Facebook Twitter

¹ბს-224-212(გ-07) 7 მაისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ზ-ს” დირექტორმა ქ. ჟ-მა მოპასუხეების _ საქართველოს ეროვნული ბანკისა და სს “ქ-ს”, მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. სს “ქ-თვის” სუბრეესტრში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეეტანისა და ამის შესახებ შეტყობინების ეროვნული ბანკის აუქციონის კომიტეტისათვის გადაგზავნის დავალება;

ბ. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შპს “ზ-ს” კუთვნილი თანხების ჩარიცხვის დავალება ახალ მომსახურე ბანკში გახსნილ მის ანგარიშზე.

მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი სფუძვლებით:

2004 წლის 22 სექტემბერსა და 29 სექტემბერს სს “ქ-ს” მეშვეობით გამართულ აუქციონზე შპს “ზ-მა” ერთი წლის ვადით შეიძინა 1394 ცალი სახაზინო ვალდებულება, რომელთა დაფარვა უნდა მომხდარიყო, შესაბამისად, 2005 წლის 21 სექტემბერსა და 28 სექტემბერს სს “ქ-ს” მეშვეობით, მაგრამ ამ უკანასკნელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹56 განკარგულებით, გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი. ამის გამო, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს ¹104/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულების 4.4 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ შეცვალა მომსახურე ბანკი, რის შესახებაც ორჯერ აცნობა მოპასუხეებს, მაგრამ აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია. სს “ქ-ი”, დებულების თანახმად, ვალდებული იყო, შეტყობინების საფუძველზე სუბრეესტრში დაუყოვნებლივ შეეტანა ჩანაწერი და, იმავდროულად, ეროვნული ბანკის აუქციონის კომიტეტისათვის წარედგინა შეტყობინება რეესტრში ცვლილებების შესატანად, რაც არ განუხორციელებია.

მოსარჩელის განმარტებით, “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ბრძანების 5.4 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის კომიტეტი სახაზინო ვალდებულების დაფარვის დადგომისას შესაბამის თანხას ჩამოწერდა ფინანსთა სამინისტროს ანგარიშიდან და ჩარიცხავდა ინვესტორის პირად ანგარიშზე. “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო დაეცვა მის მიერ დადგენილი წესები. ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო მიეცა მითითება სს “ქ-ს” ლიკვიდატორისათვის ქმედების განხორციელების თაობაზე და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ” ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ბრძანების 4.4 პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გამოეთხოვა მათი შეტყობინება მომსახურე ბანკის შეცვლასთან დაკავშირებით (ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2006 წლის 3 თებერვლის სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიდან ამორიცხვის თაობაზე, იმ მოტივით, რომ ეროვნული ბანკის მიმართ მოთხოვნა აღარ გააჩნდა, ვინაიდან სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამორიცხა საქმიდან, ხოლო მოპასუხე სს “ქ-თვის” სასამართლო და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დავა გამომდინარეობდა არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან, ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები იყვნენ კერძო სამართლის სუბიექტები _ შპს “ზ-ი” და სს “ქ-ი” (ს.ფ. 46).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ზ-ს” სარჩელს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ამასთან, მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 3485 ლარის ოდენობით. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენდა საქართველოს ბიუჯეტებში შენატანს და იგი გადაიხდევინებოდა საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებსა და საჩივრებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებდა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის განხილვის დროს შპს “ზ-მა” მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას, რაც ნიშნავდა იმას, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამის გამო საქმის განმხილველ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა დავა, თავად უნდა გადაეწყვიტა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ (ცალკე) სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყვეტილიყო (ს.ფ. 69-71).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა: სს “ქ-თვის” სუბრეესტრში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანისა და ამის შესახებ შეტყობინების ეროვნული ბანკის აუქციონის კომიტეტისათვის გაგზავნის დავალება; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შპს “ზ-ს” კუთვნილი თანხების ჩარიცხვის დავალება ახალ მომსახურე ბანკში გახსნილ მის ანგარიშზე.

ამდენად, სარჩელი აღიძრა ორი მოპასუხის _ სს “ს-სა” და საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მოპასუხე ეროვნულმა ბანკმა დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის აღძვრის შემდეგ. მანვე მოითხოვა საქმეზე მის მიერ გაწეული ხარჯის მოპასუხე სს “ს-თვის” დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საქმე მოპასუხე სს “ქ-თვის” გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნით განსახილველად (ს.ფ.46). ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა არა სარჩელის დავის საგნის რომელიმე მოთხოვნის განსახილველად, არამედ მხოლოდ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად.

იმავდროულად, საქმეზე გაურკვეველია, პროცესუალურად რა დაემართა სარჩელის მოთხოვნას მოპასუხე სს “ქ-ის” მიმართ (სუბრეესტრში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანა და ამის შესახებ შეტყობინების ეროვნული ბანკის აუქციონის კომიტეტისათვის გაგზავნის დავალება), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარჩელის ნებაყოფლობით დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა მოთხოვნას მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თუ სს “ს-ს” მიმართაც.

საქმიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, რეალურად, მოსარჩელეს სს “ს-ს” მიმართ სხვა მოთხოვნა არ აქვს, გარდა საქმეზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა (ს.ფ. 46, 61-62, 64-66).

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, სადავოა განსჯადობა საქმისა, რომელზეც გადასაწყვეტია საქმეზე მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების საკითხი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგად საქმეზე გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების საკითხიც, მიუხედავად იმისა, საქმის წარმოება დამთავრებულია არსებითი გადაწყვეტილების გამოტანით თუ ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, შესაძლებელია დადგეს საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს იმ სასამართლო ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც მან გასწია ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განხილულ დავაზე. ის გარემოება, რომ მოსარჩელე სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს მხოლოდ ერთ-ერთი მოპასუხის _ სს “ს-გან”, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირია, არ წარმოადგენს საქმის სამოქალაქო სამართალწარმოებით განხილვის საფუძველს. საქმის განსჯადობა დამოკიდებულია სარჩელის დავის საგნის განსჯადობაზე და არა იმაზე, თუ რომელ მოპასუხეს დაეკისრება საბოლოოდ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რამდენადაც მოცემული საქმე, სარჩელის დავის საგნის გათვალისწინებით, განხილულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო სარჩელის მოთხოვნის არსებობა სს “ქ-ის” მიმართ გაურკვეველია, საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.