვალს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ჯ. ჯ-მ და ნ. ჯ-მ მოპასუხეების _ თ. ა-ის, ბ. ქ-ის, ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს (ამჟამად ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო), ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს (ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური), ქ. წყალტუბოს ნოტარიუსების _ ი. ქ-ისა და ნ. ლ-ის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითეს სს “... ბანკის” ქუთაისის ფილიალზე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
1. ქ. წყალტუბოს ¹2 სამწვადესა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორის მიერ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა;
2. 2002 წლის 31 დეკემბერს ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლ-ის მიერ დამოწმებული, თ. ა-სა და ბ. ქ-ს შორის დადებული ¹2 სამწვადის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
3. 2003 წლის 8 იანვარს ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ-ის მიერ დამოწმებული, სს “... ბანკსა” და ბ. ქ-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
4. საჯარო რეესტრის სამსახურისათვის რეესტრში ჩანაწერის შეტანის დავალება იმის შესახებ, რომ თ. ა-ი, ჯ. ჯ-ა და ნ. ჯ-ი იყვნენ შპს “ლ...ს” კუთვნილი ქონების, მათ შორის, ქ. წყალტუბოს ¹2 სამწვადისა და მისი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები და მათი წილი განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: თ. ა-ი _ 50%, ჯ. ჯ- _ 30%, ნ. ჯ-ი _ 20%.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1995 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელე ჯ. ჯ-მ და თ. ა-მა შექმნეს ამხანაგობა ქ. წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შესყიდვის მიზნით. ხსენებული ობიექტის მთლიანი ღირებულება, აუდიტორის შეფასებით, შეადგენდა 1621 აშშ დოლარს. აღნიშნული ამხანაგობის თითოეული წევრი მისი შენატანების შესაბამისად, ითვლებოდა ობიექტის თანამესაკუთრედ. თ. ა-ის წილი შეადგენდა 50%-ს, ხოლო ჯ. ჯ-ს წილი _ შესაბამისად 50%-ს. ამხანაგობის უფლებამოსილ პირად დაინიშნა თ. ა-ი. ამხანაგობის დამფუძნებელი ხელშეკრულება 1995 წლის 23 ოქტომბერს დამოწმდა სანოტარო წესით ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ-ის მიერ. 1995 წლის 10 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტი გაიყიდა კონკურსის წესით, რის საფუძველზეც ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და თ. ა-ს შორის დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹103 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება 1995 წლის 23 ოქტომბერს სანოტარო წესით დაამოწმა ქ. წყალტუბოს ნოტარიუსმა ი. ქ-მ. დასახელებული ქონება 1995 წლის 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა მყიდველს _ ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ა-ს. 1996 წლის 30 იანვარს დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ქ. წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის ბაზაზე დაფუძნდა შპს “ლ...ა”, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ჯ. ჯ-, მისი მეუღლე ნ. ჯ-ი, თ. ა-ი და მისი მეუღლე დ. ბ-ე. ხსენებული საზოგადოების საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 2560 აშშ დოლარი. დამფუძნებელ პარტნიორებს შორის კი წილები განაწილდა შემდეგნაირად: თ. ა-ი _ 30%, ჯ. ჯ- _ 30%, დ. ბ-ე _ 20%, ნ. ჯ-ი _ 20%. აღნიშნული საზოგადოების წარმომადგენლობის ერთპიროვნული უფლებამოსილება მიენიჭა მის დირექტორს _ თ. ა-ს. შპს “ლ...ა” კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ იქნა სამეწარმეო რეესტრში წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 16 მაისის დადგენილებით. 2001 წელს საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის _ დ. ბ-ის გარდაცვალების გამო, თ. ა-მა მემკვიდრეობით მიიღო მისი გარდაცვლილი მეუღლის წილი და მოსარჩელეთა თანხმობის საფუძველზე, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია და შპს “ლ...ს” საწესდებო კაპიტალი პარტნიორებს შორის განაწილდა შემდეგნაირად: თ. ა-ი _ 50%, ჯ. ჯ- _ 30%, ნ. ჯ-ი _ 20%.
მოსარჩელეთა მითითებით, 2003 წელს მათთვის ცნობილი გახდა, რომ თ. ა-მა მათგან დამოუკიდებლად გაასხვისა შპს “ლ...ს” ქონება და გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მოპასუხე ბ. ქ-თან. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, მოსარჩელეებმა რამდენჯერმე მიმართეს, როგორც ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლ-ს, ასევე საჯარო რეესტრის სამსახურს, თუმცა მათგან ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს. საჯარო რეესტრის სამსახურში არსებული დოკუმენტებიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2003 წლის 8 იანვარს ნოტარიუსმა ი. ქ-მ სანოტარო წესით დაამოწმა შპს “ლ...ს” ქონების მყიდველ ბ. ქ-სა და სს “... ბანკის” ქუთაისის ფილიალს შორის დადებული ხელშეკრულება, ბანკიდან გამოტანილი სესხის უზრუნველსაყოფად ბ. ქ-ის საკუთრებაში რიცხული ქონების _ ზემოაღნიშნული სამწვადის შენობისა და მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის შესახებ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე თ. ა-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს “ლ...ს” ქონების გასხვისებისას მისთვის უცნობი იყო, რომ ასხვისებდა სხვის ქონებას და იცოდა, რომ იგი მის საკუთრებას წარმოადგენდა, რადგან შპს “ლ...ს” დაფუძნებისას თანხა მთლიანად მისი გადახდილი იყო, რის გამოც მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს არ გააჩნდა რაიმე სახის უფლება შპს “ლ...ს” ქონებაზე. სარჩელი არ ცნო მოპასუხე ბ. ქ-მაც და განმარტა, რომ სადავო ქონების შეძენისას მისთვის უცნობი იყო, რომ აღნიშნული ქონება თ. ა-ის გარდა, სხვის საკუთრებასაც წარმოადგენდა, რადგან ყველა დოკუმენტი თ. ა-ის სახელზე იყო რეგისტრირებული, რის გამოც თანხა გადაუხადა მას და შეიძინა სადავო ქონება. სარჩელი არ ცნეს, აგრეთვე, მოპასუხეებმა _ ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსმა, ქ. წყალტუბოს ნოტარიუსმა ი. ქ-მ და ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-სა და ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს მიერ საჯარო რეესტრში შესრულებული ჩანაწერი ¹2 სამწვადესა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრში ჩანაწერის შეტანა, რომ თ. ა-ი, ჯ. ჯ-ა და ნ. ჯ-ი წარმოადგენდნენ შპს “ლ...ს” კუთვნილი ქონების, მათ შორის, ¹2 სამწვადისა და მისი განუყოფელი ნაწილის _ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს და მათ შორის წილები უნდა განსაზღვრულიყო შემდეგნაირად: თ. ა-ი _ 50%, ჯ. ჯ-ა _ 30%, ნ. ჯ-ი _ 20%; ბათილად იქნა ცნობილი ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლ-ის მიერ 2002 წლის 31 დეკემბერს დამოწმებული ¹2 სამწვადის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თ. ა-სა და ბ. ქ-ს შორის; ბათილად იქნა ცნობილი ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ-ის მიერ 2003 წლის 8 იანვარს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება სს “... ბანკის” ქუთაისის ფილიალსა და ბ. ქ-ს შორის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “... ბანკის” ქუთაისის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე, ბ. ქ-მა, რომელმაც ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა აგრეთვე თ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ მან 1995 წლის 10 ოქტომბერს ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსაგან ერთპიროვნულად შეისყიდა ქ. წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შენობა და სხვა ქონება კონკურსის წესით, რისთვისაც 1995 წლის 18 სექტემბერს გადაიხადა ხსენებული ობიექტის საწყისი ფასი _ 1621 აშშ დოლარი.
აპელანტმა განმარტა, რომ მასსა და ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1995 წლის 10 ოქტომბერს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ¹103 ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით და თ. ა-მა ერთპიროვნულად მოიპოვა შესყიდულ ობიექტზე საკუთრების უფლება, ხოლო აღნიშნული სამმართველოს მიერ 1998 წლის 9 იანვარს გაცემული ¹53/158-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით ხსენებული ობიექტის ერთადერთი მესაკუთრე იყო თ. ა-ი. აპელანტმა აღნიშნა, რომ 1996 წელს ქ. წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შენობა მის საკუთრებას ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა და შესაბამისად, შპს “ლ...ს” დაფუძნებისას მის საწესდებო კაპიტალში არ ჩაუდია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ც. ზ-ი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” ქუთაისის ფილიალის, ბ. ქ-ისა და თ. ა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება; ჯ. ჯ-სა და ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ჯ-მ და ნ. ჯ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეჩერდა საკასაციო წარმოება კასატორ ნ. ჯ-ის გარდაცვალების გამო, მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განჩინებით გარდაცვლილი კასატორის _ ნ. ჯ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჯ. ჯ-ა და მოცემულ საქმეზე განახლდა წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით ჯ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი მოსარჩელის მოთხოვნები, რომლებიც არ უკავშირდებოდა პრივატიზების საკითხების გამორკვევას (მოთხოვნები თ. ა-სა და ბ. ქ-ს შორის დადებული ¹2 სამწვადის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სს “... ბანკსა” და ბ. ქ-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში შპს “ლ...ას” კუთვნილი ქონების თანამესაკუთრეებად თ. ა-ის და ჯ. ჯ-ს ცნობისა და მათი წილის განსაზღვრის შესახებ).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით სს “... ბანკის” ქუთაისის ფილიალის, ბ. ქ-ისა და თ. ა-ის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნებიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, იგი განხილული უნდა ყოფილიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ ჯ. ჯ-ს სარჩელი კომბინირებული ხასიათისაა _ შედგება ერთმანეთთან ორგანულად ურთიერთდაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნისაგან, კერძოდ, ჯ. ჯ-მ და ნ. ჯ-მ (რომლის უფლებამონაცვლესაც ამჟამად წარმოადგენს ჯ. ჯ-ა) სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ქ. წყალტუბოს ¹2 სამწვადესა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს (ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური) რეგისტრატორის მიერ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა; 2002 წლის 31 დეკემბერს ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ნ. ლ-ის მიერ დამოწმებული, თ. ა-სა და ბ. ქ-ს შორის დადებული ¹2 სამწვადის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2003 წლის 8 იანვარს ქ. წყალტუბოს ნოტარიუს ი. ქ-ის მიერ დამოწმებული, სს “... ბანკსა” და ბ. ქ-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის სამსახურისათვის რეესტრში ჩანაწერის შეტანის დავალება იმის შესახებ, რომ თ. ა-ი, ჯ. ჯ-ა და ნ. ჯ-ი არიან შპს “ლ...ს” კუთვნილი ქონების, მათ შორის, ქ. წყალტუბოს ¹2 სამწვადისა და მისი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები და მათი წილი განისაზღვრება შემდეგნაირად: თ. ა-ი _ 50%, ჯ. ჯ- _ 30%, ნ. ჯ-ი _ 20%.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ჯ. ჯ-მ და ნ. ჯ-მ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეებად მიუთითეს ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოზე (უფლებამონაცვლე წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო), ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოზე (უფლებამონაცვლე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური), ნოტარიუსებზე _ ი. ქ-სა და ნ. ლ-ზე, რის გამოც მოცემულ დავაში ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ არის საკმარისი და გადამწყვეტი წინაპირობა კონკრეტული დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის და საამისოდ არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის საგნის არსსა და ფაქტობრივ შინაარსს, ასევე სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და მის იურიდიულ ბუნებას, ანუ იმ გარემოებას, თუ მოქმედი კანონმდებლობის რომელი დარგიდან გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნები და შესაბამისი სამართალურთიერთობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი სასარჩელო მოთხოვნებიდან პირველად და ძირითად მოთხოვნას, რომელიც არსებითად განსაზღვრავს მოცემულ საქმეზე დავის საგანს, წარმოადგენს საჯარო რეესტრში ჩანაწერის შეტანა თანამესაკუთრეთა წილების განსაზღვრისა და აღრიცხვის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას გააჩნია მატერიალური შინაარსი და იმავდროულად თავისი არსით დაკავშირებულია საკუთრების სანივთო უფლებასთან, ანუ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, ვინაიდან სწორედ სამოქალაქო კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს ასევე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები. კონკრეტულ შემთხვევაში თანამესაკუთრეთა წილების განსაზღვრასა და აღრიცხვასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი, განმსაზღვრელი ხასიათი დასტურდება მოცემული საქმის მასალებით, მათ შორის, თ. ა-ის განმარტებებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც თ. ა-ი მიუთითებდა, მასსა და ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1995 წლის 10 ოქტომბერს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ¹103 ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით და თ. ა-მა ერთპიროვნულად მოიპოვა შესყიდულ ობიექტზე საკუთრების უფლება, ხოლო აღნიშნული სამმართველოს მიერ 1998 წლის 9 იანვარს გაცემული ¹53/158-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით ხსენებული ობიექტის ერთადერთი მესაკუთრე იყო თ. ა-ი, 1996 წელს ქ. წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის შენობა მის საკუთრებას ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა და შესაბამისად, შპს “ლ...ს” დაფუძნებისას მის საწესდებო კაპიტალში არ ჩაუდია. სასარჩელო განცხადებაში კი მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: ქ. წყალტუბოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და თ. ა-ს შორის დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹103 ხელშეკრულება, რომელიც 1995 წლის 23 ოქტომბერს სანოტარო წესით დაამოწმა ქ. წყალტუბოს ნოტარიუსმა ი. ქ-ემ. დასახელებული ქონება 1995 წლის 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა მყიდველს _ ამხანაგობის წარმომადგენელ თ. ა-ს. 1996 წლის 30 იანვარს დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ქ. წყალტუბოს კურორტვაჭრობის ¹2 სამწვადის ბაზაზე დაფუძნდა შპს “ლ...ა”, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ჯ. ჯ-ა, მისი მეუღლე ნ. ჯ-ი, თ. ა-ი და მისი მეუღლე დ. ბ-ე. ხსენებული საზოგადოების საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 2560 აშშ დოლარი. დამფუძნებელ პარტნიორებს შორის კი წილები განაწილდა შემდეგნაირად: თ. ა-ი _ 30%, ჯ. ჯ-ა _ 30%, დ. ბ-ე _ 20%, ნ. ჯ-ი _ 20%. ამასთან, შპს “ლ...ას” წარმომადგენლობის ერთპიროვნული უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა მის დირექტორს _ თ. ა-ს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ 1995 წლის 10 ოქტომბრის ¹103 ხელშეკრულების გაფორმების კანონიერება, სასარჩელო განცხადება არ შეეხება პრივატიზების განხორციელების კანონიერებას, რის გამოც იგი მხოლოდ ფორმალური მხრივ არის დაკავშირებული პრივატიზებასთან, ანუ იმ კუთხით, თუ რამდენად კანონიერად განხორციელდა პრივატიზების შედეგად დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ფორმალური ასახვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში. ამდენად, ქ. წყალტუბოს ¹2 სამწვადესა და შესაბამის მიწის ნაკვეთზე თ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორის მიერ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია შპს “ლ...ას” კუთვნილი ქონების, მათ შორის, ქ. წყალტუბოს ¹2 სამწვადისა და მისი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეების წილების განსაზღვრასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ამ მოთხოვნასთან არსებითად, ორგანულად დაკავშირებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანად გარკვევასა და სარწმუნოდ დადგენაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული ზემოთ დასახელებული სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენს სარჩელის დამოუკიდებელ საგანს, არამედ თანამდევი შედეგია ჯ. ჯ-ს დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი არც ერთი ელემენტი, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართაწარმოების წესით. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო საქმეს და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.