Facebook Twitter

ბს-315-298(გ-07) 20 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ვ. ფ.-ი

მოპასუხე _ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 დეკემბერს ვ. ფ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...-ის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის კათედრაზე მასწავლებლად, საიდანაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹3-162 ბრძანებით გაათავისუფლეს. ხსენებულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა მუშაკთა რაოდენობის და შტატების შემცირებაზე. მოსარჩელის მტკიცებით, იგი პერსონალურად არ გაუფრთხილებიათ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი. მოსარჩელემ მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

2005 წლის 12 დეკემბერს ვ. ფ.-მ დამატებითი (დაზუსტებული) სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და დამატებით მოითხოვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹3-162 ბრძანების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ფ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის განჩინებით ვ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, ვინაიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და, ამდენად, მოცემული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა წარმოშობილი იყო სამოქალაქო ურთიერთობებიდან და განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად, განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ჰ18” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართაწარმოების წესით. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹3-162 ბრძანება არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი არ შეიცავს აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ, იგი არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ კერძო სამართლის საკანონმდებლო-ნორმატიული აქტის _ საქართველოს შრომით კანონთა კოდექსის საფუძველზეა გამოცემული _ აღნიშნულ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველზე _ საქართველოს შრომით კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტსა და 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მაშასადამე, დასახელებული ბრძანება წარმოადგენს შრომის უფლების შეწყვეტის შესახებ სამართლებრივ აქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მასში მომუშავე მასწავლებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობებზე დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი ვრცელდებოდა და, შესაბამისად, მოცემული დავა კერძო სამართლის სფეროში შემავალი შრომის სამართლის კონკრეტული ნორმებიდან გამომდინარეობს. ამასთან, მართალია, მოპასუხე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის, არამედ ამისათვის ძირითადი, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებზეა დაფუძნებული მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა წარმოშობილია სამოქალაქო ურთიერთობებიდან და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას (რაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს) ვერ იქნება გამოყენებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, რადგან, ჯერ ერთი, აღნიშნულ კანონში მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კი მასში მოხსენიებული არ არის და მეორეც, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებაში ამომწურავად ჩამოთვლილ საჯარო მოსამსახურეთა შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების მასწავლებლები მოხსენიებულნი არ არიან, რის გამოც, უდავოა, რომ ისინი საჯარო მოსამსახურეებად არ ითვლებიან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ მიუთითა იმჟამად მოქმედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსზე, რომელიც არ მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ (საჯარო) კანონმდებლობას და მისი მტკიცებით, მის მიმართ დაირღვა ხსენებული კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც წინამდებარე საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ, შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავას მოქალაქესა და იურიდიულ პირს შორის, ამიტომ იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.