Facebook Twitter

¹ბს-214-203(გ-07) 26 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის სარჩელთან დაკავშირებით, ზედმეტად დარიცხული პენსიის დაკავების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის .... ფილიალმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ. ხ-ის მიმართ ზედმეტად დარიცხული პენსიის დაკავების შესახებ.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2006 წლის 28 მარტს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ... ფილიალში წარადგინა ცნობა მუშაობის შესახებ, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ იგი, როგორც პენსიონერი მუშაობის პერიოდში იღებდა პენსიას. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის ¹634 დადგენილებით 1994 წლის 11 სექტემბრიდან კი შეჩერებული იყო მომუშავე პენსიონერებზე პენსიის გაცემა.

მოსარჩელის განმარტებით, თ. ხ-ეს უნდა ეცნობებინა მათთვის მუშაობის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც მოხდებოდა პენსიის გაცემის შეწყვეტა, მაგრამ მან დამალა ეს ფაქტი და ზედმეტად მიიღო 353,64 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის პენსიის დაკავებას ეტაპობრივად, ყოველთვიურად 20%-ის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის .... ფილიალის სარჩელი მოპასუხე თ. ხ-ის მიმართ ვალის გადახდევინების თაობაზე გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის .... ფილიალის სარჩელით განსაზღვრული დავა არ განეკუთვნება იმ დავათა კატეგორიას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის .... ფილიალის სარჩელი გადმოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განსჯადობის დავის გადასაწყვეტად და მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის აუცილებელია სამართლებრივად მნიშვნელოვანი ორი კომპონენტის ერთობლივად არსებობა: დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს და ერთ-ერთ მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ დავაში ერთ-ერთი მხარე - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის .... ფილიალი - არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო დავის საგანი - ზედმეტად დარიცხული პენსიის დაკავება გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ..... ფილიალის სარჩელი მოპასუხე თ. ხ-ის მიმართ ზედმეტად დარიცხული პენსიის დაკავების თაობაზე მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, რის გამოც დავა განსჯადობის თაობაზე უნდა გადაეწყვიტა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ... ფილიალის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც დავაა აღმოცენებული, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.

საკასაციო სასამართლო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობის დადგენას, რაც ცალსახად განსაზღვრავს აღნიშნულ დავასთან მიმართებაში სასამართლოთა კომპეტენციის საკითხს. როგორც საქმეში დაცული მასალებიდან იკვეთება, წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ზედმეტად დარიცხული პენსიის დაკავება. სახელმწიფო პენსიის მიღების საფუძველს, მის ოდენობას, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს და არეგულირებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე დავა უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, კერძოდ, სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, თუ რამდენად შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მითითებული კანონის შესაბამისად, არსებობს თუ არა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დავა, რომელიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის .... ფილიალის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.