ბს-312-304(გ-08) 5 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე
ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოპასუხე _ ა. ი.-ე
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2005 წლის 12 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა ი.-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 26 იანვარს მასა და ა. ი.-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დაცვის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიცია იღებდა ვალდებულებას, დაეცვა ა. ი.-ე და მისი ოჯახის წევრები, ხოლო მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, ყოველთვიურად აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების ღირებულება _ 2100 (ორიათას ასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზემოხსნებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულეს, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტი, რის გამოც, მოპასუხეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ გააჩნდა დავალიანება _ 8916,60 ლარი, მათ შორის 516,60 ლარი ჯარიმის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 8916,60 ლარი გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე ა. ი.-ის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები – ადმინისტრაციულ საქმეთა, სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდებოდა სამოქალაქო სამართლის ნორმებით, რადგან დავა გამომდინარეობდა მხარეთა შორის არსებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ა. ი.-ის მიმართ, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სარჩელის განხილვის წესი სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი ნორმებით და იგი განხილული უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, საქმე უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის განსახილველად უმთავრესი იყო სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითი იყო დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული დავის საგანი სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოეყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ისე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარეა ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის ამოსავალს არ წარმოადგენს, რადგან შესაძლებელია ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდოს სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ა. ი.-ე და მისი ოჯახის წევრები, ხოლო მოპასუხის ვალდებულებაა გადაიხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია გაირკვეს, ხსენებული ხელშეკრულება დადებულია თუ არა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განსახორციელებლად, თუ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ მიზნით აღნიშნული უწყება ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება, რომლითაც მისი ძირითადი ამოცანები არ შეცვლილა.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულების საფუძველზე დაცვა ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო პირდაპირ ფუნქციას. ამ შემთხვევაში კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებდა საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოითხოვა სადავო თანხის ანაზღაურება, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.
ზემომოყვანილი დასკვნების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა მთლიანად გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. სასამართლომ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისთვის გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტდა საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სამართლებრივი საფუძვლებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის ამოსავალი ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლოა, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ა. ი.-ე და მისი ოჯახის წევრები, ხოლო მოპასუხე ა. ი.-ის ვალდებულებას წარმოადგენს, გადაიხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება _ თვეში 2100 ლარის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია იმის გარკვევა, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით, თუ _ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის პოლიციის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. იმავე მუხლის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიცია ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ¹90 ბრძანებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დაცვის პოლიციის წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ამ დეპარტამენტის დებულების დამტკიცება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ¹266 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.
ამდენად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულებების საფუძველზე, დაცვა ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებული დავებიც განიხილებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სადავო ურთიერთობაში არ ახორციელებდა კანონით მინიჭებულ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელის გამო ა. ი.-ის მიმართ, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე ა. ი.-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.