Facebook Twitter

ბს-172-161(გ-07) 21 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა რ. ჩ-ს წარმომადგენლის კ. ს-ს სარჩელთან დაკავშირებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 12 ოქტომბერს რ. ჩ-ს წარმომადგენელმა კ. ს-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ა. მ-ის მიმართ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1999 წლის 26 იანვარს მოქალაქე დაგმარა სემიონოვამ ნოტარიული წესით უანდერძა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... დასახლება, X კვარტალი, კორპუსი 38ბ, ბინა ... და მისი გარდაცვალების დღიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე ცოლ-შვილთან ერთად. მან სამკვიდროს მიღების მიზნით, მიმართა ნოტარიუს ა. მ-ს, რომელმაც 2006 წლის 11 მაისის დადგენილებით უარი უთხრა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2006 წლის 11 მაისის სანოტარო აქტის ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით რ. ჩ-ას წარმომადგენლის - კ. ს-ს სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, იმ მოტივით, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი იყო სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემა) უარის თქმის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობა, რაც დარეგულირებულია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით და განიხილება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, ხოლო, რაც შეეხება ნოტარიუსის მიერ გაცემულ მოწმობას, სასამართლოს მითითებით, მართალია, ნოტარიუსი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც დელეგირებული აქვს საჯარო უფლებამოსილება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემა) უარის თქმის შესახებ დადგენილება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან იგი გამოცემულია არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე.

ამდენად, სასამართლოს განმარტებით, სარჩელი, დავის საგნის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნები სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათისაა და დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ნორმები, თანახმად საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით რ. ჩ-ს წარმომადგენლის - კ. ს-ს სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნოტარიუსის დადგენილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა არ წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს, რის გამოც განსჯადობის შესახებ უნდა ემსჯელა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვავაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო ვადის აღდგენასა და მემკვიდრედ ცნობაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული დადგენილების გაუქმება და ნოტარიუსის დავალდებულება, გასცეს სამკვიდრო მოწმობა. სამემკვიდრეო სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტს, რომელიც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, რის გამოც, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, რასაც ასევე ადასტურებს თავად გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი.

ნოტარიუსის მიერ, მის უფლებამოსილებში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ განაპირობებს განსახილველი დავის ავტომატურ რეჟიმში ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებისათვის დაქვემდებარებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი _ ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და იგი ვერ განიხილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტით დეფინირებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის დადგენილება, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, არ შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ზემომითითებულ ელემენტს, რის გამოც, დავა ფიზიკურ პირსა და ნოტარიუსს შორის, როგორც სამოქალაქო, კერძოდ, სამემკვიდრეო სამართალურთიერთობასთან გამომდინარე, არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მიხედვით განსახილველ დავათა კატეგორიას.

ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.