ბს-162-158 (გ-08) 24 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. დ.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. დ.-მ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს 24.05.06წ. ტვირთის წარდგენის ¹217 ოქმისა და 09.06.06წ. ¹00477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობისა და კუთვნილი მობილური ტელეფონების დაბრუნების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, რომ 24.05.06წ. რიკოთის უღელტეხილზე არსებული საავტომობილო გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, საიდანაც გადმოიტანეს მოსარჩელის პირადი ტვირთი სხვადასხვა დასახელების 59 მობილური ტელეფონი, რომელიც ჩამოართვეს იმ საფუძვლით, რომ ტვირთს არ ერთვოდა შესაბამისი საბუთები და გადაიტანეს გორში მდებარე ,,ავგროტერმინალის” ტერიტორიაზე. მოსარჩელე უთითებს, რომ იგი შეეცადა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებისათვის წარედგინა ტვირვის თანხმხლები დოკუმენტები. მაგრამ თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ დოკუმენტები მეორე დღეს უნდა წარმოედგინა და დაუბრუნებდნენ ტვირთს.ავტოტერმინალში პოლიციის თანამშრომლებმა დოკუმენტი შეავსეს და ხელი მოაწერინეს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ 29.05.06წ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმი გადაგზავნილი იქნა გორის საგადასახადო ინსპექციაში შემდგომი რეაგირებისათვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ტვირთის წარდგენის ოქმი უკანონოა, ვინაიდან მისი, როგორც ინდივიდუალური მეწარმის შემოწმება ხორციელდება სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ხოლო ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს არ მოუმართავთ სასამართლოსათვის შესაბამისი შუამდგომლობით. ამასთან, უკანონოდაა განსაზღვრული ჯარიმის თანხა 10322,5 ლარი, ვინაიდან ჯარიმის თანხა უნდა განესაზღვრა ექსპერტს და უნდა განხორციელებულიყო ტვირთის ინვენტარიზაცია, რაც არ მომხდარა. საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს არ დაუყადაღებია ტვირთი, რასაც ჯარიმის გადახდამდე ითვალისწინებს მითითებული მუხლი.
გორის რაიონული სასამართლოს 25.08.06წ. გადაწყვეტილებით ზ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგდაასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.07წ. განჩინებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 15.08.06წ. ¹1059 საგადასახადო მოთხოვნა და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელემ მოითხოვა წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება, ასევე აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე ქუთაისის საგადასახადო ორგანოს 27.06.06წ. ¹07/419 ბრძანების გაუქმება, სამართალდარღვევისა და ტვირთის წარდგენის ოქმების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 06.09.06წ. განჩინებით ზ. დ.-ის სასარჩელო განცხადება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მიმართ, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 15.08.06წ. ¹1059 საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი წარედგინა სასამართლოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის ან მისი ადგილსამყოფელის შესაბამისად და ვინაიდან მოსარჩეკლე ზ. დ.-ის ერთ-ერთ მოთხოვნაზე – ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 06.09.06წ. ¹1059 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობაზე, თავდაპირველი მოპასუხე – გორის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით – ქუთაისის საგადასახადო ინსპექციით, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, შესაბამისად ამ მოთხოვნის ნაწილში განსჯად სასამართლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლო უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. დ.-ის სასარჩელო განცხადება, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 06.09.06წ. ¹1059 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში, მოპასუხე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, განსჯადობის წესით განსახილველად უნდა გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.01.08წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ზ. დ.-ის სარჩელისა გამო მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსს 22-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. სასამართლოს აზრით, მითითებული მუხლის მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ სარჩელი მიღებული უნდა იქნას წარმოებაში განსჯადობის წესების დაცვით. სარჩელის წარმოებაში სწორად მიღების შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს პირობები და იგი სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს, მაგრამ ეს არ არის საქმის გადაცემის საფუძველი, რადგან აღნიშნული გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე მიღებული იყო ტერიტორიული განსჯადობის წესების დაცვით, ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის შეცვლა არ წარმოადგენს განსჯადობის შეცვლის საფუძველს და საქმე უნდა განიხილოს გორის რაიონულმა სასამართლომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე გორის რაიონული სასამართლოს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ზ. დ.-ის სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიულ განსჯადობაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მხოლოდ სარჩელის საგნობრივი განსჯადობა და შესაბამისად, ზ. დ.-ის სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსჯადობას ადმინიტსრაციულ სამართალწარმოებაში იმპერატიული და არა დისპოზიციური ხასიათი აქვს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან საქმე მიღებული იყო ტერიტორიული განსჯადობის წესების დაცვით, ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის შეცვლა არ წარმოადგენს განსჯადობის შეცვლის საფუძველს და საქმე უნდა განიხილოს გორის რაიონულმა სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში მოხდა არა მოპასუხის ადგილსამყოფელის შეცვლა, საქმეში ჩაება ახალი მხარე, მოპასუხის სახით, სსკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის პირობების შეცვლა არ მოქმედებს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე იმ შემთხვევაში, უკეთუ სარჩელის განსჯადობის წესების დაცვით იქნა მიღებული წარმოებაში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოქმი წარმოადგენს შუალედურ აქტს, იგი თავისთავად არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს და ვერ იქნება მიჩნეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, მაგრამ არა სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, არამედ სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გშარეშე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჭიროებდა დაზუსტებას, გორის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება არ ადასტურებს იმას, რომ სახეზეა განსჯადობის წესების დაცვით საქმის წარმოებაში მიღება (სსკ-ის 22-ე მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციის უფროსი/ მოადგილე ადგენს ოქმის შედგენის სისწორეს, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტს, დარღვევის ჩამდენის ბრალეულობის და პასუხისმგებლობის საკითხს, რის საფუძველზეც გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც ფორმდება ბრძანებით. საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს/ სხვა ვალდებულ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, წერილობით ეცნობება ამ გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო საგადასახადო სანქციის გამოყენების შემთხვევაში, წარედგინება ,,საგადასახადო მოთხოვნა”. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანება ან სხვა გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული აქტები შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია აღნიშნული ბრძანება ან სხვა გადაწყვეტილება ან მისმა კანონიერმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით, მხოლოდ მათ საფუძველზე გამოცემულ “საგადასახადო მოთხოვნასთან” ერთად. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად ,,საგადასახადო მოთხოვნა” არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. ,,საგადასახადო მოთხოვნა” კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის, 146-ე მუხლის 1 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არის საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 82-ე, 147.2 მუხლების მიხედვით, საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ვინაიდან საგადასახადო დავის დაწყების საფუძველია ,,საგადასახადო მოთხოვნა” და არა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს ადგილმდებარეობას. იმის გათვალისწინებით, რომ 15.08.06წ. ¹1056 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, საქმე იმყოფება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. დ.-ის სარჩელი, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 06.09.06წ. ¹1059 საგადასახადო მოთხოვნისა და ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია და საქმე, ამ ნაწილში, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ. დ.-ის სარჩელის დანარჩენი, კერძოდ ტვირთის წარმდგენის 24.05.06წ. ¹217 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილის განსჯადობა სასამართლოებს შორის სადავოდ არ გამხდარა, 26.3 მუხლის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას ზ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის განსჯადობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. დ.-ის სარჩელის განსჯადობის სადავო ნაწილი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.