¹ბს-225-213(გ-07) 6 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა ტ. ა.-ს წარმომადგენლის გ. კ.-ის სარჩელთან დაკავშირებით, ნოტარიუსის მიერ გაცემული წერილის ბათილად ცნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 23 იანვარს ტ. ა.-ს წარმომადგენელმა გ. კ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუს თ. ვ.-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული წერილის ბათილად ცნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით ტ. ა.-ს წარმომადგენლის – გ. კ.-ის სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანაზე ნოტარიუს თ. ვ.-ის მიერ უარის თქმის თაობაზე წერილის ბათილად ცნობა და ნოტარიუსისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანის დავალება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ტ. ა.-ს წარმომადგენლის – გ. კ.-ის სარჩელი ქ. თბილისის ნოტარიუს თ. ვ.-ის მიმართ გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის დავის გადასაწყვეტად.
სასამართლო მიუთითებდა, რომ ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივ, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნევა და, შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა თ. ვ.-მ ტ. ა.-ს წარმომადგენელს გ. კ.-ს უსაფუძვლობის გამო უარი უთხრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანაზე, ვინაიდან გამყიდველის მიერ ნოტარიუსთან წარდგენილ დოკუმენტებში ბინის ნომერი მითითებული არ იყო. თ. ვ.-ს აღნიშნულზე დადგენილება არ გამოუცია და მხოლოდ წერილობითი მიმართვით უპასუხა უარით განმცხადებელს, ანუ უარი განაცხადა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, რაც, სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სარჩელის მეორე მოთხოვნაც, ნოტარიუსის დავალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანაზე, წარმოადგენს სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას ქმედების განხორციელების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სანოტარო აქტში შესწორების შეტანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ქმედების განხორციელებაზე გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და შესაბამისად, სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც დავა განსჯადობის თაობაზე უნდა გადაეწყვიტა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ა.-ს სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სასამართლოების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვავაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გაცემული ,,წერილის” (დადგენილების) ბათილად ცნობა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნოტარიუსმა ხელშეკრულებაში არ დააფიქსირა ბინის ნომერი, რამაც გამოიწვია მისი უფლებების დარღვევა და შესაბამისად, ცვლილების შეტანაზე ნოტარიუსის უარი მას აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი არ წარმოადგენს დავის ცალსახად ადმინისტრაციული სამართალწარმოებისადმი დაქვემდებარების საფუძველს. მართალია, ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” დებულების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისადაც, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ მიჩნეულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მისი კანონიერების თაობაზე წარდგენილი სარჩელი ექვემდებარება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებას, მაგრამ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელია, წარმოდგენილი მუხლის ცალსახა განმარტება და თვლის, იმისათვის, რომ ესა თუ ის აქტი მიჩნეულ იქნას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, იგი უნდა პასუხობდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტისათვისის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აქტი გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს დავის საგანს, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს, თუ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
წინამდებარე შემთხვევაში ფიზიკური პირი მიიჩნევს, რომ სანოტარო მოქმედების დროს დაშვებული იქნა შეცდომა, რა მოტივითაც, ითხოვს, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას.
ნასყიდობა წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომლის დადასტურებისასაც ნოტარიუსი შეზღუდულია მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებით და ემყარება მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, რისი გათვალისწინებითაც, უარი ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ აქტად და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ა.-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.