Facebook Twitter
¹ბს-152-142(გ-07) 26 ივლისი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ა-მა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹945-კ ბრძანების ბათილად ცნობა სამსახურიდან მისი გათავისუფლების ნაწილში, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
მ. ა-ი 2006 წლის 13 მაისიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ...ად _ ზონის სახელმწიფო ...ად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹945-კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “კ” ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაათავისუფლეს თანამდებობიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მოსარჩელე თანამდებობიდან გაათავისუფლა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და სამსახურებრივი სუბორდინაციის დარღვევის მოტივით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 1 მარტის დადგენილების გამოტანასთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რასაც საფუძვლად დაედო სს “ .. ..” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ენერგოზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტების მიერ 2006 წლის 24 თებერვლის ქ. ქუთაისში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹3ა-ში ელექტროენერგიას მოიხმარდა უმრიცხველოდ და ხორციელდებოდა დენის დატაცება, ანუ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
შიდა კონტროლის სამსახურის მუშაკთა მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და სამსახურებრივი სუბორდინაციის დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ მან ხელი არ მოაწერა ზემოხსენებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, არ ჩაიბარა მისი ასლი, მომხდარის შესახებ წერილობით არ აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უარი განაცხადა სასამართლო უწყების ჩაბარებაზე, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მონაწილეობა ვერ მიიღო 2006 წლის 1 მარტის სასამართლო სხდომაზე და შესაბამისად, ვერ დაიცვა მისი უფლებები და ინტერესები, მაშინ როცა მომხდარი შემთხვევის შესახებ მან იმთავითვე სიტყვიერად აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმდროინდელ ხელმძღვანელობას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის სხდომაზე მოსარჩელე, როგორც მხარე, არ ყოფილა მიწვეული, მას არ ჩაბარებია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების ასლი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ, ასეთი სახდელის არსებობა მისთვის ცნობილი გახდა 6 თვის შემდეგ, კერძოდ, 2006 წლის 18 სექტემბერს, როცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის იმერეთის ბიუროდან მიიღო წერილობითი მომართვა ამ თანხის გადახდის შესახებ.
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლებოდა არა საქართველოს შრომის კოდექსით, არამედ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამავე დებულების მიხედვით, სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინაშე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი ადმინისტრაციულ ორგანოს განმარტავს, როგორც ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსის თანამდებობას მიაკუთვნებს წამყვან სახელმწიფო საჯარო თანამდებობათა რიცხვს. ვინაიდან მოსარჩელის, როგორც სახელმწიფო მოხელის სტატუსი სრულად შეესაბამებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას სადავო ბრძანების გამოცემისას უნდა გამოეყენებინა ამავე კანონის 99-ე მუხლი, თუმცა სამუშაოდან დათხოვნა ასეთ შემთხვევაშიც იქნებოდა უკანონო, რამდენადაც იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის, რომლისთვისაც მოგვიანებით დაითხოვეს სამუშაოდან, ერთხელ უკვე იყო დასჯილი დისციპლინური წესით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2006 წლის 26 სექტემბრის ¹173 ბრძანებით გამოცხადებული ჰქონდა საყვედური. “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი იმპერატიულად ადგენდა, რომ ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
საგულისხმოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის დადგენილება 5000 ლარის გადახდევინების თაობაზე და შეწყდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ წარდგენილი ადმინისტრაციული საქმის წარმოება (ს.ფ. 1-6).
საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაცემის შესახებ (ს.ფ. 48-49).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. ა-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 44-ე მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. მართალია, მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მაგრამ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ წესრიგდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის დებულება დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით. დებულების თანახმად, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულია საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე და მისი გათავისუფლების ბრძანება ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 50-51).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ა-ი 2006 წლის 9 ოქტომბრამდე მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ...ად _ ზონის სახელმწიფო ...ად, საიდანაც გათავისუფლდა ამავე სამსახურის თავმჯდომარის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹945-კ ბრძანებით. სასამართლოს მითითებით, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფო რეესტრს, გარდა ამ კანონის 2.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრისა, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელსაც წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს ¹70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას განეკუთვნება საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის უზრუნველყოფა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით. ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ,” “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონებით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს” დებულებით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები და ფუნქციები. აღნიშნული დებულებიდან ცხადია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან დელეგირებული აქვს მისი უფლებამოსილებანი საჯარო რეესტრის წარმოების სფეროში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით ადმინისტრაციულ ორგანოდ ჩაითვლება ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამდენად, სასამართლოს აზრით, უნდა ჩაითვალოს, რომ თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული ორგანოა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 “დ” მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან მ. ა-ი ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სასამართლოს აზრით, განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაც გამომდინარებს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამასთან, საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობა რეგულირდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომელიც განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და აღნიშნული კანონიდან წარმოშობილი დავაც უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (ს.ფ. 54-56).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელის დავის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის _ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ...ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ სამართლებრივს, რამდენადაც ამისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში მ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ მ. ა-ისა და მის დამქირავებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის შრომითი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონიდან და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დავაც უნდა გადაწყდეს აღნიშნული კანონის საფუძველზე.
მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. მართალია, აღნიშნულ რეესტრში სამინისტროს წამყვან საჯარო თანამდებობად მითითებულია სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსის თანამდებობა, მაგრამ მოსარჩელეს არ ეკავა აღნიშნული თანამდებობა. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს ¹70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-13 მუხლში განსაზღვრულია სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩამონათვალი, მათ შორის, ასეთად განხილულია სახელმწიფო რესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები _ სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები, ხოლო ამავე დებულების მე-11 და მე-13 მუხლების, ისევე როგორც “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანო და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო არ არიან იდენტური დაწესებულებები. ამდენად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი არ შეიძლება განხილულ იქნეს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს უფროსად. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, აქედან გამომდინარე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად. ვერც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.
საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ მ. ა-ის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. მ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ძირითადი სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კოდექსის ნორმებია. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.