Facebook Twitter

ბს-27-27(გ-07) 20 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ც-მ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მოსარჩელის მოთხოვნა ემყარებოდა შემდეგ საფუძვლებს:

2006 წლის 25 ნოემბერს ნ. ც-ს გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ¹1230-კ ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 38.3 მუხლი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” 5.1 მუხლის “დ” და “მ” ქვეპუნქტები. ბრძანებით განემარტა, რომ მისი გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

მოსარჩელის მითითებით, იგი 1987 წლის სექტემბრიდან მუშაობდა ქ. ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შედეგად, 2005 წლის მარტიდან მუშაობა გააგრძელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში. 2006 წლის 3 იანვარს მასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს შორის გაფორმდა უვადო შრომის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ...ის თანამდებობაზე დაინიშნა.

2006 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს შრომის კოდექსის 6.1 მუხლის, 37.“ე” მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” 5.1 მუხლის “დ” და “მ” ქვეპუნქტების თანახმად, გაათავისუფლეს ...ის თანამდებობიდან და 2006 წლის 9 ოქტომბრიდან დანიშნეს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ...ის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, ანუ დაწინაურდა. შრომის ხელშეკრულებით განისაზღვრა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლები, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებელს შეეძლო დასაქმებულის მიერ გარკვეულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.

მოსარჩელის მითითებით, სამუშაოდან მასთან ერთად მისი უფროსის, ანუ 2 თანამშრომლის გათავისუფლების შემდეგ თანამდებობაზე დაინიშნა 3 ახალი თანამშრომელი, ვინაიდან საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი აღნიშნულის საშუალებას იძლეოდა. შესაბამისად, მისი სამუშაოდან გათავისუფლება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” 5.1“მ” მუხლის საფუძველზე სრულიად უსაფუძვლო იყო.

მოსარჩელესთან დადებული 2006 წლის 9 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, მხარეთა უფლებები და მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მოცემული ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მოსარჩელის მოსაზრებით, სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული ლიტერატურის შედარებითი ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ გარკვეული “საჯარო სამართლის იურიდიული პირები” ობიექტური ნიშნებით ძალიან ჰგავს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და, შესაბამისად, მათ მიმართ უნდა ვრცელდებოდეს კანონები, რომლებიც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობას არეგულირებს. ასეთია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უფრო დეტალურად აწესრიგებს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ვიდრე შრომის კოდექსი. აღნიშნული კანონით დასაქმებულის უფლებები მეტადაა დაცული და უფრო კონკრეტულადაა განსაზღვრული დასაქმებულის უფლება-მოვალეობები და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში _ მოთხოვნის საფუძვლები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავისი საჯარო ბუნებიდან გამომდინარე და ასევე იმის გამო, რომ იგი შედის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში თავის ქვედანაყოფებთან ერთად, აშკარად შეიცავს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ნიშნებს, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლების შრომითი ურთიერთობების მიმართ სრულიად შესაძლებელია და მიზანშეწონილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებების გამოყენება. აღნიშნული, მოსარჩელის აზრით, მიზანშეწონილია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონის ხარვეზი იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევას, ხოლო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის კანონის ანალოგიით გამოყენების შედეგად დაცული იქნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები. შესაბამისად, მისი მდგომარეობის მიმართ, შრომის კოდექსთან ერთად, რომელიც ზოგადად, ყველა სახის შრომით ურთიერთობას აწესრიგებს, შესაძლებელია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გამოყენება. მოსარჩელის მითითებით, შრომის კოდექსი არ აწესრიგებს კონკრეტულად სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების საკითხს, რის გამოც სადავო შემთხვევაზე შრომის კანონთა კოდექსთან ერთად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონიც უნდა იქნეს გამოყენებული, რომელიც შეიცავს ყველაზე უფრო მსგავს სამართლებრივ ნორმას და მის საფუძველზე მოსარჩელეს შეიძლება ჰქონდეს უფლება-მოვალეობები, რასაც სასარჩელო განცხადება ემყარება, კერძოდ: შრომის კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შრომის კოდექსი, ნ. ც-ის აზრით, არ აწესრიგებს მოითხოვნის უფლებას სამუშაოდან უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად კი შესაძლებელია კანონის ანალოგიის გამოყენება, რის გამოც სასარჩელო განცხადება განხილულ უნდა იქნეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად _ გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა და ხელფასის ანაზღაურების შესახებ სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. კანონის და სამართლის ანალოგიის პრინციპით ეს მოთხოვნა, მოსარჩელის აზრით, გამომდინარეობს როგორც 2006 წლის 9 ოქტომბერს დადებული უვადო შრომის ხელშეკრულების 2.2 მუხლიდან, ასევე შრომის კოდექსის 1.2 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის დებულებებიდან.

მოსარჩელის მითითებით, ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა, ვინაიდან მის გამოცემამდე მცირე ხნით ადრე დაწინაურების და ასევე, მთელი სამუშაო პერიოდის მანძილზე მოვალეობათა კეთილსინდისიერად და პროფესიულად შესრულების ფაქტი, უგულებელყოფილია. ბრძანებაში დაუსაბუთებელია გათავისუფლების საფუძვლები, შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტი ფორმალურად უკანონოა. იურიდიულ მეცნიერებაში ცნობილია, რომ ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში ყურადღება ექცევა მის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, სადაც მიეთითება ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციული აქტი. სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტირება და გამოყენება ფაქტობრივ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს განსაკუთრებით ისეთი ე.წ. “ამკრძალავი ადმინისტრაციული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის” გამოცემისას, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს და არ შეიძლება, ითვალისწინებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემას, ანუ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შრომითი ხელშეკრულების მოშლას ადმინისტრაციის ინიციატივით. მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული აქტის დასაბუთების მოთხოვნა ემსახურება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს, რამდენადაც იგი იძულებული ხდება, დასაბუთების ჩამოყალიბების პროცესში თავისი გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით ზუსტად განსაზღვროს და გაამაგროს, მეორე მხრივ _ აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ბოლოს _ ხელს უწყობს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

ნ. ც-ის მითითებით, მისთვის გაუგებარი და უცნობია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც მის კანონიერ უფლებებს ზღუდავს. ფაქტობრივად, ამ ბრძანების შედეგად განხორციელდა მოსარჩელის დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობაში, ანუ მოხდა მისი შევიწროება სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების ფორმით, რაც აკრძალულია საქართველოს შრომის კანონმდებლობით და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს (ს.ფ. 20-28).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მართალია, განმცხადებელმა მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, მაგრამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლებულია შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც განსახილველი დავის საგანი წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით და მის თანმდევ ურთიერთობას, რაც არ გამომდინარეობს საჯარო კანონმდებლობიდან (ს.ფ. 35).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ც-ე 2006 წლის 13 ნოემბრამდე მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ...ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ამავე სამსახურის თავმჯდომარის 2006 წლის 13 ნოემბრის ¹1230-კ ბრძანებით. სასამართლოს მითითებით, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფო რეესტრს, გარდა ამ კანონის 2.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრისა, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელსაც წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს ¹70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას განეკუთვნება საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის უზრუნველყოფა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით. ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ,” “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონებით.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს” დებულებით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები და ფუნქციები. აღნიშნული დებულებიდან ცხადია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან დელეგირებული აქვს მისი უფლებამოსილებანი საჯარო რეესტრის წარმოების სფეროში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით ადმინისტრაციულ ორგანოდ ჩაითვლება ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამდენად, სასამართლოს აზრით, უნდა ჩაითვალოს, რომ თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული ორგანოა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 “დ” მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან ნ. ც-ე ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სასამართლოს აზრით, განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაც გამომდინარებს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამასთან, საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობა რეგულირდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომელიც განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და აღნიშნული კანონიდან წარმოშობილი დავაც უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (ს.ფ. 37-39).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის დავის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის _ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში ნ. ც-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს.

ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ ნ. ც-ისა და მის დამქირავებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის შრომითი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონიდან და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დავაც უნდა გადაწყდეს აღნიშნული კანონის საფუძველზე.

მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად. ვერც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.

საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ნ. ც-ის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. ნ. ც-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კოდექსის ნორმებია. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ც-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.