Facebook Twitter

¹ბს-32-32(გ-08) 26 თებერვალი, 2008 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ. ს-მა სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება საკადასტრო რუკის ჩანაწერის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და უზუსტობის გასწორება (იხ.ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მეორე მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირებად სამართლებრივ ურთიერთობას, რის გამოც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლის თანახმად, საქმე განსჯადობით გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ.ს.ფ. 21).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას აღნიშნული საქმის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე და წამოიწყო რა დავა განსჯადობის შესახებ, ლ. ს-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ თანდართულ მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლომ დაააბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ გამოიყენა საჯარო რეესტრის ეროვნული დებულების მე-2, მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნტები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2”გ”, 243 მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დავა ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რამდენადაც უძრავ ნივთებზე უფლების რეგისტრაციის განხორციელება განეკუთვნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო უფლებამოსილებას და აღნიშნულ უფლებამოსილებას ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს საჯარო კანონმდებლობის “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის საფუძველზე /იხ.ს.ფ. 31-33/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ლ. ს-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ Yთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნები.

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ, უძრავი ნივთის სარეგისტრაციო ჩანაწერში არსებული უზუსტობის შესწორება, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი აკონკრეტებს საქმეებს, რომლებიც სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს, მათ შორის “გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელსაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აწესრიგებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ ეროვნული სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, ხოლო მისი საქმიანობა, ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ ეფუძნება _ არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული ურთიერთობიდან (ასე მაგალითად, საკუთრების დადგენა), რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება თანამდევი იურიდიული შედეგი იქნებოდა სარჩელის ძირითადი სამოქალაქო მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის, არამედ მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა _ ადმინისტრაციული ორგანოსათვის უძრავი ნივთის სარეგისტრაციო ჩანაწერში არსებული უზუსტობის შესწორების დავალება ამ უკანასკნელის საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, ლ. ს-ის სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. “გ” პუნქტის თანახმად, წარმოადგენს მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების თაობაზე, სარჩელი კი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების განხორციელების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეალური მოქმედებისაგან პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების მოთხოვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სწორი კვალიფიკაცია პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისთვის, ხოლო ადმინისტრაციული სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვა არ შემოიფარგლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, არამედ ის, ასევე მოიცავს ადმინისტრაციულ რეალაქტსაც.

აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ სამართლებრივ ურთიერთობას, ასე მაგალითად, სსს კოდექსის 11.1. “ა” მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, ასევე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, კერძოდ, დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესი რეგულირდება საჯარო სამართლის ნორმატიული აქტით _ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონით, ასევე სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომლებიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას _ განსჯადობის შესახებ დავის წამოწყებას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ ადმინისტრაციული დავების განხილვაა დაშვებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 “გ” მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ის სარჩელი მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.