ბს-180-176(გ-08) 17 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “.....”
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 ოქტომბერს ქედის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “....”.
განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს “....” შექმნილი იყო მძიმე ფინანსური მდგომარეობა, საწარმოს გააჩნდა 1 094 665 ლარის კრედიტორული დავალიანება. საწარმო 2000 წლიდან არ ფუნქციონირებდა, რის გამოც არ ჰქონდა აღნიშნული დავალიანებების დაფარვის საშუალება. საწარმოში ადგილი ჰქონდა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს, კერძოდ, გადახდისუუნარობასა და ზედავალიანებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა შპს “....” გაკოტრების საქმის წარმოება.
ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებით გაიხსნა შპს “....” გაკოტრების საქმის წარმოება; შპს “...” დირექტორს _ ზ. გ-ეს აეკრძალა საზოგადოების ქონების განკარგვისა და მართვის უფლება; გაკოტრების მმართველად დაინიშნა სოსლან შერვაშიძე.
2006 წლის 6 აპრილს ქედის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და გაკოტრების ტაბულაში ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 47 963,46 ლარის გადახდის შეყვანა მოითხოვა (ს.ფ. 74).
ქედის რაიონული სასამართლოს მიერ ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია შეყვანილ იქნა შპს “...” გაკოტრების ტაბულაში (ს.ფ. 102).
2007 წლის 7 ივნისს შპს “...” გაკოტრების მმართველმა სოსლან შერვაშიძემ განცხადებით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ.106).
განმცხადებელმა განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოცხადებული აუქციონის შედეგად, 2007 წლის მაისში 35000 ლარად გაიყიდა ..... ქარხნის შენობა მიწის ნაკვეთთან ერთად. თანხის ნაწილი _ 22 000 ლარი ჩაირიცხა საგადასახადო ინსპექციის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარავად, დანარჩენი _ 13 000 ლარი კი მიმართულ იქნა კრედიტორებზე სახელფასო დავალიანებების, საქმის წარმოების ხარჯებისა და გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს დასაფარავად. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა გაყიდული იყო, მყიდველმა ვერ შეძლო უძრავი ნივთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, იმის გამო, რომ უძრავი ქონება დაყადაღებული იყო აჭარის საგადასახადო ინსპექციის წინაშე არსებული დავალიანების გადაუხდელობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ყადაღისაგან უძრავი ნივთის, კერძოდ, .... ქარხნის გათავისუფლება.
ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით “...” გაკოტრების მმართველის _ ს. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული შპს “...” მიმართ გაკოტრების საქმის გახსნამდე, ე.ი. 2006 წლის 13 მარტამდე გამოყენებული ყველა სახის იძულებითი აღსრულების ღონისძიება.
ქედის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2005 წლის 23 აგვისტოს ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს “....” დაედო ყადაღა საგადასახადო ინსპექციის წინაშე არსებული 45 794 ლარის დაფარვის უზრუნველსაყოფად; 2005 წლის 21 ოქტომბერს შპს “....” დირექტორმა ზ. გ-ემ მოითხოვა გაკოტრების საქმის გახსნა; 2006 წლის 13 მარტს ქედის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება შპს “...” გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ; დასახელებული განჩინების მე-8 პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის გახსნისთანავე ძალას კარგავდა შპს “....” მიმართ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. ამავე განჩინების მე-9 პუნქტის თანახმად, აჭარის სააღსრულებო ბიუროს დაევალა იძულებითი სააღსრულებო წარმოებები შპს “....” მიმართ გადაეცა ქედის რაიონული სასამართლოსათვის “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული განჩინებით, ფაქტობრივად გაუქმდა შპს “...” მიმართ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, მათ შორის, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის, როგორც ერთ-ერთი კრედიტორის, სასარგებლოდ გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება.
ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილებოდა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის, არსებითი და გადამწყვეტი იყო სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. პალატის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა საკითხი იმის თაობაზე, რამდენად კანონშესაბამისი იყო განმცხადებლის მოთხოვნა _ ყადაღისა და საგადასახადო გირავნობისგან შენობის გათავისუფლების თაობაზე, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, სახელდობრ, საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარეობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებით გაისხნა შპს “....” გაკოტრების საქმის წარმოება; ორგანიზაციის ქონებას საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაედო ყადაღა, რის შესახებაც გაეგზავნა შეტყობინება 2005 წლის 23 აგვისტოს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რადგანაც შპს “....” მიმართ გახსნილი იყო გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა გაკოტრების მასაში შემავალი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება მოიცავდა და გაკოტრების მასას წარმოადგენდა ვალაუვალი მოვალის ქონება, რომელიც მას ეკუთვნოდა საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს “....” უძრავ ქონებას, ყადაღა ედო 2006 წლის 13 მარტისათვის, ანუ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის. ზემოთ მითითებული კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოებისას გამოიყენებოდა ამ კანონით დადგენილი ნორმები. სამოქალაქო საპროცესო ნორმა კი გამოიყენებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი არ იყო შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა გაკოტრების მასაში შემავალი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამიტომ მოცემული დავა განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კანონით სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვა. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის (1996 წლის რედაქცია) მე-3 მუხლის მიხედვით, გაკოტრების საქმეს, მიუხედავად მოვალის ქონების ღირებულებისა და კრედიტორების მოთხოვნის ოდენობისა, განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო (გაკოტრების სასამართლო) მოვალის საცხოვრებელი ადგილის ან მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. იმავე კანონის მე-4 მუხლით, გაკოტრების სასამართლოში საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. სამოქალაქო საპროცესო ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი არ არის შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. სამოქალაქო საპროცესო ნორმების გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის მიზნებს. “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონს (28.03.2007წ. კანონი), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კანონი არეგულირებს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა არა მარტო საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები), არამედ დავის საგანი.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებით შპს “....” დირექტორის განცხადების საფუძველზე გაიხსნა შპს “....” გაკოტრების საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინებით გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალა დაკარგა შპს “....“ წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებულმა, მაგრამ დაუსრულებელმა იძულებითმა ღონისძიებებმა; საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 6 აპრილის განცხადების საფუძველზე (ს.ფ. 74) ქედის რაიონული სასამართლოს მიერ ბათუმის საგადასახადო ინსპექცია შეყვანილ იქნა შპს “....” გაკოტრების ტაბულაში (ს.ფ. 102).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სამოქალაქო საქმეთა პალატას კერძო საჩივრის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, კერძო საჩივარი აღძრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მხარეები ერთმანეთთან კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში არიან და მათი ურთიერთობაც პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ურთიერთობაა. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქედის რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული შპს “....” მიმართ გაკოტრების საქმის გახსნამდე, ე.ი. 2006 წლის 13 მარტამდე გამოყენებული ყველა სახის იძულებითი აღსრულების ღონისძიება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია “გაკოტრების საქმეთა წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის ნორმებზე და დავის საგანს წარმოადგენს შპს “....”, როგორც სამეწარმეო იურიდიული პირის მიმართ გაკოტრების საქმის გახსნამდე გამოყენებული ყველა სახის იძულებითი აღსრულების ღონისძიების გაუქმება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის გამო ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.