Facebook Twitter
ბს-177-173(გ-08) 30 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლენა ფრიდონიშვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ფ-მა 22.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნოტარიუს მ. მინდიაშვილის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხის მიერ 13.03.07წ. გამოცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ ¹3 და ¹4 დადგენილებების გაუქმება და მოპასუხისათვის მოსარჩელის შვილის - გ. ფ-სა და მეუღლის ბ. ვ-ის ქონებაზე ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის სრულად გაცემა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობდა .... მას. მე-2 მ/რ, კორპ. 47, ბ. 12-ში. 01.07.06წ. გარდაეცვალა შვილი გ. ფ-ი, ხოლო 04.07.06წ. _ მეუღლე ბ. ვ-ი. ლ. ფ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მასთან ერთად ცხოვრობდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე. ლ. ფ-მა განცხადებით მიმართა მოპასუხეს ნოტარიუს მ. მინდიაშვილს (მისამართზე ქ. თბილისი, ..... “ა” მ/რ, კორპ. 53) მემკვიდრეობის მისაღებად. შესაბამისად მის მიერ წარდგენილ იქნა მემკვიდრეობის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მამკვიდრებლების გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში სსკ-ის 1421-ე და 1425-ე მუხლების თანახმად სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართავს არც ერთ მემკვიდრეს. ექვსი თვის შემდეგ ლ. ფ-მა მოითხოვა სამკვიდრო მოწმობების გაცემა, მაგრამ 13.03.07წ. მოპასუხის მიერ სამკვიდროს მოწმობების გაცემაზე ¹3-ს და ¹4-ს დადგენილებით ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია შემდეგი: ¹4 დადგენილებით უარი ეთქვა ლ. ფ-ს გარდაცვლილი შვილის გ. ფ-ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გასაცემად, რადგან მას სურს სამკვიდრო მოწმობა გაიცეს მხოლოდ მასზე სრულად და არ იქნეს გათვალისწინებული კანონიერი მემკვიდრეები, მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში იყო შეუსაბამობა, რის გამო შეუძლებელია მემკვიდრეთა წრის დადგენა. ¹3 დადგენილებაში ასევე მითითებულია, რომ ლ. ფ-ს გარდაცვლილი მეუღლის ბ. ვ-ის ქონებაზე ეთქვას უარი, რადგან მას სურს სამკვიდრო მოწმობა გაიცეს მხოლოდ მასზე სრულად და არ იქნეს გათვალისწინებული კანონიერი მემკვიდრეები. ¹4 დადგენილებაში უარის თქმის მოტივად მითითებულია მემკვიდრესა და მამკვიდრებლის დოკუმენტაციაში შეუსაბამობა, რაც შეუძლებელს ქმნის მემკვიდრეთა წრის დადგენას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა დაბადების, გარდაცვალების მოწმობები და ცნობა სამისამართო ბიუროდან, რომლებიც ცხადყოფდა რომ ლ. ფ-ი იყო გ. ფ-ის დედა და ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე, ანუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის მან ფაქტობრივი ფლობით უკვე მიიღო სამკვიდრო. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, 6 თვის განმავლობაში არავის არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად და შესაბამისად, არც ფაქტობრივი ფლობით მიუღიათ მემკვიდრეობა, ამდენად ნოტარიუსი ვალდებული იყო გაეხსნა სამკვიდრო ლ. ფ-ზე. რაც შეეხება ბ. ვ-ს, წარდგენილ იქნა გარდაცვალების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ასევე ცნობა სამისამართო ბიუროდან, რაც ცხადყოფდა, რომ ლ. ფ-ი იყო ბ. ვ-ის მეუღლე, მისი მემკვიდრეობის მისაღებად კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არავის მიუმართავს ნოტარიუსისთვის და შესაბამისად, ნოტარიუსი ასევე ვალდებული იყო გაეცა სამკვიდრო მოწმობა. ნოტარიუსი თავს არიდებდა სამკვიდროს გახსნას, რადგან სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები იყო მისი მოთხოვნა, რომ: ,,სამკვიდრო მოწმობა გაიცეს მხოლოდ მასზე სრულად და არ იქნეს გათვალისწინებული კ/მემკვიდრეები”. ნოტარიუსის დადგენილებით, სხვა კანონიერ მემკვიდრეებს უარი ეთქვათ ბ. ვ-ისა და გ. ფ-ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მათ სამოქალაქო კოდექსით დადგენილ 6 _ თვიანი ვადაში არ მიუმართავთ განცხადებით და არ იყო დადგენილი ნათესაური კავშირი. აღნიშნული, მოსარჩელის მოსაზრებით, გაუგებარს ხდის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს და ადასტურებს ნოტარიუსის ტენდეციურობას. რ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით. სასამართლომ 16.04.07წ. განჩინებით უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და მიუთითა, რომ საქმე უნდა განხილულიყო ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.09.07წ. განჩინებით ლ. ფ-ის სარჩელი ნოტარიუს მ. მ-ის 13.03.07წ. ¹3 და ¹4 დადგენილებების ბათილად ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ,,რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.11.97წ. ¹649 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 12.04.05წ. ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შექმნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები – ადმინისტრაციულ საქმეთა, სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. მართალია, “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილია, რომ ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, ამასთან “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” დებულება განსაზღვავს, რომ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი ექვემდებარება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ნოტარიუსის მიერ გამოცემული დადგენილება არ პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციცული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან იგი არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მისი გამოცემის საფუძველი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგანი არსებითად არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, იგი განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე განსჯადობის წესის დაუცველობის გამო, ამდენად არ არსებობდა მოცემულ საქმეზე განსჯადობაზე დავის დაწყების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.02.08წ. განჩინებით ლ. ფ-ის სარჩელი ნოტარიუს მ. მინდიაშვილის მიმართ, 13.03.07წ. ¹3 და ¹4 დადგენილებების გაუქმებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ნოტარიუს მ. მ-ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმება და ნოტარიუსის დავალდებულება შეასრულოს სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი მოქმედება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რადგან მოსარჩელე არ ითხოვდა არც სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას, არც სამკვიდროს გაყოფას და არც კერძო სამართლიდან გამომდინარე, რაიმე სხვა საკითხს აყენებდა, რის გამოც დავა არ შეიძლებოდა განხილულიყო სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად. “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამდენად, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივი, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნევა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7.3 მუხლის თანახმად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე ნოტარიუს მ. მინდიაშვილის დავალდებულება კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება წარმოადგენდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მიანიშნებდა მოცემული დავის საჯარო სამართლებრივ ხასიათზე და მისი გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტისათვის დადგენილი საპროცესო წესების დაცვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ფ-ის სარჩელი ნოტარიუს მ. მ-ის მიმართ, 13.03.07წ. ¹3 და ¹4 დადგენილებების გაუქმებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორმალური თვალსაზრისით სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას “ნოტარიატის შესახებ” კანონის საფუძველზე. ამასთანავე, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ნოტარიუსის მოქმედების სადავოობის დროს სარჩელის განსჯადობის საკითხის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სანოტარო მოქმედების შინაარსის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, მოცემულ შემთხვევაში იმას თუ რა უდევს საფუძვლად “კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის თაობაზე უარის თქმის შესახებ” ნოტარიუსის დადგენილებებს _ კერძო თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობა.
განსახილველ საქმეზე ლ. ფ-ის სარჩელის საგანია სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება. “ნოტარიატის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება კანონს ან სამართლებრივ აქტებს. ნოტარიუსის უარი თავისთავად არ განაპირობებს განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნებას. ფორმალური თვალსაზრისით სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას “ნოტარიატის შესახებ” კანონის საფუძველზე. ამასთანავე, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ნოტარიუსის სადავო დადგენილებებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე კანონიერ მემკვიდრეთა წრის დადგენის აუცილებლობა. ამდენად, ნოტარიუსის სადავო დადგენილებების კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, სწორად არის თუ არა ნოტარიუსის მიერ გამოყენებული და განმარტებული მოსარჩელესთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის ნორმები. ნოტარიუსის უარი ემყარება სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმებს, საქმის განმხილველმა სასამართლომ მემკვიდრეობითი სამართლის ნორმათა საფუძველზე უნდა დაადგინოს სადავო ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს ნოტარიუსის სადავო დადგენილებების მართლზომიერება, რაც გადამწყვეტია დავის საგნობრივი განსჯადობის დასადგენად. აღნიშნული უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართალწარმოების, სახელდობრ სამოქალაქო სამართალწარმოების მეშვეობით. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ სჭირდება ნოტარიუსის უარის შინაარსის შეფასება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ის გარემოება, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად განიხილავს, არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიისადმი მიკუთვნების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციის განმსაზღვრელ ნორმასთან ურთიერთკავშირში, კერძოდ სზაკ-ის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტთან ერთად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტი. ამდენად, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის დადგენილება ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება ემყარება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და აქედან გამომდინარე, მისი კანონიერება სამოქალაქო სამართალწარმოების წესების გამოყენებით უნდა დადგინდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, იგი წარმოადგენს სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და ასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ფ-ის სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს მ. მინდიაშვილის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.