Facebook Twitter

ბს-339-327(გ-08) 13 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე /საქმეზე ვ. ხ-ის სარჩელის გამო, მოპასუხის _ სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” მიმართ, მესამე პირის _ დ. ძ-ის მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ/

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ვ. ხ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების _ ........ მიმართულებით ნაწილში ბათილად ცნობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, შემდეგი საფუძვლით:

ვ. ხ-მა დ. ძ-თან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ......... ფაკულტეტის ........ მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ ღია კონკურსში. 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანებით კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა დ. ძ-ე, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, სადავო ბრძანების გამოცემის დროს დაირღვა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 3.2. “თ” მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფდა უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, ხოლო ამავე კანონის 34.1. მუხლის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლებოდა მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა დაფუძნებოდა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანება დაფუძნებული იყო საარჩევნო კომისიის 10 მაისის @¹65 ოქმზე, რომლის შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-ის 10.03.2006 ¹65/03 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების შესახებ” დებულების 3.1, 3.3, 3.6, 4.1, 4.4, 4.5, 4.6, 4.8, 4.10, 4.11, 5.1, 5.2, 5.4. მუხლების მოთხოვნები /იხ.ს.ფ. ტI.1-6/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-ის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება, ........ მიმართულებით 0,5 საშტატო ერთეულზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დ. ძ-ის დანიშვნის, აგრეთვე ვ. ხ-თვის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა /იხ.ს.ფ. ტI. 555-564/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. ტI. 574-579/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით და მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, რეგლამენტირებული იყო სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემული იყო იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც ითვლებოდა საჯარო სამსახურად. აღნიშნულ ჩამონათვალში არ იყო ნახსენები საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამდენად, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი არ წარმოადგენდა საჯარო სამსახურს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ....... მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა არ წარმოადგენდა საჯარო თანამდებობას, ამასთან, დ. ძ-ე და ვ. ხ-ი არ წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს, მათზე არ ვრცელდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ხოლო სადავო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდებოდა სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე /იხ.ს.ფ. ტII. 22-24/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილი სასამართლოს დასადგენად, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისათვის და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-ის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცება, ხოლო კონკურსის ჩატარების საფუძველი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-ის 2006 წლის 10 მარტის ¹65/03 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების დებულება, რომლითაც განისაზღვრა კონკურსის ჩატარების წესი. ამასთან, კონკურსი ჩატარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, რამდენადაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი, რომელიც საჯარო-სამართლებრივ კანონმდებლობას განეკუთვნება.

სასამართლოს დასკვნით, განსახილველი სამართალურთიერთობის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც გააჩნია მმართველობითი ღონისძიების განხორციელების სახეები და მათ შორისაა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაც. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარე ასაჩივრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერების შეფასების დროსაც სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მაკვალიფიცირებელი ნორმების გამოყენება იქნება კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან საქმის განხილვისას უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემით ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ფუნქციის განხორციელების ლეგიტიმურობა, რაც სცილდება სსსკ-ის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროს /იხ.ს.ფ. ტII. 38-43/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნა დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე და გაზიარებულ უნდა იქნეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ........ ფაკულტეტზე, ....... მიმართულებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. ხოლო ამავე კანონის 9.1. მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნას სადავო ბრძანების ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის შესახებ და ვერ დაეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ....... ფაკულტეტზე, ........ მიმართულებით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის შედეგების საფუძველზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 17 მაისის ¹179/03 ბრძანება არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. “დ” მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას, საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.

“საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქმიანობა ვერ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, როგორც ამ ნუსხაში არმყოფი დაწესებულება.

აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული დავა, რამდენადაც დავის საგანია არა მოსარჩელეთა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების ან დანიშვნის კანონიერება, რომლის შეფასებისას არ გამოიყენება “საჯარო სამსახურის შესახებ”'კანონის დებულებები, რამდენადაც ეს უკანასკნელნი არ წარმოადგენენ მითითებული კანონის სუბიექტებს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, მოცემულ შემთხვევაში _ შრომის კოდექსით, არამედ დავის საგანია ....... ფაკულტეტზე, ....... მიმართულებით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის შედეგების საფუძველზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების კანონიერება, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო, ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებას (ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-713-300(კ-05), ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე თელავის რაიონის გამგეობის მიმართ, განკარგულების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ) განმარტავს შემდეგს, რომ:

“ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ:

1. სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ ადმინისტრაციული აქტის ავტორი;

2. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან;

3. ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისაკენ.

4. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ღონისძიება /იგულისხმება შემდეგი ელემენტი: “აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს” / მიმართულია სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც, მისივე აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყდეს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ამგვარი მსჯელობის საფუძველზე საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დავა მიაკუთვნა სამოქალაქო კატეგორიის საქმეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს კომპეტენცია შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების დანიშვნის შესახებ მინიჭებული აქვს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის, “სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონთან ერთად ეფუძნება საჯარო სამართლის შემადგენელ ნაწილს ნორმატიულ აქტს _ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება “აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ” შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, შესაბამისად, მისი კანონიერების თაობაზე აღძრული სარჩელი სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ექვემდებარება განხილვას.

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმის სწორი კვალიფიკაციის საპროცესო სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ იგი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სარჩელი დამოკიდებულია და განპირობებულია ადმინისტრაციული აქტის არსებობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.