Facebook Twitter

ბს-241-235(გ-08) 23 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შპს “....” წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 18.06.02წ. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხე ორგანიზაციასთან. ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციას უნდა დაეცვა შპს “....” დირექტორი. გაწეული მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებას შეადგენდა 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 2.2 და 4.1 პუნქტები. მოპასუხეს დაცვის პოლიციის მიმართ გააჩნდა 6062.41 ლარის დავალიანება. მოსარჩელემ შპს “....” მითითებული დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.05წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა წარმოშობილი იყო მხარეთა შორის გაფორმებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან. ასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.01.08წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო განცხადება განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას, დადებული იყო 18.06.02წ., დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა, ხელშეკრულებების ფარგლებში, მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ მიზნით იგი ახორციელებდა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის 09.07.04წ. ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიცია, დამტკიცდა მისი წესდება, რომლითაც მისი ძირითადი ამოცანები არ შეცვლილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო პირების ხელშეკრულებების საფუძველზე დაცვა წარმოადგენდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო ფუნქციას. დაცვის დეპარტამენტი ახორციელებდა საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და ამ მიზნით იყო დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა სადავო თანხების ანაზღაურებას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერტობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას. სასკ-ის 2.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების სავალდებულო ნიშანს ხელშეკრულების საჯარო-სამართლებრივი მიზნის გარდა შეადგენს აგრეთვე ხელშემკვრელი მხარის სტატუსი. მოსარჩელე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სზაკ-ის მე-2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით არის ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის გადამწყვეტი გარემოება ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლოა, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდო სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.

კონკრეტულ შემხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას შპს “.....” გენერალური დირექტორი, ხოლო მოპასუხე შპს “.....” შემხვედრი ვალდებულებაა, გადაიხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება, თვეში 150 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია გაირკვეს, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით თუ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.

ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას 18.06.02წ. არის დადებული. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.02.99წ. ¹50 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება. მითითებული დებულების 1-ლი პუნქტის თანახმად, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი, სტრუქტურული, გასამხედროებული სამართალდამცავი ორგანო, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და მისი დანაყოფები მოქმედებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ურთიერთხელშეკრულების საფუძველზე დანაშაულებრივი ხელყოფისაგან იცავენ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, ერთობლივი საწარმოებისა და უცხოური ფირმების, სააქციო საზოგადოებების, მშენებლობების, მოიჯარე, საბიუჯეტო, სამეურნეო ანგარიშზე ან თვითდაფინანსებაზე მყოფ კომერციულ, პრივატიზებულ და სხვა სახის ობიექტებს, ცალკეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახორციელებენ ყველა სახის მატერიალურ ფასეულობათა, მოძრავი ტვირთების შეიარაღებულ დაცვას, ფულადი სახსრების ინკასაციას და კანონით ნებადართული სხვა სახის დაცვითი საქმიანობის შესრულებას მატერიალური პასუხისმგებლობით, ან უამისოდ, ზემოხსენებული ობიექტების დაცვითი-სახანძრო და საგანგაშო სიგნალიზაციით აღჭურვას და მათ ტექნიკურ მომსახურებას. საქართველოს პრეზიდენტის 09.07.04წ. ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ დაცვის პოლიციის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქინებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიცია ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის 18.02.05წ. ¹90 ბრძანებულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 09.07.04წ. ¹261 ბრძანებულებით დამტკიცებული მისი წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა დეპარტამენტის დებულების დამტკიცება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.03.05წ. ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის 1-ლი მუხლით განისაზღვრა, რომ დეპარტამენტი არის საქარველოს პრეზიდენტის 09.07.04წ. ¹261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.

ამდენად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულების საფუძველზე დაცვა ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს ჩვეულებრივ წარმოეშობა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების მოვალეობა. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შედეგად მოსარჩელეს დაეკისრა საჯარო ქმედების, კერძოდ “დამქირავებლის” დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის (ხელშეკრულების 2.7 პუნქტი), “პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების (ხელშეკრულების 2.8 პუნქტი) ვალდებულება და სხვ., რის გამოც იგი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება. სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე შპს “....” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება