ბს-173-162(გ-07) 25 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ ვ. და ქ. ა-ები
მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 2 ივნისს ვ. და ქ. ა-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, საჯარო რეესტრის მიერ 2002 წლის 30 იანვარს გაცემული ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, .... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილ ი. ა-ას სახელზე. ხსენებული რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად საჯარო რეესტრმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონზე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებაზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებაზე, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2000 წლის 7 სექტემბრის ¹ფ-29 დასკვნასა და ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 1999 წლის 27 დეკემბერს გაცემულ საინვენტარიზაციო გეგმაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 27 თებერვალს მოსარჩელეებმა წერილით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ქ. თბილისში, ..... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრეებად ვ. ა-ას, ქ. ა-ასა და ზ. ფ-ას აღრიცხვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 4 აპრილის წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლისა და ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აუცილებელი იყო ფიზიკური პირის კუთვნილი ქონება დარეგისტრირებულიყო პირველადი რეგისტრაციით, თუნდაც იგი გარდაცვლილი ყოფილიყო. ამდენად, მოსარჩელეების მოთხოვნა ჩაითვალა უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის აწგარდაცვლილ ი. ა-ას სახელზე გაფორმება წარმოადგენდა კანონის დარღვევას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. იმავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონოდა სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობოდა დაბადების მომენტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდებოდა მისი გარდაცვალებით. ამდენად, იმისათვის, რომ პირს (კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი) საკუთრების უფლებით გადასცემოდა და შესაბამისად, მის სახელზე რეგისტრირებულიყო ქონება, საჭირო იყო, რომ ეს პირი ცოცხალი ყოფილიყო, ანუ ჰქონოდა უფლებაუნარიანობა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ი. ა-ა მის სახელზე ქონების რეგისტრაციის მომენტისათვის გარდაცვლილი იყო, საჯარო რეესტრის მხრიდან მის სახელზე ქონების რეგისტრაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებისა და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ქონების რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო ვ. ა-ას, ქ. ა-ასა და ზ. ფ-ას სახელზე, რომლებიც იმ დროისათვის წარმოადგენდნენ პირებს, რომელთა მიერ განხორციელებული მოქმედებები ქმნიდა საფუძველს მათ სახელზე ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ შეილახა მათი, როგორც თანამესაკუთრეების, კანონიერი უფლებები, რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერში არ მოხდა მათი თანამესაკუთრეებად აღრიცხვა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორება და ქ. თბილისში, ..... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრეებად ვ. ა-ას, ქ. ა-ასა და ზ. ფ-ას აღრიცხვა (დაფიქსირება).
2006 წლის 27 ივნისს ვ. და ქ. ა-ებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მიუთითეს, რომ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაუშვა შეცდომა _ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრეებად აღრიცხული არ იყვნენ ვ. ა-ა, ქ. ა-ა და ზ. ფ-ა, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვეს შესაბამისი მოქმედების განხორციელება _ მათი აღრიცხვა ხსენებული სახლის თანამესაკუთრეებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით ვ. და ქ. ა-ების სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ თანამესაკუთრეებად ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას; ვ. და ქ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო წარმოებაში და შეჩერდა წარმოებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვ. და ქ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნა თანამესაკუთრეებად ცნობის ნაწილში გამოყოფილი უნდა ყოფილიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რადგან საკუთრებითი ურთიერთობა რეგულირებული იყო სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით და განიხილებოდა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმის საფუძველზე, რის გამოც სარჩელის კონკრეტული მოთხოვნა გამომდინარეობდა არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავის საგანი ემყარებოდა სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და არ მიეკუთვნებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორების თაობაზე, განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესის განსახილველ დავათა კატეგორიას, რის გამოც ცალკე წარმოებად უნდა გამოყოფილიყო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორების თაობაზე, მიღებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ წარმოებაში და შეჩერებულიყო წარმოებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელეებმა _ ვ. და ქ. ა-ებმა აღნიშნეს, რომ განსახილველი იყო არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული დავა, ხოლო თუ სარჩელს განიხილავდა სამოქალაქო კოლეგია, მაშინ მოპასუხეც არასათანადო იყო და მოპასუხე უნდა ყოფილიყო ზ. ფ-ა. 2006 წლის 29 დეკემბერს ვ. და ქ. ა-ებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და აღნიშნეს, რომ მათი ადმინისტრაციული საქმიდან გამოყოფილი საქმე არ იყო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი, ვინაიდან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მათი სასარჩელო მოთხოვნა გაიგო, როგორც ორი სხვადასხვა მოთხოვნა, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორება და ხსენებული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად ვ. და ქ. ა-ების ცნობა. შუამდგომლობის ავტორებმა მიუთითეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა ერთ მოთხოვნას და არა ორ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას, რაც ნათლად ჩანდა მათი სარჩელიდან, რომლითაც მათ სადავოდ გახადეს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ჩანაწერის სისწორე და ამტკიცებდნენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ საფუძვლების მითითებით, რომლითაც მან იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ აქტში ჩანაწერის განხორციელებისას, ქ. თბილისში, .... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრეებად უნდა აღერიცხა ვ. ა-ა, ქ. ა-ა, ზ. ფ-ა და არა ი. ა-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით ვ. და ქ. ა-ების სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა რეესტრის ჩანაწერში შესწორების შეტანა, კერძოდ, უძრავი ქონების _ ქ. თბილისში, .... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრეებად ვ. ა-ას, ქ. ა-ასა და ზ. ფ-ას რეგისტრირება. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგენელმა განმარტეს, რომ თანამესაკუთრეებად ცნობის მოთხოვნას საერთოდ არ შეიცავდა მათ მიერ აღძრული სარჩელი, არამედ პრეტენზიები ჰქონდათ მარეგისტრირებელ ორგანოსთან, სადავოდ ხდიდნენ მოპასუხე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ჩანაწერის სისწორეს და არა თანამესაკუთრეებად მათ აღიარებას და სწორედ ამიტომ მიუთითეს მოპასუხედ მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, როდესაც მოთხოვნა ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორებას, საჯარო რეესტრის, როგორც მოპასუხის, მიერ მოქმედების განხორციელებას, დავა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან და განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათA კატეგორიას, ხოლო თანამესაკუთრეებად ცნობის მოთხოვნა არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას, არამედ განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მოქმედების განხორციელების, ანუ ჩანაწერის შესწორების შესახებ მოთხოვნის შემადგენელი ნაწილი, როელიც განუყოფელი იყო აღნიშნული მოთხოვნისგან, ვინაიდან ასახავდა განსახორციელებელი შესწორების შინაარსს და, შესაბამისად, ვ. და ქ. ა-ების სარჩელის გამო დავა არ წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე (სასამართლო სხდომის ოქმი _ ს.ფ. 44) მოსარჩელეებმა _ ვ. და ქ. ა-ებმა აღნიშნეს, რომ განსახილველი იყო არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული დავა, ხოლო თუ სარჩელს განიხილავდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მაშინ მოპასუხეც არასათანადო იყო და მოპასუხედ უნდა ყოფილიყო ზ. ფ-ა, 2006 წლის 29 დეკემბერს კი ვ. და ქ. ა-ებმა შუამდგომლობით (ს.ფ. 45) მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და აღნიშნეს, რომ მათი ადმინისტრაციული საქმიდან გამოყოფილი საქმე არ იყო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი, ვინაიდან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მათი სასარჩელო მოთხოვნა გაიგო, როგორც ორი სხვადასხვა მოთხოვნა, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორება და ხსენებული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად ვ. და ქ. ა-ების ცნობა, ამასთAნ, მათი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა ერთ მოთხოვნას და არა ორ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას, რაც ნათლად ჩანდა მათი სარჩელიდან, რომლითაც მათ სადავოდ გახადეს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ჩანაწერის სისწორე და ამტკიცებდნენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ საფუძვლების მითითებით, რომლითაც მან იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ აქტში ჩანაწერის განხორციელებისას, ქ. თბილისში, .... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრეებად უნდა აღერიცხა ვ. ა-ა, ქ. ა-ა, ზ. ფ-ა და არა ი. ა-ა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. და ქ. ა-ების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელი შეიცავს არა ერთ სასარჩელო მოთხოვნას, როგორც ამის შესახებ მიუთითეს მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაში, არამედ ორ სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ ვ. და ქ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფასა და აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის გადაგზავნას, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესწორების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის წარმოებაში მიღებასა და მასზე წარმოების შეჩერებას, ვინაიდან საკუთრებითი ურთიერთობა რეგულირებულია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით და განიხილება სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, რის გამოც სარჩელის დასახელებული მოთხოვნა (თანამესაკუთრეებად ცნობა) გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნული უშუალოდ დასტურდება ვ. და ქ. ა-ების სარჩელის შინაარსით, ანუ მოსარჩელეების მიერ სარჩელში მითითებული მოთხოვნების არსით, კერძოდ, მოსარჩელეებმა სარჩელში აღნიშნეს, რომ შეილახა მათი, როგორც თანამესაკუთრეების, კანონიერი უფლებები, რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერში არ მოხდა მათი თანამესაკუთრეებად აღრიცხვა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორება და ქ. თბილისში, ..... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე სახლის თანამესაკუთრეებად ვ. ა-ას, ქ. ა-ასა და ზ. ფ-ას აღრიცხვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეში არსებულ მოსარჩელე ქ. ა-ას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის წარდგენილ განცხადებაზე (ს.ფ. 28-31), რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹63/6ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა განმცხადებლისა და მისი ძმის, ასევე მათი მშობლების შრომით მონაგარს წარმოადგენდა, აღნიშნულ ქონებაზე მათსა და მათ დედინაცვალ ზ. ფ-ას შორის იყო დაუმთავრებელი დავა, ხოლო სადავო სახლი მათმა მამამ _ ი. ა-ამ ააშენა 1979-1980 წლებში. ხსენებულ განცხადებაში ქ. ა-ამ მიუთითა, რომ ის და მისი ძმა _ ვ. ა-ა სარჩელით მოითხოვდნენ მათთვის კანონით მინიჭებულ წილს _ მათი მშობლების ქონების 2/3-ს, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესწორებას და თანამესაკუთრეებად ცნობას, თითოეული მათგანისა _ დასახელებული ქონების 1/3 წილის თანამესაკუთრედ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მოსარჩელეებმა _ ვ. და ქ. ა-ებმა სარჩელში მოპასუხედ მიუთითეს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე, მაგრამ, როგორც ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, ზემოთ მოხსენიებულ ქონებაზე მათ, ფაქტობრივად, დავა აქვთ (წილების განსაზღვრა) მათ დედინაცვალ ზ. ფ-თან, რომელიც, მათივე განმარტებით, სათანადო მოპასუხე უნდა ყოფილიყო, თუ სარჩელს განიხილავდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. გარდა ამისა, ამ ეტაპზე მოცემული საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელეების მიერ მამკვიდრებლისაგან სადავო ქონების მემკვიდრეობით მიღებას.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესწორების თაობაზე მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრმა ამჟამად გარდაცვლილ პირზე _ ი. ა-ზე პირველადი რეგისტრაცია განახორციელა იმ სახით, რა სახითაც არსებობდა სადავო ქონება რეგისტრაციის დროს მასთან საკუთრების უფლებრივი მიმართების კუთხით, ხოლო ხსენებული რეგისტრაციის ფორმალურად შესაცვლელად _ ცვლილების საჯარო რეესტრში ასახვის კუთხით, მოსარჩელეებმა ჯერ თვითონ უნდა შეცვალონ თავიანთი სამართლებრივი მიმართება სადავო ქონებასთან, აღნიშნული მიმართების გარკვევა და შესაბამისი დასკვნის გაკეთება კი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იურიდიულად, მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების გზით შეიძლება იქნეს განხორციელებული. შესაბამისად, ვ. და ქ. ა-ების სარჩელის მატერიალური შინაარსის განმსაზღვრელ, იმავე სარჩელის ორგანულად შემადგენელ, პირველად და ძირითად სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ხსენებული პირველადი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევისა და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით (ს.ფ. 8), რომლითაც ვ. და ქ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შესწორების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო წარმოებაში და შეჩერდა წარმოებით, მხარეებს განემარტათ, რომ შეიძლებოდა კერძო საჩივრის იმავე კოლეგიაში შეტანა საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში, თუმცა მხარეებს დასახელებულ ნაწილში კერძო საჩივარი არ წარუდგენიათ და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეჩერება სადავოდ არ გაუხდიათ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ისე იმსჯელა მოსარჩელეების _ ვ. და ქ. ა-ების ზემოხსენებულ შუამდგომლობასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მისთვის გადაგზავნილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში დავის განსჯადობაზე, რომ არ შეუსრულებია ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, პირველ ყოვლისა, საჭირო იყო მოსარჩელეების შესაბამისი საპროცესო უფლების დაცვისათვის და, ამასთანავე, გამომდინარეობდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან. კერძოდ, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ ვ. და ქ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს მათივე სარჩელის შემადგენელ ძირითად მოთხოვნას. მოსარჩელეები კი, ფაქტობრივად, უარს აცხადებდნენ თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელეებს არ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, აგრეთვე, არ განუმარტა მათ, რომ იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უნდა შეასრულოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, დააზუსტებინოს და დააკონკრეტებინოს მოსარჩელეებს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ აცხადებენ თუ არა ისინი უარს კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნაზე, აგრეთვე, განუმარტოს მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, ასევე შესაბამის შემთხვევაში, განსაზღვროს მის მიერ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე სათანადო მოპასუხე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის კლასიკური დავა განსჯადობის შესახებ, რის გამოც საქმე ვ. და ქ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნის გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ თანამესაკუთრეებად ცნობის თაობაზე ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ვ. და ქ. ა-ების სასარჩელო მოთხოვნის გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ თანამესაკუთრეებად ცნობის თაობაზე შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.