¹ ბს-226-214(გ-07) 4 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ზ. ა-ი
მოპასუხე _ ქ. თბილისის მთავრობა
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 8 იანვარს ზ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიმართ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1981 წლიდან იყო სამხედრო ინვალიდი, ამასთან, 9 აპრილის მოვლენების მონაწილე და მოწამვლის შედეგად ჯანმრთელობაშეზღუდული პირი. იგი შვიდ პირთან ერთად ცხოვრობდა სამოთახიან ბინაში, დაბა წყნეთში, .... ქ. ¹63-ში. საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ზ. ა-მა 2000 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა დაბა წყნეთის გამგეობას მიწის ფართის გამოყოფის თაობაზე, რის საფუძველზეც, დაბა წყნეთის გამგეობის 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, იგი შეყვანილ იქნა მიწის ნაკვეთების მიმღებ ოჯახთა სიაში და აღნიშნული საკითხის შემდგომი განხილვისათვის მისი განცხადება გადაიგზავნა ქ. თბილისის მთავრობის მიწების განკარგვის საქალაქო კომისიაში, თუმცა აღნიშნული ორგანოს შესაბამის გადაწყვეტილებასა და შემდგომში ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებაში ზ. ა-ი ვერ მოხვდა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹11/13067 წერილიდან ირკვეოდა, რომ დაბა წყნეთის გამგეობის 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიწის განკარგვის საქალაქო კომისიისა და ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა.
მოსარჩელე მიუთითებდა. რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, მას, როგორც სამხედრო ძალების ვეტერანს, უფლება ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფასოდ მიეღო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ანალოგიურ სოციალურ შეღავათს ითვალისწინებდა ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონი, რაც სრული მოცულობით ვრცელდებოდა მოსარჩელეზეც. მიუხედავად აღნიშნულისა, მიწის ნაკვეთის მიმღებთა სიაში იგი არ შეიყვანეს და მიწის ნაკვეთის გადაცემაზე დაუსაბუთებლად უთხრეს უარი, რამაც, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენა, რადგან მცირეფართიან ბინაში ცხოვრება უხდებოდა მრავალ პირს, რითაც მათი ცხოვრების პირობები იყო ძლიერ გაუსაძლისი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ დაბა წყნეთის ტერიტორიაზე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მისთვის გამოყოფა ან იმავე ფართის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ფულადი სახით ანაზღაურება, ასევე, მორალური ზიანის _ 10000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 იანვრის განჩინებით ზ. ა-ის სარჩელიდან სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობა იყო ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მოსარჩელე აღნიშნული ორგანოს ქმედებით (მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა) მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, ანუ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელის განხილვის ორი წინაპირობა, მესამე წინაპირობასთან (ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავა) დაკავშირებით კი სასამართლომ აღნიშნა, რომ მთლიანად სარჩელის მოთხოვნა _ მიწის ნაკვეთის გამოყოფა ან სანაცვლო ღირებულების ანაზღაურება, ასევე მოპასუხისაგან მორალური ზიანის ანაზღაურება, დამყარებული იყო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაზე, კერძოდ, მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ", ,,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" და ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონებზე და განმარტავდა, რომ მორალური ზიანი განიცადა მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული კანონების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, ვინაიდან მიწის ნაკვეთის გადაცემაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა დადგენილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, არ ცვლიდა განსახილველი დავის ბუნებას და, შესაბამისად, ზ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მთავრობის მიერ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით ზ. ა-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ ზ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მოპასუხისაგან მოითხოვა, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაბა წყნეთის ტერიტორიაზე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მისთვის გამოყოფა ან იმავე ფართის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ფულადი სახით ანაზღაურება, ასევე, მორალური ზიანის _ 10000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოსაგან _ ქ. თბილისის მთავრობისაგან აღნიშნული ორგანოს ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელის განხილვის ყველა წინაპირობა, ხოლო ის გარემოება, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, არ ცვლის განსახილველი დავის ბუნებას და, შესაბამისად, ზ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მთავრობის მიერ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ზ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ზ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაზე, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებზე, კერძოდ, მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ", ,,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" და ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონებზე, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება. ამასთან, მოსარჩელემ მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ქ. თბილისის მთავრობისაგან მოითხოვა, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად გამოყო ზ. ა-ის სარჩელიდან სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოებად და აღნიშნულის საფუძვლად დაუსაბუთებლად მიუთითა მხოლოდ იმ ფორმალურ გარემოებაზე, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტში მითითებულ ზიანის ანაზღაურებაში იგულისხმება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე კონკრეტულ შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე ზ. ა-ის სარჩელის გამო ქ. თბილისის მთავრობის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ზ. ა-ის სარჩელის გამო ქ. თბილისის მთავრობის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.