Facebook Twitter

ბს-231-219(გ-07) 11 ოქტომბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს დ. ქ-ემ, მ. ს-ემ, ნ. გ-მა, ლ. ა-მა, ი. დ-მა, ნ. მ-ემ, ე. მ-მა, ლ. კ-მა, გ. მ-მა, მ. ა-მა, მ. კ-ემ, ქ. მ-მა, ნ. ჯ-ემ, ლ. ც-მა, გ. ძ-მა, გ. მ-ა, ნ. გ-ემ, მ. ბ-მა, მ. კ-ემ, ნ. კ-ემ, დ. მ-მა, ე. ჯ-მა, ჯ. ჯ-მა და ც. ს-მა მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოდან მათი დათხოვნის თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 დეკემბრის ¹01-02/636 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელეებთან ორჯერ თითო წლით დადებული შრომითი ხელშეკრულების განახლება, 2005 წლის 13 ივლისიდან შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 1 დეკემბრის ¹01-02/636 ბრძანების პირველი პუნქტით 2006 წლის 1 დეკემბრიდან შეწყდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული 2005 წლის 13 ივლისის (¹02/1360) ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, ინჟინერ-ტექნიკოსებს და აგრეთვე სამეცნიერო სექტორში დასაქმებულ სხვა დამხმარე პერსონალს შორის სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებები. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ბრძანების პირველ პუნქტში მოხსენიებული ხელშეკრულების მონაწილე მეცნიერ-თანამშრომლები, ინჟინერ-ტექნიკოსები და სამეცნიერო სექტორში დასაქმებული სხვა დამხმარე პერსონალი, აგრეთვე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გარდა უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორში დასაქმებული ყველა სხვა მეცნიერ-თანამშრომელი, ინჟინერ-ტექნიკოსი და დამხმარე პერსონალი. ბრძანების მე-3 პუნქტით საფინანსო სამსახურს დაევალა ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულ თანამშრომლებთან საბოლოო ანგარიშსწორების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა; მე-4 პუნქტით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალა ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულ თანამშრომელთა სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა საქართველოს ერთიან სახელმწიფო ფონდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების მიზნით; მე-5 პუნქტით ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ და საფინანსო სამსახურებს დაევალათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2006 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ და სხვა სამამულო და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებში მონაწილე სამეცნიერო პერსონალთან სათანადო ხელშეკრულებების მომზადება-გაფორმების უზრუნველყოფა გრანტის მოქმედების ვადით.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამ აქტით შეწყდა შრომითი ურთიერთობები მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის. სხვა შეთავაზება შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ან მოდიფიცირების შესახებ მოსარჩელეებს არ მიუღიათ. გარდა ამისა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს. მასში მითითებული იყო შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, რომელშიც მითითებულია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატივაზე. ბრძანების საფუძვლად მითითებული დოკუმენტებიდან არც ერთი არ შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტულ საფუძველს, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული. გასაჩივრებული აქტის მე-2 პუნქტით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა აგრეთვე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გარდა უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორში დასაქმებული ყველა სხვა მეცნიერ-თანამშრომელი, ინჟინერ-ტექნიკოსი და დამხმარე პერსონალი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს საერთოდ არ გააჩნდა ხელშეკრულებები მოპასუხესთან და შესაბამისად, გასაჩივრებულ აქტში მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ იყო და ვერც იქნებოდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება, რომელიც განსაზღვრავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებას, იმავდროულად შეიცავდა ამ უფლებამოსილების ამომწურავ ჩამონათვალს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენცია, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შრომითი ურთიერთობის უსაფუძვლოდ შეწყვეტისა და მუშაკის გათავისუფლების თაობაზე, არ გამომდინარეობდა პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებიდან, სხვა დოკუმენტი კი ამ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე არ არსებობდა. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო უფლებამოსილების გადამეტებით და მას არ ჰქონდა იურიდიული ძალა (ს.ფ. 1-6).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია დავები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სადავო ბრძანებიდან ირკვეოდა, მოსარჩელეები მოპასუხემ სამუშაოდან გაათავისუფლა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან დავა გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან, კონკრეტულ შემთხვევაში კი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსიდან, საქმე განსჯადობით უნდა გადაგზავნილიყო განსჯად სასამართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლისა (ს.ფ. 172-173).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას და აღნიშნული საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, მოცემულ დავაში მოპასუხეა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო (საგანმანათლებლო) საქმიანობას, ე.ი. არის ადმინისტრაციული ორგანო. დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ბრძანების საფუძვლად მითითებულია «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება. სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს დასახელებული ადმინისტრაციული აქტებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ბრძანების საფუძვლად ასევე მითითებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2005 წლის 13 ივლისს დადებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული «სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის» ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსება. მართალია, მხარეებმა ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს დავალების ხელშეკრულების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მაგრამ მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოქალაქო ხელშეკრულებად. ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს მისი მიზანი. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დასახელებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას, ანუ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მოსარჩელეებს შორის წარმოიშვა და შეწყდა სამართლებრივი ურთიერთობა. მართალია, დავის საგანს არ წარმოადგენს 2005 წლის 13 ივლისის ხელშეკრულება, მაგრამ სასამართლომ გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას უნდა იმსჯელოს მოსარჩელეთა გათავისუფლების ბრძანების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან შესაბამისობის თაობაზე.

სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლი, არ წარმოადგენს დავის სამოქალაქო წესით განხილვის საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების ბათილად ცნობა. ბრძანება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოიცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის (რექტორის) მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (ს.ფ. 175-177).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის დავის საგანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 დეკემბრის ¹01-02/636 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ორჯერ თითო წლით განახლება, 2005 წლის 13 ივლისიდან შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

«საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზემოაღნიშნული ბრძანება გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ის გარემოება, რომ ბრძანების საფუძვლად შრომის კოდექსთან ერთად დასახელებულია «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2005 წლის 13 ივლისს დადებული ხელშეკრულება, არ განაპირობებს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას, რამდენადაც მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უშუალო საფუძველია სწორედ შრომის კოდექსი და არა აღნიშნული აქტები. «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 39-ე მუხლი განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 ნაწილის «თ» და «შ» ქვეპუნქტებში საუბარია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებაზე მუშაკების სამსახურში მიღების და გათავისუფლებისა და ინდივიდუალური აქტის გამოცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2005 წლის 13 ივლისს დადებულ ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული «სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის» ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსება.

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 დეკემბრის ¹01-02/636 ბრძანებაში უნივერსიტეტსა და მოსარჩელეებს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამეცნიერო სექტორში დასაქმებულ სხვა თანამშრომელთა გათავისუფლების უშუალო საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ მუხლით დადგენილი წესით. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რომლის გამოყენების მართლზომიერებაც სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის სწორედ შრომის კოდექსის ნორმა.

მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მაგრამ მისი თანამშრომლების მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელეთა თანამდებობები, როგორც საჯარო მოხელეებისა, არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელეების თანამდებობები, რომლებიც არ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობებს, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეებს. ამდენად, ისინი ვერ ჩაითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად და, შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის სუბიექტებად. ვერც მათი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.

საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სადავო ბრძანების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. აღნიშნული ბრძანების ძირითადი სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კოდექსის ნორმაა. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირებს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. გ-ის, ლ. ა-ის, ი. დ-ის, ნ. მ-ის, ე. მ-ის, ლ. კ-ის, გ. მ-ის, მ. ა-ის, მ. კ-ის, ქ. მ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. ც-ის, გ. ძ-ის, გ. მ-ის, ნ. გ-ის, მ. ბ-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ის, დ. მ-ის, ე. ჯ-ის, ჯ. ჯ-ისა და ც. ს-ის სარჩელი მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.