¹ ბს-223-211(გ-07) 4 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ნ. ბ-ე
მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 14 ნოემბერს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოსა” და საიჯარო საწარმო “მ-ის” მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 42 წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო საწარმოო-გაერთიანება ,,თ-ში", რომელიც 1996 წლიდან გარდაიქმნა სს ,,მ-ად" და, რომლის 8459 ცალი აქცია საერთო ღირებულებით 12350 აშშ დოლარი, მან, როგორც ხსენებული საზოგადოების თანამშრომელმა, შეიძინა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა საქმეთა კატეგორიის პალატის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1994 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სს ,,მ-ის" დაფუძნების შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო პრივატიზაცია თანმდევი შედეგებით, მხარეები ვალდებული იყვნენ, აღედგინათ პირვანდელი მდგომარეობა და დაებრუნებინათ აქციათა ღირებულება, ნ. ბ-ემ მიმართა კიდეც ამის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელმაც უარი თქვა თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ემ მოითხოვა მის მიერ ზემოხსენებულ აქციებში გადახდილი თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დაკისრება, აგრეთვე, დივიდენდების გაცემის სს ,,მ-ვის" დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ, მართალია, ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მაგრამ დავის საგანს წარმოადგენდა აქციათა ღირებულებისა და გაუცემელი დივიდენდების ანაზღაურება, ანუ სარჩელის მოთხოვნა იყო სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის, რის გამოც მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართლის ნორმები და ნ. ბ-ის სარჩელი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოსა” და საიჯარო საწარმო “მ-ის” მიმართ, აქციათა ღირებულებისა და გაუცემელი დივიდენდების ანაზღაურების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
2006 წლის 4 აგვისტოს ნ. ბ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას წარუდგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომელშიც მოპასუხედ მიუთითა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე და მოითხოვა მისი დაზუსტებული სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის განსჯადობით განსახილველად გადაგზავნა. ნ. ბ-ემ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოიყვანა იგივე ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, რაზეც თავდაპირველ სარჩელში მიუთითებდა და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დადასტურებულია საიჯარო საწარმო “მ-ის” შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ “თ-ის” გამოსყიდვის ფაქტი და დადგენილ იქნა აღნიშნული საწარმოს შრომითი კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლება, რომლებიც 1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად. ასევე, გაუქმებულ იქნა ს/გ “თ-ის” ბაზაზე შექმნილი სს “მ-ი”, ბათილად იქნა ცნობილი პრივატიზაციის ხელშეკრულება, რის გამოც მხარეები ვალდებული იყვნენ აღედგინათ პირვანდელი მდგომარეობა და დაებრუნებინათ აქციათა ღირებულება. ნ. ბ-ემ, აგრეთვე, მიუთითა, რომ 2004 წლის 25 თებერვალს მის მიერ აქციების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი, მისი კუთვნილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების შესახებ მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნულის თაობაზე უნდა მიემართა სასამართლოსათვის. ნ. ბ-ემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად გაგზავნა მისი სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ემ მოითხოვა მისი დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ 8459 ცალი აქციის ღირებულების _ 12350 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის 5000 აშშ დოლარის, სულ _ 17350 აშშ დოლარის მისთვის დაბრუნებისა და ანაზღაურების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა, ხოლო იმავე სხდომის საოქმო განჩინებით მოპასუხეების _ სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოსა” და სს ,,მ-ის" მიმართ სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობით, დარჩა განუხილველად. აღნიშნულ სხდომაზე ნ. ბ-ემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ დააყენა დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოთხოვნები. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილი შინაარსი და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაშიც მოითხოვა არა აქციების ღირებულების ანაზღაურება, როგორც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, არამედ _ აქციების საფასურის სახით, ასევე სხვა სახის ზიანის ანაზღაურება. დასახელებულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს განსჯადი იყო და მოსარჩელესთან ერთად, მოითხოვა განსჯადობასთან დაკავშირებით დავის აღძვრა, რადგან, მათი აზრით, მოცემული სარჩელი ექვემდებარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სპეციალიზებული კოლეგიის მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სარჩელის განხილვის წესი სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი ნორმებით და იგი განხილული უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო ადმინისტრაციული ორგანოსაკენ _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაკენ და მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისაგან თანხის გადახდას და ზიანის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ სამართალსუბიექტობის პრინციპი არ იყო მთავარი და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენდა განსახილველი დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, დავის განხილვაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განსაზღვრავდა დავის ხასიათს და უმთავრესი იყო, რომელი კანონმდებლობიდან იყო აღმოცენებული დავა და რა იყო დავის არსი და საგანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითA, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. ბ-ე იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, როგორც უკანონო, მან კი გადაიხადა გარკვეული თანხა აქციებში, შესაბამისად, მოპასუხისაგან მოითხოვდა კონკრეტული თანხის დაბრუნებასა და ზიანის ანაზღაურებას, რაზედაც მიუთითა კიდეც დაზუსტებულ სარჩელში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო ან მეწარმეთა შესახებ კანონმდებლობიდან, მოსარჩელე არ მოითხოვდა აქციებს და არც რაიმე პრეტენზიები ჰქონდა აქციების დაბრუნებაზე, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით დავა უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა საქმეთა კატეგორიის პალატის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1994 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სს ,,მ-ის" დაფუძნების შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საწარმოს პრივატიზაცია მოხდა უკანონოდ და იგი გამოცხადდა ბათილად, ნ. ბ-ის განმარტებით, მას, როგორც აქციათა მფლობელს, მიადგა ზიანი და მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული ზიანი და დაებრუნებინა აქციებში გადახდილი თანხაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა გამომდინარეობდა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოიცავდა მოპასუხის დავალდებულებას ქმედების განხორციელების თაობაზე _ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და, შესაბამისად, ნ. ბ-ის სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ ნ. ბ-ემ თავდაპირველი სასარჩელო განცხადება წარადგინა მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოსა” და საიჯარო საწარმო “მ-ის” მიმართ და მოითხოვა მის მიერ სს “მ-ის” აქციებში გადახდილი თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დაკისრება, აგრეთვე, დივიდენდების გაცემის სს ,,მ-ვის" დაკისრება. ამასთან, მოგვიანებით, 2006 წლის 4 აგვისტოს, ნ. ბ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას წარუდგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომელშიც მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე, მოითხოვა მისი დაზუსტებული სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის განსჯადობით განსახილველად გადაგზავნა, აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა საიჯარო საწარმო “მ-ის” შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ “თ-ის” გამოსყიდვის ფაქტი და დადგენილ იქნა აღნიშნული საწარმოს შრომითი კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლება, რომლებიც 1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად, ასევე, გაუქმებულ იქნა ს/გ “თ-ის” ბაზაზე შექმნილი სს “მ-ი”, ბათილად იქნა ცნობილი პრივატიზაციის ხელშეკრულება, რის გამოც მხარეები ვალდებული იყვნენ აღედგინათ პირვანდელი მდგომარეობა და დაებრუნებინათ აქციათა ღირებულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ემ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში, აგრეთვე, მიუთითა, რომ 2004 წლის 25 თებერვალს მის მიერ აქციების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი კუთვნილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების შესახებ მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნულის თაობაზე უნდა მიემართა სასამართლოსათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად გადაგზავნა მისი სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ნ. ბ-ემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ხსენებული სარჩელის წარმოებაში მიღება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ 8459 ცალი აქციის ღირებულების _ 12350 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის 5000 აშშ დოლარის, სულ _ 17350 აშშ დოლარის მისთვის დაბრუნებისა და ანაზღაურების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა, მოპასუხეების _ სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოსა” და სს ,,მ-ის" მიმართ სარჩელი დარჩა განუხილველი, ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილი შინაარსი და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაშიც მოსარჩელემ მოითხოვა არა აქციების ღირებულება, როგორც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, არამედ _ აქციების საფასურის სახით, ასევე სხვა სახის ზიანის ანაზღაურება. დასახელებულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მოსარჩელესთან ერთად მოითხოვა განსჯადობასთან დაკავშირებით დავის აღძვრა, რადგან მათი აზრით მოცემული სარჩელი ექვემდებარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სპეციალიზებული კოლეგიის მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აქციათა ღირებულებისა და გაუცემელი დივიდენდების ანაზღაურება, ანუ სარჩელის მოთხოვნა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათისაა, რის გამოც მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ნორმები და აქედან გამომდინარე, ნ. ბ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სარჩელის განხილვის წესი სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი ნორმებით და იგი განხილული უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს განსახილველი დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ანუ რომელი კანონმდებლობიდან არის აღმოცენებული დავა და რა არის დავის არსი და საგანი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს სამოქალაქო ან მეწარმეთა შესახებ კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს არა აქციების დაბრუნებას, არამედ _ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შესაბამისი მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილ შინაარსს, რაზეც მოსარჩელემაც მიუთითა, წარმოადგენს მისთვის მიყენებული ზიანის _ სულ 17350 აშშ დოლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურ წინაპირობად და სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სასამართლოს მიერ ს/გ “თ-ის” პრივატიზების უკანონოდ ცნობაზე, ანუ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა საქმეთა კატეგორიის პალატის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1994 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სს ,,მ-ის" დაფუძნების შესახებ მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, ხოლო მას, როგორც სს “მ-ის” აქციათა მფლობელს, პრივატიზების უკანონოდ განხორციელებით, მიადგა ზიანი, რის გამოც მოპასუხეს წარმოეშვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე ნ. ბ-ის სარჩელის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ნ. ბ-ის სარჩელის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.