ბს-340-328(გ-08) 29 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ გ. ნ-ე, ი. შ-ა, დ. ქ-ა, რ. ღ-ი, გ. ქ-ა, რ. ა-ა, ნ. ს-ა და სხვები (სულ 81 ფიზიკური პირი)
მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 მარტს გ. ნ-ემ, ი. შ-ამ, დ. ქ-ამ, რ. ღ-მა, გ. ქ-ამ, რ. ა-ამ, ნ. ს-ამ და სხვებმა (სულ 81 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2007 წლის 9 ივლისს სს “ს-ის” გენერალურმა დირექტორმა ¹01-372 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოეხდინა მთლიანი საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციების საწარმოს მუშაკებისათვის უსასყიდლოდ გადაცემა. აღნიშნულ წერილს ერთოდა სს “ს-ის” თანამშრომელთა 2007 წლის 2 ივლისის ¹3 კრების ოქმი და მუშაკებზე აქციათა განაწილების სია. აღნიშნულ წერილზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წლის 31 ივლისის ¹16/1775/6-7 წერილით გასცა პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონში 2007 წლის 11 მაისს განხორციელებული ცვლილებით ამოღებულ იქნა აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა სს “ს-ის” შრომითი კოლექტივის მოთხოვნა.
მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პასუხი უკანონოდ მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონში 2007 წლის 11 მაისს განხორციელებული ცვლილება გავლენას ვერ იქონიებდა, მათ სასარჩელო მოთხოვნაზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე იყო ვალდებული, მოსარჩელეთათვის უსასყიდლოდ გადაეცა მოთხოვნილი აქციები. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მიღებულ კანონს კი არ ჰქონდა უკუქცევითი ძალა და ის ვერ გავრცელდებოდა 2007 წლის 11 მაისამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამდენად, მოსარჩელეთა მტკიცებით, საქმის განხილვისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ მოპასუხემ დაარღვია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, როგორც სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილმა ორგანომ 2007 წლის 31 ივლისის ¹16/1775/6-7 წერილით უარი განაცხადა მის კომპეტენციას მიკუთვნებული ქმედების განხორციელებაზე, რაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, ლახავდა მათ უფლებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ სს “ს-ის” მთლიანი საწესდებო კაპიტალის აქციების 10%-ის უსასყიდლოდ გადაცემის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ნ-ის, ი. შ-ას, დ. ქ-ას და სხვათა სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ აქციათა გადაცემა უკავშირდებოდა, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებას, მესაკუთრის საწარმოს დამფუძნებლის ნების გამოვლენას, რომელსაც “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო ქონების მართვის უფლება. ამდენად, სახელმწიფო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობდა როგორც აქციონერი, აქციათა 100%-იანი წილის მესაკუთრე. მაშასადამე სახელმწიფო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობდა, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოსარჩელეთათვის აქციათა გადაცემის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება არ იყო დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან. აღნიშნული იყო დამფუძნებლის მიერ ნების გამოვლენა, რაც “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით გ. ნ-ის, ი. შ-ას, დ. ქ-ასა და სხვათა სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” (ამჟამად ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”) საქართველოს კანონი განსაზღვრავდა საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ მის საკუთრებაში არსებული აქციების მოსარჩელეთათვის საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, მოსარჩელეები სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდნენ ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” (,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”) საქართველოს კანონზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, მითითებულ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლითაც ამოღებულ იქნა აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, გავლენას ვერ იქონიებდა მათი საქმის გადაწყვეტაზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმით დადგენილი იყო საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნების მომენტისათვის მისი მუშაკებისათვის უსასყიდლოდ საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციების გადაცემა. აღნიშნული წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ მის საკუთრებაში არსებული აქციების პრივატიზების გზით გასხვისებას. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფოსთან პრივატიზაციიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადება, რაც უზრუნველყოფდა მოსარჩელეთათვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ აქცია, როგორც ფასიანი ქაღალდი, წარმოადგენდა მისი მესაკუთრის აქტივს. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების მათთვის გადაცემა, სადავო აქციები მიეკუთვნებოდა ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობით უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით სახელმწიფო ქონებად განმარტებულ მატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. სახელმწიფო თავისი ქონების მართვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეშვეობით ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. ამდენად, მოსარჩელეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაგან ითხოვდნენ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გარიგების (ხელშეკრულების) დადებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტით განმარტებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ყველა ელემენტი, ამდენად, მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისაგან მოთხოვნილი იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, ამდენად, მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ მსჯელობა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ სს “ს-ის” მთლიანი საწესდებო კაპიტალის აქციების 10%-ის უსასყიდლოდ გადაცემის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად კი მოსარჩელეები მიუთითებენ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” (ამჟამად ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”) საქართველოს კანონზე, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იყო საწარმოს სააქციო საზოგადოებად დაფუძნების მომენტისათვის მისი მუშაკებისათვის საწესდებო კაპიტალის 10%-მდე აქციების უსასყიდლოდ გადაცემა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” (,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”) საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით აღნიშნული დანაწესი წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან მის საკუთრებაში არსებული აქციების პრივატიზების გზით გასხვისებას. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს სახელმწიფოსთან პრივატიზაციიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადება, რაც უზრუნველყოფდა მოსარჩელეთათვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები მოითხოვენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების მათთვის გადაცემას, სადავო აქციები მიეკუთვნება ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობით უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით სახელმწიფო ქონებად განმარტებულ მატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. სახელმწიფო თავისი ქონების მართვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეშვეობით ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად. ამდენად, მოსარჩელეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაგან ითხოვენ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გარიგების (ხელშეკრულების) დადებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისაგან მოთხოვნილია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება დაფუძნებულია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაზე, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტზე, კერძოდ, მოსარჩელეები სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებენ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” (ამჟამად ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”) საქართველოს კანონზე, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება. ამასთან, მოსარჩელეები აქციათა გადაცემას მოითხოვენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაგან, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე გ. ნ-ის, ი. შ-ას, დ. ქ-ას, რ. ღ-ის, გ. ქ-ას, რ. ა-ას, ნ. ს-ასა და სხვათა (სულ 81 ფიზიკური პირი) სარჩელის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ მოსარჩელეთათვის სს “ს-ის” მთლიანი საწესდებო კაპიტალის აქციების 10%-ის უსასყიდლოდ გადაცემის დაკისრების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე გ. ნ-ის, ი. შ-ას, დ. ქ-ას, რ. ღ-ის, გ. ქ-ას, რ. ა-ას, ნ. ს-ასა და სხვათა (სულ 81 ფიზიკური პირი) სარჩელის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ მოპასუხისათვის სს “ს-ის” მთლიანი საწესდებო კაპიტალის აქციების 10%-ის უსასყიდლოდ გადაცემის დაკისრების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.